”2011 წელს ქართულმა ბანკებმა ბიზნესს ახალი ვერაფერი შესთავაზეს”

ინტერვიუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემზარ ჯგერენაიასთან

“ევროპაში ფული იაფდება, ჩვენთან კი პირიქით, ძვირდება”

როგორი იყო 2011 წლის მთავარი მოვლენები ეკონომიკური თვალსაზრისით?

პირველ რიგში, საგადასახადო-საბაჟო ადმინისტრირების კუთხე უნდა აღვნიშნოთ, წესების შეცვლა საბაჟოზე, ტვირთების რეგისტრაციის გაფორმების გაადვილება, შეღავათები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმპორტიორებისათვის, რეექსპორტის რეჟიმის გაუმჯობესება, რაც ჩვენს ბიზნესს მისცემს საშუალებას, რეგიონში სერიოზული როლი ითამაშოს. ვფიქრობ, ეს სტრატეგიული საკითხია.

ძალიან მნიშვნელოვანია საგადასახადო ადმინისტრირებაში პროტესტის განხილვის თემა, როდესაც რევიზიის შემდეგ თქვენ მიგიწვევენ და ხდება პროტესტების ადგილზე განხილვა ყოველგვარი სასამართლო დავის გარეშე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენ ირჩევთ აუდიტს, კოდექსში ბევრი ორაზროვანი მუხლი გაუქმდა, დაიხვეწა ინსტრუქციული ნაწილი, ის  გაცილებით ნაკლები გახდა, თუმცა, კიდევ ბევრი თეთრი ლაქაა დარჩენილი, რომელიც უშლის ხელს ბიზნესის განვითარებას.

თქვენ ამ წლის დადებით მოვლენებზე ისაუბრეთ, რა იყო უარყოფითი?

უარყოფითი იყო ინფლაცია, რომელიც საკმაოდ მაღალი გახლდათ. ასევე უარყოფითი მოვლენა იყო წყლის გადასახადის მიბმა ელექტროენერგიისაზე. ამან, ფაქტობრივად, გაზარდა ბიზნეს ხარჯები და ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა. საბანკო რესურსი არ გაიაფდა, პირიქით, გაძვირდა. მიუხედავად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა, როდესაც ხდება ფულის “გამოსროლა” ბაზარზე, ანუ ფული იაფდება, ჩვენთან, პირიქით,  ძვირდება.

ბანკებმა 2011 წელს ახალი ვერაფერი შესთავაზეს ბიზნესს, საერთოდ გვერდზე გადგნენ მისგან. გაამკაცრეს ბიზნესთან ურთიერთობის წესები, ეს ეხება უზრუნველყოფის საკითხს. პირდაპირი ინვესტიციები შემცირდა. ამაში ევროპაში მიმდინარე მოვლენებიც იყო დამნაშავე და რეალურად ვერ მივიღეთ ინვესტიციების ის რაოდენობა, რასაც ველოდით. ნაღდი ფულის მოძრაობა ბაზარზე შემცირებულია, მოთხოვნა შემცირდა, რამაც ბიზნესის მოცულობა შეამცირა.

რამ განაპირობა, 11 თვის მონაცემებით, საბანკო სექტორის 290 მლნ.-იანი მოგება?

ეს იმითაა განპირობებული, რომ ბანკებს საკმაოდ მაღალი საკომისიო გადასახადი აქვთ. კლიენტურის მომსახურებაში დიდ თანხას იღებენ და ეს არის იძულებითი, რადგან თუ იქ ელექტროენერგიის, გაზის გადასახადს იხდით, საკმაოდ მაღალი საკომისიოს გადახდაც გიწევთ. დიდი ხანია დგას საკითხი, რომ ან ამ კომპანიებმა გადაიხადონ საკომისიოები საკუთარი ანგარიშიდან, ან გახსნან სერვის ცენტრები, სადაც ადამიანები სავალდებულო გადასახადებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან.

ბოლო დროს დამკვიდრდა ხელფასების ბანკში აღების პრაქტიკა და ეს არასწორია. ადამიანს ალტერნატივა უნდა ჰქონდეს, ან დაერიცხოს ბარათზე და საკომისიო გადაიხადოს, ან ორგანიზაციის სალაროდან აიღოს. ბანკები აქედანაც გარანტირებულ შემოსავალს იღებენ. საპროცენტო განაკვეთები სამომხმარებლო და ბიზნესსესხებზე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ბანკებმა  უფრო მეტი შემოსავალი ამოქაჩეს, ვიდრე ეკუთვნოდათ. ჯამში მიიღეს ის, რომ ბაზარი შემცირდა. მოგების გადაქაჩვა მოხდა სადაზღვევო სექტორიდან, რომელიც მიბმულია საბანკო სექტორზე. ბევრ ბანკს გააჩნია თავისი ბიზნეს სტრუქტურები სხვადასხვა სფეროში და იქიდანაც იღებენ შემოსავალს. სწორედ ეს არის მაღალი მოგების მიზეზები.

ბანკების მიერ 2011 წელს წარმოდგენილი პროდუქტებიდან რომელი იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

ეს იყო წლის დასაწყისში “თიბისი ბანკის” 11% -იანი იპოთეკური კრედიტი გადაფარვით, ამავე ბანკის ახალი ბარათი, 3 თვიანი უპროცენტო საკრედიტო რესურსით და მცირე ბიზნესისათვის განკუთვნილი შეთავაზებები კრედიტზე, რომელიც “პროკრედიტ ბანკმა” განახორციელა.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments