საგადასახადო შეღავათები წვრილ მეწარმეთა წახალისებას არ ითვალისწინებს

საქართველოში საგადასახადო შეღავათები უმეტესად მსხვილი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. ამის კარგი მაგალითია მთავრობის ახალი ეკონომიკური კურსის შესაბამისად მოქმედი დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი. აღნიშნული დაბეგვრის რეჟიმის მიხედვით, გადამხდელი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ის სახით გადაიხადა 200 000 ლარი, იმპორტისას თავისუფლდება დღგ-ის გადახდის ვალდებულებისგან. ერთი შეხედვით ხელისუფლების ინიციატივა სასიკეთოა და ბიზნესმენთა საქმიანობას უნდა ახალისებდეს. თუმცა ხელისუფლება მსგავსი ინიციატივით შეღავათს უკეთებს მსხვილ გადამხდელებს, მცირე ბიზნესი კი კვლავ შეღავათის გარეშე რჩება.

აუდიტორ ირაკლი შავიშვილის შეფასებით, დაბეგვრის აღნიშნული რეჟიმი მორიგი ტყუილია, ვინაიდან ის შეღავათს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც ისედაც არ აქვს საბრუნავი სახსრების მწვავე პრობლემა, ხოლო წვრილი მეწარმეების მიმართ ეს წესი არ მოქმედებს. არადა, მცირე ბიზნესს უჭირს ყველაზე მეტად ფული და არა მსხვილ მეწარმეებს.

„თუ საბაჟოზე განხორციელებულ ოპერაციამდე, შიდა ბაზარზე განხორციელებული ქმედებებიდან კომპანიას ბიუჯეტში გადახდილი აქვს დღგ-ს სახით 200 000 ლარზე მეტი, მას სახელმწიფო იმპორტისას დღგ-ს არ გამოართმევს. ამაში გულისხმობენ სწორედ ბიზნესში ინვესტირებას. რეალურად ეს არავითარი ინვესტირება არ იქნება, რადგან ვისაც დღეს 200 000 ლარი ჰქონდა დღგ გადახდილი, მას სულ ცოტა 1 მლნ. 200 000 ბრუნვა უნდა ჰქონოდა, თავის დღგ-იანად, ანუ ის ისედაც იქნებოდა ამ გადასახადის გადამხდელი. როცა დღგ-ს გადამხდელი საბაჟოზე იხდის ამ გადასახადს, ის იმავდროულად იკეთებს ჩათვლას, ანუ ეს თანხა ბიუჯეტიდან უკან გამოაქვს.

შესაბამისად, აქ ინვესტირებაზე საუბარიც ზედმეტია, რადგან ბიუჯეტი ამით არაფერს კარგავს, რადგან ზუსტად ერთი თვის მერე, გადამხდელს ეს თანხა ბიუჯეტიდან უკან გამოჰქონდა ჩათვლის სახით. ამაში ერთადერთი კარგი არის ის, რომ ბიზნესმენს ერთჯერადად არ დასჭირდება ნაღდი ფული, რომ ჯერ გადაიხადოს და მერე ერთ თვეში ისევ უკან გამოიტანოს. ქეშის აუცილებლობა იხსნება, რაც, ერთი შეხედვით, კარგია, მაგრამ შევხედოთ მეორე მხრიდან. ქეშის აუცილებლობა იხსნება მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, მცირე ბიზნესისთვის ასეთი შეღავათი არ არსებობს, ამიტომ ქეშის გასაჭირი ყველაზე მეტად წვრილ მეწარმეს აქვს. გამოდის დამატებით შეღავათს ვუკეთებთ მსხვილ მეწარმეებს. აი, ეს არის სწორედ ბაზრის მონოპოლიზაციისკენ მიმართული ნაბიჯი“, – აცხადებს შავიშვილი.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია კი აღნიშნულ წესს ნაკლებად კრიტიკულად აფასებს. მისი აზრით, მსხვილ მეწარმეების ხშირად არანაკლებ მწვავე პრობლემები ექმნებათ საბრუნავ სახსრებთან დაკავშირებით და მსგავსი შეღავათი მათ ბიზნესზე ნამდვილად სასიკეთოდ აისახება. მისი თქმით, ეს წესი ეხება მსხვილ მეწარმეებს, რომლებსაც დიდი ბრუნვა აქვთ. ასეთ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება საწარმოს შეძენას ან რენოვაციას, მსგავსი წესის მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აგვარებს სახსრების მობილიზების პრობლემას.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments