მაკულატურა ნიჰილისტებისთვის

”პრესის მტერი იმდენად ელექტრონული მედია საშუალებები და ინტერნეტი არ არის, ვიდრე ის ნიჰილიზმი, რომლიც საზოგადოებაში მეფობს. იგივე შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთლიანად, მსოფლიოზე”

ბევრად მომგებიანია ჩადოთ ერთი დოლარი პრესაში, ვიდრე ათი დოლარი იარაღში: იარაღი არასოდეს დაილაპარაკებს, ხოლო პრესა დილიდან საღამომდე არ ჩუმდება” რიჩარდ ნიქსონი

 

საქართველოში და სხვა განვითარებად ქვეყნებში ბიზნესის უმრავლესობა მონოპოლიზებულია, მონოპოლისტური ბიზნესის გაზრდა-შემცირებას, საქმიანობისთვის მოსალოდნელ რისკებს, ცვლილებებს ბაზარი არ წყვეტს, ეს წყდება პოლიტიკურ კულუარებში. ბუნებრივია, ასეთ ბიზნესს პრესა არანაირად არ აინტერესებს თავისი სიახლეებით იმის შესახებ, თუ რას საქმიანობენ მისი კონკურენტები, რა ახალი ტექნოლოგიები ინერგება, როგორია ფასების დინამიკა, მსოფლიო ტენდენციები, რა ახალი მომსახურებებია და ა.შ. მისი ინტერესი მხოლოდ ის არის, გაიგოს, მთავრობა რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით და ბაზრის რა წილს გამოუყოფენ.

რეალობა ის არის, რომ გაქრა თავისუფალი ბაზარი, რომელიც ერთად ერთი წყაროა ქვეყნის განვითარების, გაქრა რეალური კონკურენცია, რომელიც საზოგადოების განვითარების წყაროა და ქრება დემოკრატია, რომელიც თვითშემოქმედი და თვითმმართველი საზოგადოებაა, მარტო ხმის მიცემა და არჩევნების ჩატარება არ არის დემოკრატია, არამედ _ საზოგადოების განწყობილება, ის უნდა გრძნობდეს მმართველად თავს. აქედან გამომდინარე, პრესა, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს თავისუფალ ბაზარს, არ არსებობს. პრესას ბაზარზე გავლენის გამო, კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე აღარავინ აფინანსებს.

კლასიკური გაგებით, მედიამ რეკლამის ხარჯზე უნდა იცხოვროს. რეკლამის ღირებულება კი ითვლება პერიოდული გამოცემის ტირაჟიდან _ როგორი ზეგავლენა გაქვთ ბაზარზე, რამდენად ცნობადი ხართ და ა.შ. იგივე შეიძლება ითქვას ტელევიზიის შესახებაც. მაგალითად, ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა ცნობილი ჟურნალის, ”ფორბსის” ქართული ვერსია, რომელიც ღირს 10 ლარი. გამოცემა უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი და აქედან გამომდინარე, პროდუქციის თვითღირებულება ძალიან მაღალია. რამდენი ადამიანი გეგულებათ ვინც დღეს ”ფორბსს” 10 ლარად სისტემატურად შეიძენს საქართველოში? ვინ უნდა იყიდოს ეს ჟურნალი, როცა მის კლიენტურას, პრესა ზოგადად არ აინტერესებს. ჟურნალს არ აქვს მითითებული რა ტირაჟით გამოდის. გაუგებარია, ასეთ შემთხვევებში რით ხელმძღვანელობს რეკლამის შემკვეთი, როცა უცნობია ტირაჟი, გამოცემის გავლენა საზოგადოებაზე, საბაზრო ძალა და ა.შ. რატომ უნდა გადავიხადო მაგალითად, 3-5 ათასი ლარი რეკლამაში, როცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თანხა გარკვეულ შედეგს მომიტანს. ჟურნალ ”ფორბსში” ბაზარზე გავლენისა და ცნობადობიდან გამომდინარე რეკლამა უნდა ღირდეს 100 დოლარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის 99,9%-მა არც იცის, რომ ქართული ”ფორბსი” გამოდის. ყველამ მომიტევოს, მაგრამ პოლიგრაფიულად მაღალ დონეზე დაბეჭდილი ჟურნალების ადგილი საქართველო ნამდვილად არ არის. ეს ფუფუნება არ აქვს 4-მილიონიან ქვეყანას, რომლიდანაც მილიონზე მეტი თბილისში ცხოვრობს. მისი ბაზარი შემოიფარგლება 10 000 ადამიანით.

დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ჩინოსანს, ბიზნესმენს, პოლიტიკოსს არ ექნება წაკითხული ჟურნალი ”ფორბსი”, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანს შეიძლება მაგიდაზე ედოს არა მხოლოდ ქართული, არამედ ინგლისური, რუსული და შეიძლება თურქული ”ფორბსიც”, ასევე Wall Street Journal  და Financial Times-იც, მაგრამ გადაფურცლულიც არ ექნება.

ასევე გაუგებარია, რატომ იხარჯება კომპანიების მხრიდან თანხები ისეთ გაზეთებში, როგორიცაა  Financial, Georgia Today რომლებიც უფასოდ რიგდება სასტუმროების ქსელებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მათი მკითხველი, ხშირ შემთხვევაში, არავინაა. იგივე, გაუგებარია, რატომ იხდის ვთქვათ, ”მადნეული” და გნებავთ, ”სოკარი” ბეჭდურ მედიაში რეკლამისთვის კოლოსალურ თანხებს, რა რეზონი უნდა მიიღონ მსგავსმა კომპანიებმა ამ სახის რეკლამიდან? ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ მიაქვს კერძო ბიზნესს ასეთ პერიოდულ გამოცემებში რეკლამა. ეს ბუნდოვანება კი აჩენს ეჭვებს, რომ ეს ხდება ვიღაცის დავალებით. ანუ კონკრეტული პერიოდული გამოცემის არსებობა ვიღაცის პოლიტიკური ნებაა.

ჟურნალ-გაზეთების გამოშვება დღითი-დღე ძალიან ძვირი ხდება. იზრდება კონკურენცია, არსებობისთვის ბრძოლა მძაფრდება და მეტ ფულს ითხოვს. რაც უფრო იხვეწება ტექნოლოგიები, საქმიანობას მით მეტი თანხები სჭირდება. პრესა ხდება პოლიტიკის ერთგვარი დანამატი და იარაღი მის ხელში. ძალიან თვალშისაცემია ტენდენცია, რომ რაც უფრო მდიდარია ადამიანი, ის ნაკლებად კითხულობს პრესას, ხოლო რაც უფრო ღარიბი _ პირიქით. პოლიტიკა კი იმდენად ძვირადღირებული თემაა, შეუძლებელია ღარიბმა ადამიანმა შეძლოს აქ ასპარეზობა. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსები მდიდრები არიან, მიუხედავად მათი დეკლარირებული ქონებისა. მათი პრესისადმი გულგრილობა მხოლოდ ერთი რამით აიხსნება _ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე ღარიბ ადამიანზე მეტად მიუწვდებათ ხელი და კულუარულად იციან რაც ხდება. ღარიბი კი ცდილობს მეტი იკითხოს, მეტს მოსუმინოს, რომ არაფერი გამორჩეს და წარმოდგენა შეექმნას რა ხდება ამ ქვეყნად. პრესის ზეგავლენის თემა მდიდარი ადამიანებისთვის ღიმილის მომგვრელია, რადგან მსოფლიოში პრესა დიდ კრიზისს განიცდის და არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკას სჭირდება.

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რომ პოლიტიკა მხოლოდ თამაშის წესების განსაზღვრაა, ხოლო ბიზნესი სხვა, რეალურად, დღეს ბიზნესი კეთდება პოლიტიკურ დერეფნებში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში და პოლიტიკა თავიდან ბოლომდე ბიზნესით დაკავდა _ აქვს ამის პირდაპირი უფლება თუ შეფარვით ხორციელდება იგი. სმიტის ”უჩინარი ხელი” სადღაც გაიპარა. დღეს რაც მსოფლიოში ხდება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკოსების მხრიდან ბიზნეს-რეგულირება. ჩინეთმა წყალქვეშა ხომალდების მშენებლობა დაიწყო იმიტომ, რომ საკუთარი ბიზნესისთვის დაეჭირა მხარი, აშშ-ის ბიზნესი ძლიერი იქნება მანამ, სანამ ექნება სამხედრო ძლიერება და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაზარი გახდა ხელოვნურად მართვადი.

ჩემი ღრმა რწმენით, პრესა სჭირდება მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებას, რომელიც მართლა არის ამ ქვეყნის პატრონი, მართლა გრძნობს მის პირად მნიშვნელობას ამ ქვეყნის მმართველობაში და შეშფოთებულია ქვეყნის ბედ-იღბალით. მუდმივად ცდილობს, რამე არ გამორჩეს და ამისთვის სჭირდება გამჭვირვალე, მოუსყიდველი და პირუთვნელი პრესა, რომ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციაზე მიუწვდეს ხელი. რატომ ხდება, რომ უცხოეთში ბანკირი, ჰეჯ-ფონდის ტოპ-მენეჯერიც და მეწაღეც კითხულობს პრესას, მუდმივად თვალს ადევნებს Wall Street Journal-სა და Financial Times-ს. მას აინტერესებს, რა ხდება ბაზარზე, რა ხდება მათ აქციებთან დაკავშირებით, როგორც ტექნიკური ანალიზის კუთხით, ასევე ფუნდამენტალურის. გაზეთის სტრუქტურაც ამაზეა აწყობილი. მაგრამ, ადამიანი, როცა საზოგადოების მფლობელად არ გრძნობს თავს და არც ეს საზოგადოებაა ნამდვილი თვითმმართველი, ჩამოყალიბებული საზოგადოება, ადამიანს აღარ აინტერესებს რა ხდება ამ ქვეყნად და ტელევიზორში მოსმენილი ჭორებით ცხოვრობს. სწორედ ამ კატეგორიაზეა აგებული საქართველოში არსებული ტელევიზიების გადაცემები. ამას ემსახურება თანამედროვე პიარ-ტექნოლოგიებიც. ტელევიზიამ შეიძლება წარმოუდგენლად უმნიშვნელო დეტალი აქციოს მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად. მაგალითად, როგორ მოიტეხა ფეხი კახეთში ვიღაც გლეხმა, როგორ იჩხუბეს სამეგრელოში მეზობლებმა ღობის გადაადგილების გამო და ამას მიუძღვნან 10-10 წუთიანი სიუჟეტები. პრობლემა ის არის, რომ მიუხედავდ იმ შეურაცხოფისა, რომელსაც მას პიარ-ტექნოლოგი აყენებს, ადამიანი მაინც რთავს იმ არხზე, უსმენს იმ გადაცემას, რომელმაც მას სულში ჩააფურთხა. აქ უკვე გაურკვეველია, ეს არის საზოგადოების დაკვეთა თუ პიარ-ტექნოლოგიის შეთავაზება, განსაკუთრებით გაუგებარია, თუ გავიხსენებთ, რომ საზოგადოებას ხელი მიუწვდება სხვადასხვა არხებზე, მაგრამ ის მაინც ირჩევს იმ არხს, რომელიც მას შეურაცხოფას აყენებს, იმიტომ, რომ ის არ არის ქვეყნის გამგებელი, მას არ აინტერესებს რა ხდება ეკონომიკაში, პოლიტიკაში, საპენსიო რეფორმაში. ეს მისთვის მძიმე თემებია. რაც გინდა კარგი გააკეთოს მთავრობამ, ააშენოს გზები, ხიდები, გამჭვირვალე საზღვრები, გააუმჯობესოს კომუნიკაციები _ მისთვის ეს არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ მთავრობამ არ ჩადო კონვერტში და არ გამოუგზავნა ახლადგამომცხვარი პური. ასეთ ადამიანებს, ბუნებრივია, პრესა არ აინტერესებს.

რა ხდება რეალურად, პრესა უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას თუ პოლიტიკოსების ხელში იგი ბერკეტია მოსახლეობის ზომბირებისთვის და თამაშის წესების კარნახისთვის? ამიტომ, ისმის კითხვა, პრესა ქმნის საზოგადოებას თუ საზოგადოება ქმნის პრესას?

პრესის მტერი იმდენად ელექტრონული მედია საშუალებები და ინტერნეტი არ არის, ვიდრე ის ნიჰილიზმი, რომლიც საზოგადოებაში მეფობს. იგივე შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთლიანად, მსოფლიოზე. ხშირად ნახავთ სიტუაციას, როცა ტელევიზიით გადაიცემა 3-წამიანი ინფორმაცია ეკონომიკაზე დროის დეფიციტის მოტივით და ამ დროს, შეიძლება აფრიკაში რომელიღაცა მაიმუნის ბედზე ნახევარი საათი ისაუბრონ ან ალაპარაკონ სრულიად უცნაური ადამიანი მის უცნაურ ჩვევებზე. ამან დაუკარგა ადამიანებს მმართველის შეგძნება საკუთარ თავში და გააჩინა ნიჰილიზმი ყველაფრის მიმართ და მათ შორის, პრესის. სწორედ ეს არის პრესის მტერი და არა, ვთქვათ, ინტერნეტი. ამაში ცუდი არაფერია, გაზეთი უბრალოდ ფორმას შეიცვლის ამით და განსხვავებული სახით მიეწოდება მომხმარებელს.

კარგად მესმის რატომ ჰყავს მკითხველი ”ასავალ დასავალს”, ”ალიასა” და სხვა გაზეთებს, რომლებთაც ასე თუ ისე თავიანთი ნიშა ნაპოვნი აქვთ და ერთგული მკითხველიც ჰყავთ თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ იყიდება ასე კარგად, ვთქვათ, ”კვირის პალიტრა”. ყველამ ვიცით, რომ ამ გაზეთს უზარმაზარი ტირაჟი აქვს. რა გახდა ამ გაზეთის წარმატებულობის მიზეზი. ახლაც და 10 წლის წინაც ამ გაზეთში განსაკუთრებული არაფერი იბეჭდებოდა, მას არ აქვს გამოკვეთილი სახე. რა გახდა ”კვირის პალიტრის” წარმატებულობის მიზეზი? _ აქ, ჩემი აზრით, სხვა მიზეზთან გვაქვს საქმე, როცა გაზეთისთვის პრესის გავრცელების სქემა წარმატების ძირითადი გასაღებია, ვფიქრობ, რომ სწორედ ამით გახდა ეს გაზეთი ცნობილი და წარმატებული.

პრესის გავრცელება საკმაოდ გამართული და ვიტყოდი, მონოპოლიური ბიზნესია. სხვათა შორის, ბევრ ორგანიზაციას საკმაოდ დიდი ვალები აქვს დაგროვილი დიდი და პატარა რედაქციების. მონოპოლიური და უხეში მიდგომები აქვთ პრესის გამავრცელებლებს გაზეთების მიმართ, მათ ასეთ გადიდგულებას დიდად შეუწყო ხელი ”საქართველოს ფოსტამ”. მან ტარიფების გაზრდით დიდი დანაშაული ჩაიდინა. მას შეეძლო სხვა რამეში მოემატებინა თანხა, პრესის გავრცელებას სათავეში ჩადგომოდა, რაც ბევრ ქვეყანაში ხდება და სახელმწიფოს მხარდაჭერით მინიმალურ თანხებში მიეწოდებინა რეგიონებისთვის ჟურნალ-გაზეთები. ამის მაგივრად ფოსტამ მომსახურება გააძვირა, რითაც ხელი შეუწყო პრესის გამავრცელებლების მონოპოლიზებას. ”საქართველოს ფოსტას” ჰქონდა ყველაზე დიდი ქსელი და საშუალება, რომ რეგიონებში გაევრცელებინა ჟურნალ-გაზეთები, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ მან ამაში უზარმაზარი თანხები მოითხოვა. ფასების დანაშაულებრივმა ზრდამ ხელი შეუშალა საზოგადოებაში პრესის გავრცელებას. უფლება რომ მქონდეს, შემოვიღებდი კანონს, რითაც პრესის წარმომადგენლებს ავუკრძალავდი პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციის ფლობას. მონოპოლიზაციის გამო ავკრძალავდი რამენაირი ინტერესი ჰქონოდა პრესის გავრცელებაში პრესის წარმომადგენელს. სხვანაირად პრესის თავისუფალ ბაზარს ჩვენ ვერ დავიცავთ. ისევე, როგორც ავუკრძალავდი სააფთიაქო ქსელის პატრონს წამლის წარმოებას. საკუთარი წარმოების პროდუქციის გასაღების სერიოზული მარკეტინგული საშუალებები არსებობს.

ჯიხურების აღება ნამდვილად ცუდი ფაქტია და ვიღაცის ბიზნეს-ინტერესების მიზანმიმართული გაფუჭებაა და ამას სასტიკად ვეწინააღმდეგები, თუ იღებ ამ ჯიხურს, მას ახალი უნდა შესთავაზო, ძალაზე არ უნდა იყოს საუბარი. მაგრამ პრესის დისტრიბუტორები გაცილებით მეტად არღვევენ თავიანთი მონოპოლისტობით კანონს, ვიდრე ამ ჯიხურების ამღებები.

ქვეყნდება შემოკლებით. სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: emzari.ge
წყარო: ჟურნალი ”საქართველოს ეკონომიკა”
გამოქვეყნების თარიღი: 2011 წელი, დეკემბერი

 

 

Comments

comments