2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები – ექსპერტების შეფასება

4

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი: „2014 წელი საკმაოდ ცუდი წელი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაცია დაიხატა ჩვენს ირგვლივ. მოხდა მეზობელი ქვეყნების, უკრაინა – რუსეთის ომი, დაემთხვა თურქეთში მიმდინარე რთული ეკონომიკური სიტუაცია, ევროპაში მიმდინარე პროცესები, ნავთობის ფასის ვარდნა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ამ ყველაფერმა, გარკვეულწილად, ასახვა ჰპოვა ჩვენს ეკონომიკაზე. ვინაიდან ეს ქვეყნები იყვნენ ჩვენი საგრეო-სავაჭრო პარტნიორები. ასევე, ამ მოვლენებმა გარკვეული ზეგავლენა იქონია ინვესტიციების შემცირებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ, რთული წელი იყო და მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს მეტნაკლებად გაეძლოთ ამ სირთულეებისთვის.

2014 წელი დასასრულს მიაუხლოვდა. ქვეყნის ეკონომიკაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ხელისუფლების მისამართით გაისმოდა როგორც კრიტიკა, ასევე პოზიტივი. განსაკუთრებით აღსანიშნავი მოვლენა იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, რამაც საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა გაუჩინა. წლის ბოლოს, ლარის კურსის მკვეთრმა ცვლილებამ მოსახლეობაში აჟიოტაჟი და პანიკა გამოიწვია. მნიშვნელოვანი იყო ინვესტიციების შემოდინება, რამაც 2014 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა.

ასე რომ, 2014 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო სავსე. გაზეთ „ბანკები და ფინანსებთან“ ეკონომიკის ექსპერტები 2014 წლის შეფასებას აკეთებენ.

“ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, თუმცა რამდენად ეფექტური იქნება ეს ხელშეკრულება, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული”

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი: “2014 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე იყო, როგორც გარკვეული მაკროეკონომიკური პარამეტრების არასტაბილურობის თვალსაზრისით, ასევე, თავად საბიუჯეტო პროცესიც მეტნაკლებად პრობლემურად წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ გარკვეული გარღვევა მოხდებოდა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირების თვალსაზრისით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის თვალსაზრისით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, ეს შედეგები კვლავ ვერ იქნა მიღწეული. ჩვენ კვლავ გარდამავალი ეტაპი გვაქვს ეკონომიკაში, ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკა, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ასევე, გვაქვს ხარვეზები თავად ამ პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტების გამოკვეთის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე იყო 2014 წელი.
რაც შეეხება ეკონომიკაში მომხდარ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, ჩემი აზრით:
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, შეიძლება ისტორიულიც კი ვუწოდოთ, ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროპარლამენტის მიერ და პრაქტიკულად ახალი შესაძლებლობების გაჩენა საქართველოსათვის გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის თვალსაზრისით. რამდენად სწორად გამოვიყენებთ და რამდენად ეფექტური იქნება ეს ხელშეკრულება ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.

მეორე მნიშვნელოვან საკითხად მინდა დავასახელო უარყოფითი თემა, დაკავშირებული სავიზო რეგულაციის გამკაცრებასა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა-გაყიდვის მორატორიუმთან დაკავშირებით. მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და ამ შეცდომის გამოსწორება მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესს.

და მესამე, მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის და განხორციელების პროცესი. მე ვთვლი, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რამდენიმე პროექტი, რომელსაც 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი, იმედს გამოვთქვამ, რომ შემდეგ წლებშიც გავრცელდება. ესენია, ანაკლიის პორტის მშენებლობა, გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი და ყველა ის მსხვილი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული თუ ლოჯისტიკური პროექტი, რომლის ინიცირებაც 2014 წელს მოხდა. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები საფუძველი გახდება იმ შესაძლებლობების სრულად რეალიზებისთვის რაც ევროპასთან

ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ საქართველომ მიიღო და საბოლოო ჯამში ეს გახდება ეკონომიკური ზრდის საფუძველი, ოღონდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების პირობებში.”

“2014 წელი, ისე როგორც 2013, ხელისუფლების მიერ ხელიდან გაშვებული წლებია, ვინაიდან კრიზისის დაძლევა ვერ მოხერხდა”

დემურ გიორხელიძე, ანალიტიკოსი: “2014 წელი ქართული ეკონომიკისთვის არაფრით გამორჩეული წელი არ ყოფილა, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ შენარჩუნდა 2013 წლის ტენდენციები. კერძოდ, არაეფექტური საშინაო პოლიტიკა რაც არ იძლევა პრობლემების დაძლევის საშუალებას.

