ემზარ ჯგერენაია ვერცერთი პარტიის სრულყოფილ ეკონომიკურ პროგრამას ვერ იხსენებს

ინტერვიუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემზარ ჯგერენაიასთან 

იცნობთ თუ არა ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების ეკონომიკურ ხედვებს? 

სიმართლე გითხრათ, არცერთი პოლიტიკური პარტიის სრულყოფილ პროგრამულ დოკუმენტს არ ვიცნობ. მომისმენია „ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის“ მოსაზრებები აგრარულ და ჯანდაცვის ნაწილში. „თავისუფალი დემოკრატების“ მოსაზრებები აგრარულ პოლიტიკაზე და სოციალური ბიუჯეტის მოცულობის ზრდაზე, მაგრამ რაიმე პრინციპული და კონკრეტული შეხედულებები იმის თაობაზე, თუ რის ხარჯზე მოხდება მდგომარეობის გაუმჯობესება, რის გაკეთებას აპირებენ, რომ ძირითადი მაჩვენებლები გაიზარდოს, არ მომისმენია. მე არცერთი პარტიის სრულყოფილად ჩამოყალიბებული პროგრამა არ მინახავს, არც განხილვა ყოფილა და არც ალტერნატიული აზრი მომისმენია.

თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? 

ჩემი აზრით, პოლიტიკური ბრძოლის დროს გაცილებით მომგებიანია მოსახლეობის პრობლემებზე ზოგადი ფრაზებით საუბარი, ვიდრე კონკრეტული მსჯელობა. მაგალითად, საპენსიო რეფორმაზე პროფესიონალურად, ყველა დეტალის გათვალისწინებით თუ ვისაუბრებთ, პენსიონერისთვის ეს შეიძლება გაუგებარი იყოს და  იფიქროს, რომ საპენსიო რეფორმის რეალურად განხორციელება ძალიან რთული და შორი გზაა, ამიტომ თუ მათი ხმების მოპოვება გვინდა, უნდა ვუთხრათ, რომ მდგომარეობა უცებ გაუმჯობესდება. რეალურად კი, მდგომარეობის შეცვლა ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია, ეს ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა მოხდეს. ანალოგიური მდგომარეობაა აგრარულ სფეროში. ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიწოდება ამომრჩევლისათვის მისთვის სასიამოვნო ფორმით, შეუძლებელია.

შეიძლება თუ არა მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა განვიხილოთ როგორც მმართველი პარტიის ეკონომიკური პროგრამა? 

ეს არის ზოგადი ორიენტირები, თუ რას აკეთებს ქვეყანა, როდესაც მსოფლიოში არის რეცესია და კაპიტალისა და ლიკვიდობის ნაკლებობა. ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ხერხემალი მცირე ინფრასტრუქტურული დარგების განვითარებაზე ორიენტირება და ფინანსების ხარჯვაა – გზები, ელექტროსადგურები და ა.შ. აქ მთლიანი ყურადღება  ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გადადის, რაც ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.

არსებობს თუ არა მოლოდინი,  რომ საარჩევნოდ მაინც ვიხილავთ პოლიტიკური პარტიების ეკონომიკურ პროგრამებს? 
ისეთივე მდგომარეობა იქნება, როგორიც არის. ეკონომიკური პრობლემა უფრო მკაცრ ლაპარაკსა და დეტალებს მოითხოვს, ამომრჩეველს კი სურს ზღაპრების მოსმენა, რომ ხვალ რომელიმე პიროვნება მოვა და უცებ ყველაფერი კარგად იქნება. პოლიტიკა და არჩევნები ამაზეა აგებული, ამიტომ არცერთი პოლიტიკური პარტია ასეთ დეტალურ ეკონომიკურ გეგმას არ წარმოადგენს.

ოპოზოციური პარტიების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბიზნესი დაშინებულია და მათ მხარს არ უჭერს. არც ბიზნესს აინტერესებს პარტიების ეკონომიკური ხედვები? 

ალბათ, არ აინტერესებთ იმიტომ, რომ მთავრობასთან უფრო კომფორტულად არიან. ბიზნესი თუ წარმატებულია, არ აქვს სურვილი, არსებულ სიტუაციაში რაიმე შეცვალოს. ეკონომიკური პროგრამები, ძირითადად,  საშუალო კლასს აინტერესებს, ადამიანებს, რომლებსაც სურთ, ცხოვრება გაიუმჯობესონ, ქვეყანაში არსებობდეს  დემოკრატიული, კონკურენტული, გამჭვირვალე გარემო. საქართველოში არ მინახავს ამომრჩეველი, რომელიც ამბობს, რომ თქვენ პრინციპულად ახალს ამბობთ და ამიტომ გიჭერთ მხარს. დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის არის პერსონიფიცირებული არჩევნები. ხმას აძლევენ კონკრეტულ პიროვნებას და არა იდეების თანხვედრას.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments