June 6, 2017
„მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ჰუმანური და ემოციებზე აწყობილია, რაც დიდი მინუსია”
ეკონომიკის დოქტორის, პროფესორის, „ბლუმბერგის” ლაბორატორიის ხელმძღვანელის ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, სახელმწიფომ მკაცრი საბაზრო პოლიტიკა უნდა აწარმოოს და არა ემოციებზე აწყობილი. ამის შესახებ მან რადიო „კომერსანტის” გადაცემა ,,ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად” ისაუბრა.
როგორც ჯგერენაიამ აღნიშნა, სახელმწიფოს არ უნდა ეცოდებოდეს ფერმერი, რომელიც სეტყვამ დააზარალა, რადგან მას შეეძლო თავისი მეურნეობა დაეზღვია, მაგრამ ეს არ გააკეთა და დახმარებას მთავრობას სთხოვს.
„სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს მკაცრი საბაზრო ეკონომიკის შექმნა, გამონაკლისების დაშვების გარეშე. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის დიდი მინუსი ის არის, რომ ძალიან ჰუმანური, გრძნობებზე და ემოციებზე აწყობილია. როცა გეცოდება ფერმერი, რომელიც სეტყვამ დააზარალა, ცდილობ დაეხმარო და იმ წამს არ ფიქრობ ამ ნაბიჯმა როგორი ცუდი ეკონომიკურ-მენტალური გავლენა შეიძლება მოახდინოს. როდესაც მთავრობამ გლეხებს მინდვრები მოუხნა, დაეხმარა, როცა აღუთქვა პირობა, რომ დაზღვევაში დაეხმარებოდა, თვითონ ფერმერებისგან შემხვედრი ნაბიჯებუ არ გადადგმულა, რომ მათ მოსავალი შემდეგ წელს მაინც დაეზღვიათ. თანაც ამ დაზღვევის დიდ ნაწილს მთავრობა ანაზღაურებს, მაგრამ მაინც არ დააზღვიეს. მეორე წელს სეტყვა რომ მოვიდა, ისევ მთავრობას მიადგნენ. ამიტომაც არის საჭირო მკაცრ საბაზრო პირობებზე გადასვლა. ცალკე აღებული პროტექციონიზმი ვერავითარ დადებით შედეგს ვერ მოიტანს და არც არასდროს მოუტანია”, – განმარტა ჯგერენაიამ.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ალარეგალური ეკონომიკის წახალისება არ უნდა მოხდეს.
„ჩვენ დღეს იმით ვამაყობთ, რომ ქვეყანაში საგადასახადო შემოსავლების საკმაოდ მაღალი დონე ფიქსირდება, ბიუჯეტის მესამედი კი სოციალურ ხარჯებზე მიდის. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ეკონომიკის განვითარებას მხოლოდ ეს ვერ უზრუნველყოფს. ეკონომიკა უნდა იყოს ღია, მკაცრი კანონებით სავსე, როგორც ქართველისთვის, ისე უცხოელისთვის. ლიბერალური მიდგომაც უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს მკაცრიც. სახელმწიფო ბაზრობების წახალისებას უნდა მოეშვას. არცერთი ბაზრობა არ უნდა იყოს ქვეყანაში და არალეგალურ ეკონომიკას ფიზიკურად ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ის ანგრევს ეკონომიკას. ბაზრობების მონუსხული გარემოდან გამოსვლა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების წინაშე დგას”, – აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.
წყარო: www.commersant.ge