რაც შეეხება ეკონომიკაში მომხდარ სამ მნიშვნელოვან მოვლენას:

პირველ რგიში, ეს არის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, რომელმაც მომავალში შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე.

მეორე, ნეგატიურ კონტექსტში, ეს არის ლარის კურსის სერიოზული რყევა და დევალვაცია ორი ტალღის მეშვეობით, რომელმაც სერიოზული დანაკარგები გამოიწვია მოსახლეობაში და ბიზნესში.

მესამე მოვლენა ეს არის ის, რომ 2014 წელი, ისევე როგორც 2013, ხელისუფლების მიერ ხელიდან გაშვებული წლებია, ვინაიდან კრიზისის დაძლევა ვერ მოხერხდა. არ შექმნილა სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალია.”

“საკმაოდ რთული წელი იყო და მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს, მეტნაკლებად, გაეძლოთ სირთულეებისთვის”

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი: “2014 წელი საკმაოდ ცუდი წელი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაცია დაიხატა ჩვენს ირგვლივ. მოხდა მეზობელი ქვეყნების, უკრაინა – რუსეთის ომი, დაემთხვა თურქეთში მიმდინარე რთული ეკონომიკური სიტუაცია, ევროპაში მიმდინარე პროცესები, ნავთობის ფასის ვარდნა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ამ ყველაფერმა, გარკვეულწილად, ასახვა ჰპოვა ჩვენს ეკონომიკაზე. ვინაიდან ეს ქვეყნები იყვნენ ჩვენი საგრეო-სავაჭრო პარტნიორები. ასევე, ამ მოვლენებმა გარკვეული ზეგავლენა იქონია ინვესტიციების შემცირებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ, რთული წელი იყო და მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს მეტნაკლებად გაეძლოთ ამ სირთულეებისთვის.

რაც შეეხება იმ სამ ფაქტორს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო 2014 წელს ქართული ეკონომიკისთვის:

პირველ რიგში გამოვყოფდი სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებს. ღვინის რეკორდული რაოდენობა გავიდა ექსპორტზე. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში მოხდა ძირეული გარდატეხები, დაიწყო რეფორმები და ხდება დარგის სრულყოფა.

მეორე, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო დაზღვევის სფერო. საყოველთაო დაზღვევა სრულად გადავიდა სახელმწიფოს მმართველობაში და სრულად მოიცვა საქართველოს მოსახლეობა.

და მესამე, საბანკო სექტორში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენები. არაპროფილური აქტივები, როგორც იქნა, გამოეყო ბანკებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ შეიქმნას მყარი ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში”.

“მოსახლეობის დიდ ნაწილს წლის დასაწყისში ჰქონდა განცდა, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო შთამბეჭდავი, დინამიური იქნებოდა, ვიდრე ეს რეალურად მოხდა”

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: “2014 წელს, ეკონომიკასთან დაკავშირებით, მოლოდინი უფრო მეტი იყო, ვიდრე ფაქტობრივი მდგომარეობა. მართალია ამ ყველაფერს თავის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა, იყო გარე ფაქტორებიც, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს წლის დასაწყისში ჰქონდა განცდა, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო შთამბეჭდავი, დინამიური იქნებოდა და მათი კეთილდღეობაც გაცილებით უფრო მეტად გაიზრდებოდა, ვიდრე ეს რეალურად მოხდა.

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკაში 2014 წელს მომხდარ 3 მნიშვნელოვან მოვლენას, ჩემი აზრით, ესენია:

პირველი, გამოვყოფდი სოფლის მეურნეობის სექტორს სადაც მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. თუმცა, ფართო ჩართულობას სოფლის მეურნეობის სექტორში, უდაო უპირატესობებთან ერთად თან ახლავს ის მომატებული რისკები, რაც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში გარკვეული სანქციებისა და პოლიტიკური თამაშის წესების გამო ხდება. იგივე რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებით საქართველოც საკმაოდ დაზარალდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფულადი ტრანზაქციების მოცულობა 37 მილიონი დოლარით შემცირდა. რაც საგრძნობი კლებაა არამარტო საქართველოს არამედ უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისვისაც კი.

მეორე საკითხია ლარის კურსი და ის შოკი რომელიც თან ახლდა ლარის კურსს. რამაც გამოიწვია, რისკის ფასის საგრძნობლად მომატება.
მესამე და დადებითი. სხვა, მსოფლიო და მეზობელი ქვეყნების ფონზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად ყველაფრისა, შედარებით მაინც მაღალი იყო.

“აწარმოე საქართველოში” და მისი მსგავსი პროგრამები, მოკრძალებული, მაგრამ მაინც ყურადსაღები ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ საქართველოში ადგილობრივ წარმოებას გარკვეული წახალისება ჰქონდეს.”

მიხეილ დუნდუა, ეკონომიკის ექსპერტი: “საკმაოდ ბევრი რამ მოხდა 2014 წელს საქართველოს ეკონომიკაში. გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ასევე, გაიზარდა ევროკავშირში სუფთა ექსპორტი. ათი თვის განმავლობაში სუფთა ექსპორტის ზრდა იყო 20%, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის მაჩვენებელი გაიზარდა. სამი კვარტლის მონაცემებით საკმაოდ დიდი რაოდენობის ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში.

რაც შეეხება 3 ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენას:
პირველი და მთავარი მოვლენა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, რომელმაც ქვეყანას გზა გაუხსნა ევროპისკენ. გაჩნდა პერსპექტივა, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და საექსპორტო პოზიციები ევროკავშირის მიმართულებებით კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.

მეორე, მნიშვნელოვანი იყო პირდაპირი ინვესტიციების ზრდა მიმდინარე წელს, მესამე კვარტლის მაჩვენებელი 99%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 155%-ით მეტია 2012 წლის მონაცემებთან შედარებით. მთლიანობაში, მიმდინარე სამ კვარტალში შემოსულმა ინვესტიციებმა აჯობა 2009-2010 და 2012 წლებში, მთლიანად წლის განმავლობაში შემოსული ინვესტიციების ჯამურ რაოდენობას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საინვესტიციო დაბანდებების საქართველოში აქტიურდება.

და მესამე, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ლართან დაკავშირებული სიტუაცია. მინდა გითხრათ, რომ ლარის კურსის ვარდნის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ეროვნული ბანკის ქმედება 2013 წელს, როდესაც მან მიმოქცევიდან ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი ამოიღო და ამ ამოღებული თანხიდან 250 მილიონი დოლარი ეკონომიკაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. სწორედ ამ პროცესმა, დოლარის მიმოქცევიდან ამოღებამ გააჩინა დოლარის დეფიციტი, რამაც იმოქმედა ლარზე. ეროვნულმა ბანკმა ეს ახსნა, რომ წინა პერიოდში აღებული სახელმწიფო ვალის დასაფარად სჭირდებოდა ეს თანხა, გამოდის, რომ ის თანხა, დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი, და სხვა დახმარებები და კრედიტები რომლებიც 2008-12 წლებში მიიღო ქვეყანამ ეფექტურად რომ გამოყენებულიყო, მაშინ ახლა ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემები არ შეიქმნებოდა. ბანკი იმართლებს თავს, რომ წინათ აღებული ვალის გასასტუმრებლად შევიძინე დოლარიო, ეს ნიშნავს, რომ ლარის კურსს საფრთხე იმიტომ შეექმნა, რომ ძველი ვალის დაფარვის დრო დადგა. ვალის აღების დროს ყველაზე მტკივნეული მომენტია, როცა მისი გადახდა გვიწევს, არადა 40% იყო მთლიანი შიდა პროდუქტის ის 4.5 მილიარდი დოლარი, ნაწილი კრედიტი ნაწილი გრანტი, რაც მიიღო სახელმწიფომ, წარმოიდგინეთ 40%-იანი დახმარება და ამ დროს ეკონომიკის ზრდა 2008-12 წლებში საშუალოდ იყო 3.8%. შესაბამისად ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს თანხა ძალიან არაეფექტურად იქნა გამოყენებული და დარტყმა ამ ვალმა მიაყენა ეკონომიკას და ლარს 2013 და 2014 წლებში, როცა უკვე გვიწევს ამ თანხის გადახდა.”

ავტორ(ებ)ი : გაზეთი „ბანკები და ფინანსები“

Comments

comments