January 10, 2015
“საკმაოდ რთული წელი იყო და მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს, მეტნაკლებად, გაეძლოთ სირთულეებისთვის”
2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები – ექსპერტების შეფასება
2014 წელი დასასრულს მიაუხლოვდა. ქვეყნის ეკონომიკაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ხელისუფლების მისამართის გაისმოდა იყო როგორც კრიტიკა, ასევე პოზიტივი. განსაკუთრებით აღსანიშნავი მოვლენა იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, რამაც საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა გაუჩინა. წლის ბოლოს, ლარის კურსის მკვეთრმა ცვლილებამ მოსახლეობაში აჟიოტაჟი და პანიკა გამოიწვია. მნიშვნელოვანი იყო ინვესტიციების შემოდინება, რამაც 2014 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა.
ასე რომ, 2014 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო დახუნძლული. ვინაიდან წლის ბოლო ნომერია, ეკონომიკის ექსპერტებს დავუკავშირდით და 2014 წლის შეფასება ვთხოვეთ, ასევე, ვთხოვეთ გამოეკვეთათ, გასული წლის, 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა.
ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი: “2014 წელი საკმაოდ ცუდი წელი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაცია დაიხატა ჩვენს ირგვლივ. მოხდა მეზობელი ქვეყნების, უკრაინა – რუსეთის ომი, დაემთხვა თურქეთში მიმდინარე რთული ეკონომიკური სიტუაცია, ევროპაში მიმდინარე პროცესები, ნავთობის ფასის ვარდნა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ამ ყველაფერმა, გარკვეულწილად, ასახვა ჰპოვა ჩვენს ეკონომიკაზე. ვინაიდან ეს ქვეყნები იყვნენ ჩვენი საგრეო-სავაჭრო პარტნიორები. ასევე, ამ მოვლენებმა გარკვეული ზეგავლენა იქონია ინვესტიციების შემცირებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ, რთული წელი იყო და მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს მეტნაკლებად გაეძლოთ ამ სირთულეებისთვის.
რაც შეეხება იმ სამ ფაქტორს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო 2014 წელს ქართული ეკონომიკისთვის:
1) პირველ რიგში გამოვყოფდი სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებს. ღვინის რეკორდული რაოდენობა გავიდა ექსპორტზე. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში მოხდა ძირეული გარდატეხები, დაიწყო რეფორმები და ხდება დარგის სრულყოფა.
2) მეორე, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო დაზღვევის სფერო. საყოველთაო დაზღვევა სრულად გადავიდა სახელმწიფოს მმართველობაში და სრულად მოიცვა საქართველოს მოსახლეობა.
3) და მესამე, საბანკო სექტორში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენები. არაპროფილური აქტივები, როგორც იქნა, გამოეყო ბანკებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ შეიქმნას მყარი ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში.
09.01.2015
წყარო: http://bfm.ge/index.php?newsid=8694#.VLDtRslnhXV