რატომ მოხვდნენ სმიტი, მარქსი და ლინკოლნი რესპუბლიკური საავადმყოფოს ურგენტულ განყოფილებაში გიგისთან ერთად

ამას წინათ სმიტი დამესიზმრა, ხელი ჰქონდა მოტეხილი და საშინელი ხმით ბღაოდა. თეთრ ხალათში გამოწყობილი მარქსი მისთვის ჭრილობის შეხვევას ცდილობდა და თან ებურდღუნებოდა – აკი, უხილავი იყო ეს ხელიო, არადა, მოტეხილობა საკმაოდ ნათელი და ხილვადიაო.

იქვე კუთხეში აბრაამ ლინკოლნი იჯდა გახსნილი ჭრილობით, მკვლელმა რომ ესროლა საუკუნენახევრის წინ და მოსთქვამდა. ლინკოლნს დაბადების დღე აქვს 12 თებერვალს, მინდოდა მიმელოცა და თან ავტოგრაფი მეთხოვა ამ ყველა დროის უდიდესი პოლიტიკოსისთვის, რადგან, ჩემი აზრით, მან შექმნა არა მარტო თანამედროვე ამერიკა, არამედ, გარკვეულწილად – მსოფლიოც, რადგან სამოქალაქო ომის შემდგომ აშშ მალე გარდაიქმნა აგრარული ქვეყნიდან ინდუსტრიულ ქვეყნად და თავისუფლების ახალმა ჰორიზონტმა გააჩინა ამერიკული მარად მოძრაობის, მიზიდულობის გრავიტაცია – სწრაფვა თავისუფალი ბაზრის და ბიზნესისკენ. ამიტომაც დაწერეს ამ ადამიანზე 16000-ზე მეტი წიგნი. არა, ნუ შეგეშინდებათ, მე არ ვაპირებ თექვსმეტი ათას მეერთეს დაწერას. ვიცი, მისი ფენომენის თემა ამოუწურავია და მას მე ვერ შევაფასებ. უბრალოდ, თაყვანისცემა მინდოდა და ავტოგრაფი ძველ ხუთდოლარიან კუპიურზე, სადაც მისი პორტრეტი იყო გამოსახული (მოკლედ, ეს ხუთი ყველგანაა), თანაც, მთელი იანვარი ურგენტულში დავდიოდი: გიგი დაჭრეს (ჩემი ნათესავი ბავშვი. არა, მაგას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ თეორიებთან და პოლიტიკასთან. ვიტყოდი, რომ უფრო ოტელოსთან და შექსპირთან). დიდი გამოცდილება მივიღე წამლის და დამხმარე მასალების მიტანის, გადახვევის და ასე შემდეგ. მოკლედ, ავადმყოფის მოვლის. ფანტასტიურია, მიხვალ ურგენტულში, გადაიხდი დღეში 500 ლარს და მორჩა. მერე საკუთარი ფულით რაც გინდა ის მიიტანე: საბანი, წამალი, მოვლის საშუალებები. შეტანა თავისუფალია, ისინი არ ერევიან, იმიტომ, რომ თვითონ არ აქვთ, მაგრამ მაინც მაგარია – კარგი “კოიკა” აქვთ 500 ლარად. ეს ისე, ჯანდაცვაზე და საბაზრო ეკონომიკის ეტიუდზე…

სიზმარს დავუბრუნდეთ.ეს 5-დოლარიანი ხელში გამიშეშდა, რადგან ლინკოლნი ისე საშინლად იყო შეწუხებული და მოსთქვამდა, ვიფიქრე, ჭრილობა აწუხებს ისევ-თქო, მაგრამ რომ მივუახლოვდი და ყური კარგად დავუგდე, გავიგე, რომ ასე საშინლად დღევანდელ მსოფლიო კაპიტალიზმის ბედზე მოსთქვამდა და წუხდა, წუხდა თავისუფალი ბაზრის არტახებზე და იმ გაურკვევლობაზე, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარზე სუფევს. ასე ამბობდა, თუ ამ წვერებიანი მარქსის სიტყვები გამართლდლა კაპიტალიზმის შესახებ, მეორედ საკუთარი ხელით დავიხლი ტყვიას და სმიტს მეორე ხილულ ხელსაც მოვატეხო.

საშინელი სანახავი იყო იმედგაცრუებული ბუმბერაზი და თავზარდაცემული გავეცალე ამ საზარელ ლაზარეთს. აპოკალიფსის შიშმა გამაღვიძა. გავხედე მოთოვლილ თეთრ საბანგადაფარებულ, ფაფუკ თბილისის ქუჩებს. ისეთი მშვიდი და სპეტაკი იყო, ფეხის დადგმა მოგერიდებოდა. ირგვლივ ღრმა ზამთარი და გამყინვარება იყო. შვებით ამოვისუნთქე, რომ ეს საშინელი კოშმარი მხოლოდ სიზმარი იყო და ჩვენთან ასეთი სიმშვიდე სუფევდა – არც ეს კაპრიზული საბაზრო-საფინასო მსოფლიო გვაწუხებდა და არც უხილავი ხელი ჩანდა არსად. ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, არც მარქსისეული სოციალიზმი გვინახავს ოდისმე. რა კარგია, რომ არაფერი გვეხება – გავიფიქრე გულში სიზმრისგან თავზარდაცემულმა და უცებ, რას ვხედავ? ხელში ხუთიანი მიჭირავს, ხუთი, დოლარი, აბრაამ ლინკოლნი… მოულოდნელად ფარშევანგის, სისხლის გამყინავი ხმით დაყვირა ბლაცკბერრყ-მა, მითხრა, ამ დიალუთენია წერილი მოგივიდიაო. გავხსენი, მინდოდა კარგ რამეზე მეფიქრა – სულ ერთია იქით რა ხდება, მთავარია, ჩვენ, საქართველოში ხომ არასოდეს “არაფერი გვეხება”.

