February 14, 2012
”კომპანიებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენა გაუჭირდებათ”
იქონიებს თუ არა ინვესტიციების შემოდინებაზე გავლენას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილება? შეგახსენებთ: მათი ბრძანებით, ბუღალტრებმა და აუდიტორებმა უნდა გაარკვიონ, კლიენტი არის თუ არა პოლიტიკურად აქტიური პირი. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ინფორმაცია მაკონტროლებელს უნდა მიაწოდონ, დაადგინონ კლიენტის ქონების წარმომავლობა და განახორციელონ მონიტორინგი.
ერთერთი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია „ბიდიოს“ ხელმძღვანელი რადიო “კომერსანტთან” განმარტავს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში აუდიტორები პოლიტიკურად აქტიური პირების და უკანონო გარიგებების გამოვლენაში ჩართულები არიან. თუმცა, ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, ეს დამატებითი ვალდებულებაა, რაც კომპანიებისათვის დამატებით ხარჯს იწვევს. მისივე თქმით, ნამდვილი ინვესტორისთვის ეს ცვლილება ხელისშემშლელი არ უნდა იყოს, თუმცა, ოფშორული კომპანიებისგან, ცნობების მიღება შესაძლოა პრობლემური იყოს.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ასეთი ცვლილებები საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე უარყოფითად მოქმედებს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ აუდიტორებისთვის პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება ბიზნესის საქმიანობაში უხეში ჩარევაა. მისი თქმით, რაც არ უნდა მოწინავე პოზიციები გვქონდეს სხვადასხვა რეიტინგში, ასეთი ცვლილება ნებისმიერი ინვესტორისთვის საქმიანობის გართულება და არახელსაყრელი ბიზნეს–გარემოს შექმნაა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ ქვეყანაში სხვა ბევრი პრობლემატური საკითხია და ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა ამ შეზღუდვის შემოტანას არ ითხოვდა. მისი თქმით, კომპანიებს გაუჭირდებათ გამოარკვიონ პოლიტიკურად აქტიური პირები, ეს მათთვის დამატებითი შრომა და პასუხისმგებლობაა.
წყარო: კომერსანტი