April 11, 2011
TBC ბანკი “კონსტანტას” ყიდულობს
ქართული საბანკო სექტორის ერთ–ერთი ლიდერი „თიბისი ბანკი“ ბანკ „კონსტანტას“ ყიდულობს. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ გარიგების შედეგად შესაძლოა საქართველოს 19 კომერციული ბანკიდან ბაზარზე 18 დარჩეს. ინფორმაციას “ეკონომიკური პალიტრა” ავრცელებს.
„თიბისი ბანკი“ რადიო „კომერსანტს“ ექსკლუზიურად უდასტურებს, რომ ბანკ „კონსტანტას“ აქციებს ყიდულობს. როგორც „თიბისიდან“ გვაცნობეს, მოლაპარაკება მიმდინარეობს „კონსტანტას“ 60–70%–ის შესყიდვაზე. ოფიციალურ პრესკონფერენციას ამ თემაზე მხარეები მომავალ კვირაში გამართავენ.
„კონსტანტას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ შეთანხმების პროცესში კვირის ბოლოსთვის დასრულდება, ამჟამად მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა და კონკრეტული განცხადებები მომდევნო კვირაში გაკეთდება.
საბანკო სექტორში მოსალოდნელ ერთ-ერთ უმსხვილეს გარიგებას ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ეხმაურება. ზურაბ გვასალიას შეფასებით, ეს ორივე ბანკის გაძლიერებას ნიშნავს. ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, „თიბისი“ პრაქტიკულად ახალ სეგმენტში შედის, ხოლო „კონსტანტა“ ამ გარიგებით დიდი საბანკო ბაზრის ნაწილი ხდება. ექსპერტის თქმით, ამ გარიგების შედეგად არ არის გამორიცხული კლიენტთა ნაწილი ბაზრის კიდევ ერთმა მოთამაშემ „პროკრედიტმა“ დაკარგოს, რადგან ის და „კონსტანტა“ დაახლოებით ერთი და იგივე სეგმენტზე მუშაობდნენ.
თუმცა თავად “პროკრედიტ ბანკი საქართველო” ვერ ხედავს საფრთხეს კლიენტების დაკარგვის მხრივ, რადგან, მათი თქმით, “პროკრედიტი” ლიდერი იყო საკუთარ საბანკო პოზიციებში და აპირებს ლიდერობა მომავალშიც შეინარჩუნოს.
შეგახსენებთ: ქართული საბანკო ბაზარი უკვე იცნობს ერთი ბანკის მიერ მეორის ყიდვას და შერწყმას. პირველი ასეთი მსხვილი გარიგება „საქართველოს ბანკის“ მიერ „უნივერსალბანკის“ შეძენა იყო.
საქართველოს საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი გადაადგილებების შესახებ ცნობები ქართულ მედიაში თვის დასაწყისში გაჩნდა. ამ ინფორმაციების თანახმად, ერთი მსხვილი ბანკი მეორე ადგილობრივ ბანკს შეიძენს. ასევე ქართულ საბანკო სექტორში მსხვილი არაბული ინვესტიცია შემოდის.
წყარო: კომერსანტი