წერილი Financial Times-დან იყო. მარტინ ვოლფი წერდა – he shocks inflicted on the world by the upheavals of the past few years make a thoroughgoing overhaul urgent. გული მომიკვდა – ისევ იმ საშინელ კითხვას სვამდა კაპიტალიზმის მომავლის შესახებ და ხმამაღლა პასუხობდა საფინასო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდნარე კითხვებს იმის შესახებ, რომ კრიზისი არ განმეორედებოდა თუ არა, სუსტი რეგულირება; ის დისბალანსი არ იქნებოდა მოსახლეობის ფენებს შორის თუ არა, მომხმარებლის ინტერესების მეტი დაცვა რომ იყოს; 21-ე საუკუნეში სააქციო საზოგადოებებში მენეჯერების დიქტატი რომ არ იყოს და აქციის მფლობელთა უფლებები ქაღალდზე, ფორმალურად რომ არ იყოს მხოლოდ დაწერილი; გადასახადებს და მათ განაწილებას სხვადასხვა ფენებს შორის სრულყოფა სჭირდება (თუმცა, პირადად ეჭვი მეპარება, ამან გადაწყვიტოს ეჯუთრთის ყუთის პრობლემა. იხ. ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა” 3/2009) და რომ ფინანსები უნდა გაიმიჯნოს ეკონომიკისგან, რადგან, მისი აზრით, ყველა უბედურება იქიდან მოდის და ის მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ბოლოს Happy End დასკვნას აკეთებს, რომ ხარვეზების მიუხედავად, კაპიტალიზმს არ აქვს ალტერნატივა და ის ყველაზე კარგია, რაც კაცობრიობას შეუქმნია!

ვააა!… გავოგნდი, სახტად დავრჩი. ახლა მივხდი, რატომ მოიტეხა თუ მოტეხეს ხელი სმიტს და რატომ იყო მარქსი ექიმი აიბოლიტის როლში ან რაზე წუხდა ასე ლინკოლნი – იმდენი ვარეგულირეთ და არტახები ვუჭირეთ ამ მსოფლიო ბაზარს, რომ სახელმწიფო რეგულირება პირველ პლანზე გადავიდა, პოლიტიკა და ეკონომიკა სრულად და ნაყოფიერად შეერწნენ ერთმანეთს და გაშიშვლდა მათი ინტიმური ურთიერთობები. უკვე ღიად ვერევით არა მარტო მაკროეკონომიკის, არამედ მიკროეკონომიკის საკითხებში პოლიტიკური ქულების დასაწერად, ვითომ სოციალური თანასწორობისათვის ვიღებთ ბიუჯეტიდან უზარმაზარ საგარეო თუ საშიანო ვალებს და ჩიხში შეგვყავს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები – თან, სულ უფრო და უფრო მეტი გვინდა დავბეგროთ, რომ მთავრობების კონტროლქვეშ მეტი რესურსი აღმოჩნდეს და მეტი ვალი გვინდა ავიღოთ. ვერ გავარკვიეთ, ჩინეთი როგორ უნდა გახდეს 2016 წელს საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ან რუსეთი? ან საერთოდ, როგორ მოხდა, ჩინური სოციალიზმის გარეშე, დასავლური კაპიტალიზმი რომ ვერ არსებობს?!

გაქრა თავისუფალი ბაზარი თუ ვაქრობთ ამდენი “ბაილ აუთებით”, ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის განსახელმწიფოებას ხომ არ ნიშანვს? საწყალი სმიტი, გამახსენდა ჩემი სიზმარი, ამიტომაც მოატეხეს ეს უხილავი ხელი მთავრობის სრულიად ხილული ხელით. ამიტომ ებურდღუნებოდა მარქსი, ახია შენზე და შფოთავდა ლინკოლნი, რადგან მან თავისუფალი იდებიით შეპყრობილი თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული ქვეყანა დატოვა სიცოცხლის ფასად და ის ასეთივე მსოფლიოს ბაზისად მოიაზრა.

სად მიდის მსოფლიო, რატომ არ ვიკვლევთ კანონზომიერებებს და ძველი თეორიებით რატომ გვინდა ავხსნათ ახალი მოვლენები, რომლებიც რაოდენობრივი ცვილილების, ტექნოლოგიური და გონებრივი რევოლუციის შედგია? რატომ გვგონია რეგულირება, გაპოლიტიზირება და მთელი ქვეყნების ერთიან ფინანსთა სამინისტროებად გადაქცევა საშველი.

ფანჯარაში გავიხედე, სუდარასავით თოვლგადაფარებულ თბილისში ისევ სიჩუმე იყო, კვირა დილის სიმშვიდეს მანქანების საყვირის ხმაც არ არღვევდა, ტელევიზორში ეკონომიკურ ფორუმს გადმოსცემდნენ დავოსში, სადაც ასევე იდო თოვილი, მაგრამ დუღდა იქაურობა. ხმას ავუწიე, დავიძაბე და ვიფიქრე, იმათ იციან, ის, რაც მე არ ვიცი და იქნებ, მომცემენ ჩემს კითხვებზე პასუხს-თქო. ვუსმინე, და – არა, არაფერი ახალი, თოვლიც კი.

გვაპატიე, სმიტ, შენი ხელის მოტეხვა ჩვენც ძალიან გვტკივა!

 

 

 

 

Comments

comments