ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოში ირანელი ბიზნესმენები აქტიურდებიან

მოუწევს თუ არა საქართველოს ირანთან სავაჭრო ურთიერთობებზე უარის თქმა? ამ თემით რადიო “კომერსანტი” მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების გამო აზერბაიჯანმა ისლამურ რესპუბლიკას ჯართის მიწოდება შეუწყვიტა. აზერბაიჯანულ გაზეთ „აზადლიღის“ ცნობით, სანქციები აზერბაიჯანმა გასული კვირის ბოლოდან აამოქმედა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დასახელებული წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არასანდოობის გამო არ აკეთებს.
თუმცა, გიორგი კანდელაკი განმარტავს, რომ საქართველო არ იღებს ირანიდან ნავთობს და არა აქვს ირანთან იმ სახის ურთიერთობა, რომ ემბარგოს დაწესება შეიძლებოდეს.

საქართველოს მხრიდან ირანთან მიმართებაში სანქციების ამოქმედებას გამორიცხავს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგერენაიაც. მისი თქმით, საქართველო-ირანს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების სპეციფიკიდან გამომდინარე სანქციების დაწესება არალოგიკური იქნებოდა, რადგან არც ნავთობით, არც იარაღით ვაჭრობა ქვეყნებს შორის არ ხდება. ამასთან, მისი თქმით, ირანის ირგვლივ შექმნილი ვითარების შედეგად საქართველოში ირანელი ბიზნესმენების გააქტიურება შეინიშნება.

 

წყარო: კომერსანტი

Comments

comments