როგორ ვეურჩებით ევროპას და რატომ ვერ მიიღებს საქართველო სიმწიფის ატესტატს

თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია

მართლა გარდატეხის ასაკში ვართ (იგულისხმება ქართველები) და თანაც, სერიოზული “თინეიჯერიზმი” გვჭირს. ცოცხალი თავით არ გვინდა მეცადინეობა და ევროინტეგრაციის მისაღები გამოცდის ჩაბარება. არადა, სულ ამას გავიძახით და ამის დეკლარირებაში ვართ – ევროპისაკენ მივდივართ და სამეზობლო პროგრამის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ვუახლოვდებით ევროპასო, მაგრამ, როგორც სჩანს, პირიქით – არ ვასრულებთ საშინაო დავალებებს. ამიტომაც, ევროპა გაბრაზდა და გვტუქსავს. უი, უკაცრავად, “ვნევროზულობ” და ძალიან დაულაგებელი ქართულით ვმეტყველებ, მაგრამ დალაგებულით რომ მელაპარაკა, გასაკვირი ის იქნებოდა. რაზეა ლაპარაკი? ევროინტეგრაციაზე, ანუ საქართველოს ევროპასთან შერწყმა-შედუღაბებაზე. ეს რად გვინდა? იმად, რომ ობუჯური წარმოშობის სულუგუნი და ოფშკვითის წიწმატი ამსტერდამის ქუჩებში გავყიდოთ და “შემოიხედე გეანცვალეს” რესტორნის ფილიალი ბასტილიის ციხესთან გავხსნათ და, რაც აქ ვერ ვიშოვეთ, იქ ვიშოვოთ, ან პირიქით!

ამ საქმეში დიდი შავ-ბნელი ლაბირინთებია. მიუხედავად იმისა, რომ შარშან, წლის ბოლოს ევროპასთან დაახლოების საიდუმლო სტრატეგია შემუშავებულა, სადაც, როგორც ხმები ამბობენ, გაწერილია, სად, რა, როდის, ევროპა, რომელიც ამ მნიშვენლოვან დოკუმენტს ასევე ასაიდუმლოებს, არ არის კმაყოფილი და ჩვენმა საგამოცდო ცენტრმა ტონიც შეიცვალა. არ არიან კამყოფილნი სურსათის უვნებლობის კანონის ამუშავებით, აკონკურენტული კანომდებლობის რედაქტირების ტემპით, სტატისტიკის სამსახურის რეფორმირებით, ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტიზაციის სისტემის მოშლით, შრომითი კანონმდებლობით, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვით და ა.შ.
მდაა… ჩვენ ასე ვერ ავიღებთ სიმწიფის ატესტატს. რა სტრატეგია უშველის ამას, ალბათ, ევროპისგან ასე შორს არასოდეს ვყოფილვართ. ან გვითხარით, რა სტრატეგია დაწერეთ ასეთი და არ გვიმხელთ, იქნებ, ჩვენც გითხრათ რამე, თუ არადა, გასკდა გული ამდენი ევროპული შენიშვნებით.
საშეღავათო საქონლის 7200-ათასიანი სიიდან, ჩვენ 28 შეგვაქვს ევროპაში და იქიდანაც ძირითადად 3-ია რეალური. გვაძლევენ ამ შეღავათებს, მაგრამ რად გინდა, ვერ ვიყენებთ და ხშირად არც ვიცით. ამაზე ეკონომიკის სამინისტროს ერთმა წარმომადგენელმა ერთ-ერთ თავყრილობაზე განცხადა, კიო, აშშ-ში წავიყვანეთ მეთხილეები და მეღვინეები და იქ ავუხსენით რას ნიშნავს GშP+. კი მაგრამ, თქვე დალოცვილებო, ოზურგეთში ვერ აუხსნიდით, რას ხარჯავდით ამდენ ფულს? ჰოდა, გაბრაზდნენ ევროპელები, რას დაშხუილობთო და იფხუკებიან.
ქართულ მხარეს რომ ჰკითხო, თუ სურსათის ხარისხისა და უვნებლობის კანონს სრულად ავამოქმედებთ, საქართველოში შეწყდება ნაგავი კვების პროდუქტების წარმოება და ლარიანი სერველადი ძეხვი 4 ლარი ეღირება. ჰოდა, ამ გაძვირებას ისევ ისა სჯობს, ჩვენმა თანამემამულეებმა იაფი და უვარგისი სჭამონ და სვან, მაინც მიჩვეულები და კამყოფილები არიანო.
შრომის კანონი რომ შევცვალოთო, მუშა-ხელი გაძვირდება, უფლებების დაცვას მოითხოვენ, ინვესტორები დაფრთხებიან და სტანდარტიზაცია დაღუპავს ბიზნესს და ქართულ წარმოებასო. ჩვენ ყველაფერი არაორდინალური და არასტანდარტული გვიყვარს. რას ერჩი, რკინის ლოგიკაა. აბა, რა უნდა ამ ევროპას, რას გვერჩის, ეტყობა, არ გვინდა ამ ევროინტეგრაციის დაჩქარება. გრანტები გვინდა, ევროინტეგრაცია კი ჯერ არა. სტრატეგია გვაქვს, იცოცხლე, ალბათ, ტყვიას ტყვიაში აჯენს და ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი საიდუმლო მტერმა არ ნახოს და თვალი არ სცეს. გარდა ამისა, ეს ევროპა რაღაც კაი თანხას არ იხდის ამ ინტეგრაციაში, ისე უნდა ანგელოზივით ქართველების თავის განვითარებული ეკონომიკით ევროპაში შეტყუება, მაშინ, როცა ამ საქმეში ამერიკა 90 მილიონს იხდის. ისე, კი ვართ ევროპა, მაგრამ იდეებს რა ვუყოთ, იდეებს?!
კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა დავუთმოთ ევროპას, აქეთ დაგვითმოს თუ კარგია, და საერთოდ, გვაცალონ ბატონო, გვაცალონ! აგერ, სტრატეგია ხომ დავწერეთ, მერე კვლევას დავიწყებთ და ერთ-ორ გრანტს “დავირტყამთ”, შემდეგ ანალიზს და სემინარებს ჩავატარებთ სადმე, მაგალითად, ახალ ზელანდიაში, არა, იქ საშიშია, არგენტინა სჯობს ან ბრაზილია, წყნარი ადგილია, თან მხიარული ხალხი ცხოვრობს და ვიმსჯელებთ ასე ცხარედ საჭირბოროტო საკითხებზე, რა თქმა უნდა, სრულიად საიდუმლოდ – ეს თურმე ევროპელების მოთხოვნაა. მერე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძირითად კონტურებზე ვიმსჯელებთ და ასე… ნელ-ენლა. ეტყობა, არ იციან ევროპელებმა ქართული ანდაზა – მოჩქარეს მოუგვიანდესო!
ისე ვჭიდაობთ, როგორც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და ამით გამწარებული და მოთმინებადაკარგული მშობლები ცდილობენ სასკოლო გამოცდების წინ, 5 წლის 50 საგნის პროგრამა 5 თვეში შეასწავლონ თავის კოპერფილდებს და საცოდავებმა არ იციან, როგორ, რა ინექციით შეიყვანონ ერთ პაწაწკინტელა თავში იმდენი ფორმულა, თარიღი თუ წესი.
არა, ამ ეტაპზე, ალბათ, სიმწიფის ატესტატის გარეშე დავრჩებით. ჰოდა, ძალიანაც კარგი, ჩვენც დავისვენებთ და ევროპაც…
ქრისტე აღსდგა!

Comments

comments