”რუსეთის ბაზარზე შესვლის შედეგად „ბიზნეს-აფეთქებას“ არ უნდა ველოდოთ”

ინტერვიუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემზარ ჯგერენაიასთან

როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც შეიტყვეთ, რომ „ზედაზენი“ რუსულ ბაზარზე შევიდა?
ალბათ, დადებითი. იმედის მომცემი, პერსპექტიული, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კომპანიის მიერ ყოველი ახალი ბაზრის ათვისება იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ეკონომიკას კიდევ ერთი ლოკომოტივი შეემატა.

რატომ აღმოჩნდა „ზედაზენი“ პირველი?
ძნელი სათქმელია. შეიძლება იმიტომ, რომ სიტუაცია მომწიფდა. შესაძლოა, მათ მეპატრონეებს კავშირები ჰქონდათ და ამით ისარგებლეს ან განსაკუთრებული ხარისხი აქვთ. მე მაინც მგონია, რომ ეს არის რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ საქართველოს არ ებრძვის და ბოიკოტს არ უცხადებს.

ასეთ შემთხვევაში რატომ არა ღვინო და „ბორჯომი“, რომელზეც, სავარაუდოდ, უფრო დიდი მოთხოვნაა?

ჩემი ინფორმაციით, „ბორჯომზე“ მოლაპარაკება მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. ღვინოსთან დაკავშირებით უფრო რთულადაა საქმე, რადგან ამ ბაზრის მიმართ რუსეთს ყოველთვის სპეციფიკური მიდგომა ჰქონდა. მოლდოვის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, იქ მხოლოდ ორ რუსულ კომპანიას  მისცეს რუსეთის ბაზარზე მოლდოვადან ღვინის შეტანის ექსკლუზიური უფლება, შემდეგ აღმოჩნდა, რომ შეტანილი ღვინის 80% ფალსიფიცირებულია დისტრიბუტორების მიერ.

ჩვენი ღვინო დაცულია ხარისხის კონტროლით, ბრენდების დაპატენტებით და აქედან გამომდინარე, ღვინის ბაზარზე ჯერ ძვრა არ არის. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა რუსეთის მხრიდან, რომლის ნაბიჯების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. მისთვის უცხოა ღია და გამჭვირვალე თამაშის წესები. ეკონომიკური სივრცე მთლიანად მმართველი ელიტის კაბინეტიდან იმართება და ყველაფერი მათ პოლიტიკურ სურვილზეა დამოკიდებული.

რუსეთს ღია პრეტენზია აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებზე – პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ა.შ. იგი ღიად აცხადებს, რომ ეს არის მათი სტრატეგიული ეკონომიკური სფერო და მათ უნდა ჰქონდეთ ზეგავლენა. ამ მყიფე პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ბელორუსი, რომელმაც ყველა ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი, მაგრამ რუსეთი დღემდე ებრძვის, რომ სტრატეგიული რესურსები ხელში ჩაიგდოს, ამიტომ ხან ბელორუსულ ხორცს კრძალავს, ხან ავიარეისებს. მსგავსი სიტუაციაა უკრაინასთან დაკავშირებითაც, რომელიც რუსეთის მიმართ აბსოლუტურად ლოიალურია. სხვათა შორის, უკრაინამ ნატო–ზეც კი თქვა უარი, მაგრამ ამან მაინც ვერ უშველა და დღეს უკრაინული ყველი იმ პროდუქტების სიაშია, რომლის იმპორტიც რუსეთში აკრძალულია.

რამდენად არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური სურვილები იმის მიზეზი, რომ ღვინის კომპანიები რუსეთის ბაზარზე შესვლისგან თავს იკავებენ?

რუსული პარტნიორობა და „მეგობრობა“ ყოველთვის იმპერიულ პრინციპებზეა დაფუძნებული. უკრაინის მაგალითი ამის ნათელი დადასტურებაა. ბიზნესი ილუზიაშია. დავრჩით 80–იანი წლების რუსეთის ბაზრის შთაბეჭდილებით, მაგრამ ეს ბაზარი ტოტალურად შეიცვალა. კონკურენციაც შეიცვალა. რუსეთის იაფფასიანი ღვინის ბაზარზე საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი – ჩილეს, ავსტრალიის, ბულგარეთის, პორტუგალიის ღვინოები. სომხეთი გახდა ღვინის ერთ–ერთი სერიოზული მიმწოდებელი, თუმცა როგორ, ეს გაუგებარია, რადგან მათ ამდენი ღვინო არ აქვთ. ასევე კრასნოდარის მხარე, ჩინეთი, რომელიც მსოფლიო ღვინის ბაზარზე სერიოზულ მოთამაშედ იქცა. მათაც ისწავლეს იტალიაში ფხვნილის ყიდვა, სპირტისთვის წყლის დამატება და ფალსიფიცირებული ღვინის დამზადება.

რაც შეეხება ადგილობრივ ღვინოებს, მაგალითად, „მუკუზანი“, რომლის ფასიც 12 ევრომდეა, ძალიან ძვირია რუსული ბაზრისთვის, რადგან დაბალი ფენისთვის არ არის გათვლილი და უკვე იმ ფასთა სექტორში ხვდება, სადაც ფრანგული, სამხრეთ აფრიკული და იტალიური ღვინოებია. ამ ჩამონათვალში კი რუსი მყიდველი, სავარაუდოდ, ფრანგულს შეარჩევს. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ რუსეთში ის ბაზარი დაგვხვდება, რომელიც ათეული წლების წინ იყო, გადაჭარბებულია. და ის, რომ თუ რუსეთის ბაზარზე შევალთ, დიდი მატება იქნება და „ბიზნეს–აფეთქებას“ უნდა ველოდოთ, მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი.
ჩვენ რუსეთის ბაზარზე ძლიერები მაშინ ვიყავით, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს მიწოდება შეზღუდული იყო. როდესაც შემზღუდველი პირობები გაქრა და რუსეთის მსყიდველობითუნარიანი ბაზარი გაიხსნა, მთელი მსოფლიო თავისი იაფფასიანი და ძვირად ღირებული სექტორით იქ გაჩნდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ილუზია დიდად არ წაადგება ქართული ბიზნესის განვითარებას.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments