ემზარ ჯგერენაია: მაისში ეკონომიკის ზრდას და ბიზნესის გააქტიურებას ველოდებით (Video)

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლარის მყარი კურსი გამოწვეულია ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებით. მისივე თქმით, ლარზე გავლენა მოახდინა გარეფაქტორებმაც, კერძოდ, სავაჭრო პარტნიორებთან გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.

„ბოლო პერიოდში ლარი ნაკლებად ვალატიურია და ბუნებრივია, ეს გამოწვეულია ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებით. ეს არის ექსპორტისა და ტრანსფერების ნაწილში ზრდა, ტურიზმის ნაწილში საკმაოდ სერიოზული ნაკადების შემოდინება და ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი არის საბიუჯეტო სიტუაციის გამოსწორება – არნახულად მაღალი ტემპით არის მობილიზებული შემოსავლები ბიუჯეტში და ბუნებრივია, ამან თავისი გავლენა იქონია. ამ ყველაფერს დაემატა სეზონური ფაქტორები. პირველი კვარტლის ბოლოს, 1 აპრილამდე, არის 2016 წლის მოგების გადასახადის მობილიზაციის ვადა, ამან დამატებით უზარმაზარი მოთხოვნა გააჩინა ლარზე და დოლარზე მოთხოვნის ნაკლებობა არის მთავარი მიზეზი.

გარეფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ევროპამ გაუმკაცრა სანქციები, რუსეთის ეკონომიკა მაინც უმჯობესდება, რუბლის კურსი გამყარდა და მათი სავაჭრო დეფიციტი შემცირდა. სავაჭრო პარტნიორებთან არსებულმა გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ ჩვენ მოგვცა საშუალება, რომ უკეთესი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ვაჩვენოთ, იგივე მოხდა აზერბაიჯანში, მეტ-ნაკლებად არეული სიტუაციაა თურქეთში, მაგრამ ვალატიურობა ლირამ შეწყვიტა”, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

როგორც ჯგერენაიამ განაცხადა, ლარის არავალატიური კურსი ბიზნესის გააქტიურებასაც განაპირობებს, რაც შესაბამისად, ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევს.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არავალატიური კურსი აისახება ბიზნეს-განწყობილებაზე. როცა ლარი ვალატიური იყო და ქანქარასავით მოძრაობდა, ეს აფრთხობდა ბიზნესმენებს. დღეს მყარი ლარი ბიზნესს იმის საშუალებას აძლევს, რომ გადადგან ნაბიჯები. ჩვენ აპრილის ბოლოს, მაისში ეკონომიკის მეტ ზრდას ველოდებით და შესაბამისად, ბიზნესის უფრო გააქტიურებას”, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

21 აპრილი. 2017
წყარო: www.reportiori.ge

Comments

comments