January 14, 2015
როგორი 2015 გვექნება?
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD
ყველაზე დიდი ფაქტორი, რომელზედაც დამოკიდებულია მსოფლიო ეკონომიკა – დოლარის გაცვლითი კურსია. დოლარი უპრეცენდენტოდ გამყარდა, რამაც სასაქონლო ბირჟებზე ფასების ვარდნა გამოიწვია, განსაკუთრებით – საწვავზე. რა მოელის დოლარის კურსს 2015 წლისთვის?
ამერიკის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლი 2.4%-ის ირგვლივაა, ამასთან, ჟანეტ იელინის მიერ 8 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის არ აპირებს გააგრძელოს ე.წ. „შერბილბის პოლიტიკა“, ობლიგაციების შეძენა და იაფი ფულის გადასროლა ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ ბენ ბერნანკეს მიერ დატოვებულ „მემკვიდრეობას“ შეცვლიან და რეფინანსირების საპროცენტო მაჩვენებელი 0.25%-დან გაიზრდება. სადამდე? ალბათ, 2015 წლის განმავლობაში 0.5 ან 0.75%-მდე. იელინმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია აშშ-ის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების გაურესებით, რისი მიზეზიც ნავთობის ფასების ვარდნაა, რომელიც ზუსტად სად გაჩერდება არავინ იცის, თუმცა, ვფიქრობ, იელინის განცხადება სწორედ იმის მაუწყებელია, რომ 2015 წლის ივნისიდან ნავთობის ფასი მეტად აღარ შემცირდება და ის 40 დოლარს არ ჩამოსცდება. რა არის ასეთი დასკვნის საფუძველი?
პირველი ის, რომ საუდის არაბეთი, რომელიც ოპეკის წამყვანი ქვეყანაა, ხელისუფლების და მიდგომების ცვლილებაშია. იქ მეფე იცვლება. გარდა ამისა, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ მას ხელს აძლევს ნავთობის ფასის შემცირება, რათა აშშ-ში ფიქლის გაზის პროექტების განვითარებას ხელი შეუშალოს. თუმცა, მეორე მხრივ, ნავთობის ღირებულება ბარელზე 40 დოლარს ქვევით, სერიოზული დანაკარგის წყარო გახდება და ამის უფლებას აშშ-ს ხათრითაც ვერ მისცემს საკუთარ თავს.
მეორე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა თავის როლი შეასრულეს და რუსეთი არ აპირებს კიდევ ახალი ტერიტორიების დაპყრობას (ეს განცხადება ცალკე განხილვის საგანია პოლიტიკურ ჭრილში). ვფიქრობ, ეს იმის ნიშნანია, რომ შესაძლოა ახლო მომავალში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გადაიხედოს.
ასევე, რუსეთს მისცენ უკან დახევის საშუალება ისე, რომ მთლად არ დაეცეს საერთაშორისო ასპარეზზე და უკრაინაში მიიღონ გაყინული კრიზისი, სადაც რუსეთი კიდევ დახარჯავს ფულს და უფრო დასუსტდება ეკონომიკურად, მაგრამ მართვადი გახდება. ეს გვაფიქრებინებს, რომ ნავთობის ფასების ვარდნა წლის პირველ ნახევარში შეჩერდება.
მესამე, ევროპა რეცესიის და დეფლაციის წინაშეა და, ბუნებრივია, მის ეკონომიკას სტიმულირება სჭირდება. რუსეთზე განხორციელებულმა სანქციებმა მასზე სერიზიული ზეგავლენა იქონია და ამის დიხანს გაგრძელება ევროპას არ ძალუძს.
მეოთხე, ჩინეთის ეკონომიკა შენელდა, რომელიც მის ძირითად პარტნიორებს – აშშ-სა და ევროპას ემუქრება. აქედან გამომდინარე: მყარი დოლარი შენარჩუნდება 2015 წლის განმავლობაში და მეორე ნახევარში ის დაიწყებს შესუტებას, რაც აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას მისცემს ინფლაციური პროცესების მართვის საშუალებას.
გარდა ამისა, ის იქნება ექსპორტისა და სამუშაო ადგილების ზრდის მასტიმულირებელი, გაზრდის ახალი სახლების რაოდენობას და დაარეგულირებს ვალების სიმძიმეს, რომელმაც მშპ-ის 125% შეადგინა წლის დასაწყისისთვის. ამ პირობებში, ხორბლის ფასი იტრიალებს 280-300 დოლარის ირგვლივ, შაქრის – 450 დოლარის, ოქროს – 1100 და წლის ბოლომდე დაეცემა სხვა ფერადი ლითონის, რკინის ფასი. მსოფლიო ეკონომიკა ზოგადად შედის ზრდის შენელების ფაზაში და 2015 წლისთვის საერთო ზრდის მაჩვებნეებლი 2.2-2.4% იქნება.
ბუნებრივია, ეს პრობლემებს შექმნის განვითარებად ქვეყნებშიც, წლის ფავორიტი მხოლოდ აშშ იქნება. ევროპას საბერძნეთი და საერთო სავალო სიმძიმის ზრდა შეუქმნის პრობლემას. განვითარებულ ქვეყნებში საგრეო ვალების სიმძიმის ზრდა 2015 წელს გააგრძელდება და ის წითელ ხაზად იქნება გავლებული მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისათვის.
კორპორატიულ ნაწილში გაგრძელდება ფარმაცევტული გიგანტების შერწყმა, გაიზრდება მანქანათმშენბლობის სექტორი და ის 2007 წლის მაჩვენებელს მიუახლოვდება 2016 წლის პირველ ნახევარში. გაგრძელდება ევროპის რეინდუსტრიალიზაციის სპროცესი. ევროპა მთელი წელი რეცესიის პირას იქნება, რაც უკრაინა-რუსეთის ომთან და საბერძნეთის კრიზისთან ერთად იქნება დესტაბილიზაციის წყარო ეკონომიკაში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკა მყარად მძიმე მდგომარეობაში იქნება მის ყველა საგარეო სავაჭრო პარტნიორის სირთულეების გამო. პრობლემები შეექნება ექსპორტს, განსაკუთრებით ტრადიციულ ბაზრებზე – რუსეთი, უკრაინა და ევროპის მიმართულებით. ასევე, სავალუტო ტრანსფერებს რუსეთიდან და საბერძნეთიდან.
ინვესტიციების მოცულობა მწირი იქნება – 1 მილიარდამდე, 850 მილიონს ირგვლივ და აქედან გამომდინარე, ლარის გაცვლითი კურსი ვოლატურობას შეინარჩუნებს.
ინფლაციის მაჩვენებელი 2-2.5% დონეზე შენარჩუნდება, ბიუჯეტის დეფიციტი 4%, ხოლო საგარეო ვალები 15%-ით გაიზრდება, ამასთან, გაძვირდება მათი მომსახურება და ფაქტიურად არ შეიცვლება უმუშევრობის მაჩვენებელი. ეკონომიკის ზრდა 4%-ის ფარგლებში იმერყევებს. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.8555 -1.899 დონეზე.
საბანკო სექტორის ზრდა შემცირდება და სამოქალაქო მშენებლობის. 5-6%-ით გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ამდენითვე შემცირდება სოფლის მეურნეობა. ზოგადად, მდორე წელი გველოდება რადიკალური ცვლილებების გარეშე.