March 21, 2012
ექსპერტები ეკონომიკის 10%-იან ზრდას რეალისტურად აფასებენ
რამდენად რეალურია საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 10%–იანი ზრდა? შეგახსენებთ: პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს „სრულად სინგაპურიზაციისთვის” მომდევნო პერიოდში ყოველწლიურად ეკონომიკის ზრდა 10%-ს უნდა შეადგენდეს.
„ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 10%–იანი ზრდა მხოლოდ გარედან სტიმულირებით არის შესაძლებელი. დავით ნარმანიას თქმით, ქვეყნის შიდა რესურსი მკვეთრი ზრდისთვის საკმარისი არ არის.
მისი განცხადებით, 2010-2011 წლებში 7-პროცენტიანი მატება საგარეო ვალების და საინვესტიციო პროექტების ფონზე დაფიქსირდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 10%–იანი ზრდა ქვეყანაში 2012-2015 წლებში უცხოური ინვესტიციების მინიმუმ 2 მილიარდი დოლარით გაზრდის პირობებშია შესაძლებელი.
მისივე თქმით, ეკონომიკურ ზრდას ექსპორტის მკვეთრი მატებაც გამოიწვევს, რაც ამერიკასა და ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებით არის შესაძლებელი. ექსპერტი 2012-2022 წლებში ეკონომიკის ყოველწლიურად 10%–იან ზრდას რეალურად მიიჩნევს. ჯგერენაიას განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე მასშტაბური ენერგეტიკული ინვესტიციები უკვე დაგეგმილია, ხოლო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება წლის ბოლომდე დასრულდება.
წყარო: კომერსანტი