January 13, 2014
”ბექგრაუნდისა” და ურთიერთშეფასების პრობლემა საქართველოს ეკოპოლიტიკაში
The best financial advice I ever got was ”Price yourself high and see what happens.”
Scott Adams, creator of ”Dilbert” and author of ”How to Fail at Almost Everything and Still Win Big”
სუსხიანი ზამთარია. ყინვა სისინებს, თრთის და უნდა – ძვალ-რბილში დარდივით შეაღწიოს. ისეთი სუსხია, თვით ყინვასაც შესცივდა, მგონი, და ჩვენ უბადრუკ სხეულში ეძებს სითბოს. ის კი არ იცის, ჩვენ მასზე უფრო ცივები და სასტიკები რომ ვართ. ის ცივია, მაგრამ მდუმარე და სუფთა, ჩვენ – ცივები, სასტიკები და თან ათასგვარ ფარისევლობასა და სიბინძურეს ვლაპარაკობთ.
ყინვა კლავს ადამიანს და მერე ლამაზად, ”უპსის” ლოყებივით უშფოთველს და ხელუხლებელს ინახავს, ადამიანები კი ჩვენი უგუნური სიტყვებით ერთმანეთს ვკლავთ და მერე ვხრწნით. ხანდახან ვფიქრობ, ღმერთი მართლა თუ უყურებს ყველა ჩვენგანის საქციელს, ცოდვას, უსმენს ყველა ჩვენგანის სიტყვას – გული გაუსკდებოდა. ალბათ, გაბრაზებული ყვირის – არა, ეს როგორ უნდა მოინანიო ან განკითხვის დღეს ეს როგორ უნდა მოისმინოო.
საიდან გავჩნდით ასეთი ამპარტავნები და რატომ ვხედავთ სხვის თვალში ბეწვს, როცა საკუთარში დირეს ვერ ვამჩნევთ?
კაენმა იცით რატომ მოკლა აბელი? გაგიმხილოთ უდიდესი საიდუმლო? თურმე, კაენმა უთხრა აბელს – ”ბექგრაუნდი” არ გივარგაო! შენი წინაპარი კიდობნით სომხეთში გაიქცა მაშინ, როცა ქვეყანა იქცეოდაო და ამის გამო სიცოცხლეს გამოასალმა (ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებს გელა ხანიშვილი, ჩემი ძველი მეგობარი და ახლა მყარი ნარჩენების რისხვა). სიკვდილის წინ აბელი თურმე გულში ფიქრობდა, ჩემზე წმინდამ მესროლოს ქვა და ჩამცეს ხანჯალიო, მაგრამ ადამიანთა მოდგმას ვერ გააგონა. შემთხვევით დაწინაურებულ, აღზევებულ ადამიანს ან `კრუტოი~ პოლიტიკოსს ყოველთვის ავიწყდება წარსული და სხვის წარსულს მუქად ხედავს, საკუთარი კი ბაკურიანის დათოვლილი ფერდებივით ნათელი და სპეტაკი წარმოუდგენია. მათ არ ახსოვთ საკუთარი ბექგრაუნდი, საიდან და როგორ მოვიდნენ და სხვის ”ბექგრაუნდზე” დარდობენ.
მათთვის ეს პოლიტიკური ქცევის წესია – იყო რაც შეიძლება უტიფარი და მედიდური. ტალახში და სისხლში ამოსვრილი, მოძმეს ეუბნება – გახსოვს, სახეზე ნაკაწრი გქონდაო. ამ ხალხის მსჯელობა ცაში ანგელოსებს რომ ესმით, შეშფოთებულნი არიან, თურმე ფიქრობენ, ეს რა ანგელოსები ცხოვრობენ დედამიწაზე, ჩვენზე მეტად ანგელოსებიო და ზეცაში თავდახრილნი დაიარებიან.
ანგელოსობამდე კი ის აკლიათ, რაც გალაქტიონმა უთხრა ერთ ვაი პოეტს: გალაქტიონს თურმე ერთი ვითომ პოეტი გადაეკიდა და ეუბნება, მე ილიას მამგვანებენო და შენ რას ფიქრობო. გავხარ ალბათო, უთქვამს გალაქტიონს. რით ვგავარო, უკითხავს აბეზარს. ალბათ, სიმრგვალით, წვრილი ულვაშებით, – მიუგია დიდ პოეტს. რა მაკლია ილიამდეო, არ მოეშვა თურმე აბეზარი. ამაზე აღშფოთებულ გალაქტიონს უთქვამს, რადა, ტყვია გაკლია შუბლშიო.
ხშირად მეკითხებიან, რა პრობლემა იყო 2013 წელს საქართველოს ეკონომიკაშიო? ალბათ, ”ბექგრაუნდი” არ ჰქონდა კარგი! ასე ვფიქრობ მე და, საერთოდ, ჯობს ყველამ თავის ”ბექგრაუნდს” მიხედოს და ჩვენ ჩვენი ეკონომიკის ”ბექგრაუნდს”.
კაენი აბელს რომ ეტყვის, ”ბექგრაუნდი” არ გივარგაო ან წინა მთავრობა ახალს – ეკონომიკის ”ბექგრაუნდი” გაქვს ცუდიო, ცა რატომ არ იქცევა, ძროხებს რატომ არ დაუშრება ცური და ცას – თოვლი (დაუშრა მგონი, იმიტომ გახდა სულუგუნი 15 ლარი და თოვლი კი სანატრელი გუდაურში).
ამ ფიქრებში ვიყავი, უცებ, ჩემ გვერდით მდგომმა მხცოვანმა მონადირემ ხელი დეკემბრის სუსხივით ჩამჭიდა და მიჩურჩულა, მგონი, ტყიდან დათვი გამოდისო. შიშისგან დამცხა, გავიღვინთე. აქ ამ დროს მას ნამდვილად არ ველოდი და არც სურვილი მქონდა. ერთი ეს მოვახერხე, ვიკითხე, კი მაგრამ, დათვს ამ დროს, წესით, ხომ სძინავს-მეთქი. მონადირემ მომიგო, ისეთი რამეები ესმის, შვილო, დათვსაც კი არ ეძინება ზამთარშიო.
ჰოდა, ფრთხილად იყავით, დათვს არ სძინავს, კაენი წარმოშობას უწუნებს აბელს და ვიღაცა ილიას ედრება.
ბედნიერ ახალ წელს და შობას გისურვებ, ჩემო ძვირფასო მკითხველო. როგორც ნაპოლეონ ჰილი ბრძანებს, ჩვენ ჩვენი კეთილშობილებით ვტუქსავთ საკუთარ თავს, ასე გვასწავლეს და თახსირებს ჩვენ ”ბექგრაუნდზე” ლაპარაკს ვაბედინებთ.
წლის ყველაზე კარგი რჩევა – რაც შეიძლება მაღლა ასწიე თავი და ძვირად დააფასეთ საკუთარი მე, დაუჯერეთ ამერიკელ გენიოსს და კიდევ ერთი – ისევ ამერიკელი პრეზიდენტი გამახსედნა – ”ნევა ექსპლეინ, ნევა ექსქიუზ”.
ბედნიერი შობა-ახალი წელი!