”სახელმწიფო გლეხებს მოსავლის მოყვანაში, ასევე მარკეტინგულად დაეხმარება”

ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევის პრემიერისეულ ინიციატივას გამოხმაურებები ოპონენტებისა და ექსპერტების მხრიდან მოჰყვა. “ქართული ოცნების” შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა “სოფლად სახელმწიფო საწარმოების შექმნის” შესახებ არ იმუშავებს.

“ქართული ოცნების” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი რადიო „კომერსანტთან” ამბობს, რომ სახელმწიფომ ბიზნესს განვითარებისთვის პირობები უნდა შეუქმნას, რაც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმოს. მისი თქმით, ბიზნესი ხალხმა უნდა აკეთოს და წარმოუდგენელია, რომ კერძო ბიზნესმა შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ვერ იმუშავოს. დემურ გიორხელიძისთვის დაუჯერებელია, რომ უკრაინასა და ბელორუსში სახელმწიფომ უკეთ გაყიდოს ქართული პროდუქცია, ვიდრე თავად ბიზნესმა. შეგახსენებთ, ორივე პოლიტიკური ძალა სოფლის მეურნეობის სექტორში მილიარდობით ინვესტირებას აპირებს.

ექსპერტთა ნაწილი კი სოფლად ბიზნესში მთავრობის მონაწილეობას გამართლებულად მიიჩნევს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია რადიო „კომერსანტთან” ამბობს, რომ პრემიერის ინიციატივა სახელმწიფო პროგრამის ნაწილია, რომელიც სოფლად გლეხებისთვის დახმარებას გულისხმობს.

მისივე თქმით, სახელმწიფო გლეხებს როგორც მოსავლის მოყვანაში, ისე მარკეტინგულად დაეხმარება და შემდეგ მას დაუთმობს გზას. ჯგერენაის თქმით, აქამდე ქართული სოფლის მეურნეობას მისი თავისებურებიდან გამომდინარე არც ბიზნესმა და არც კომერციულმა ბანკებმა ხელი არ წააშველეს, გლეხისთვის კი დამოუკიდელად მოქმედება რთული აღმოჩნდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აგრარული სექტორის აღორძინებაში სახელმწიფოს მონაწილეობა პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments