”ხელფასების მომატების გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება”

სავალუტო ფონდი ინფლაციის სტიმულირების თავიდან ასაცილებლად საქართველოს მთავრობას ურჩევს ხელფასები არ გაზარდოს. ფონდის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ხელფასების ზრდა ინფლაციას გაზრდის. ფონდის ანალიტიკოსების შეფასებით, ამ რეგიონებში ფისკალური საჭიროებები იზრდება და მთავრობებს უძნელდებათ იმ ზეწოლასთან გამკლავება, რაც ხელფასების, პენსიების და სხვა სოციალური ხარჯების გაზრდას გულისხმობს. ფონდს მიაჩნია, რომ ღარიბთა დასაცავად უფრო ეფექტური სოციალური დაცვის სისტემები უნდა შემუშავდეს. ამავდროულად მთავრობებმა არ უნდა დაუშვან ხელფასების ზრდა,  რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის ვალის მდგრადობას და გაზრდის კრედიტუნარიანობის ზღვრულ დონეს.

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი სავალუტო ფონდის რეკომენდაციას არ იზიარებს. ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ  ხელფასების ზრდა ანუ მიმოქცევაში ფულის მასის გაზრდა ინფლაციის სტიმულატორია. თუმცა, ხელფასების მომატების გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება. მისი თქმით, ხელფასები უნდა გაიზარდოს, რადგან ეს ბაზარზე დანახარჯებს გაზრდის და ხელს შეუწყობს  ეკონომიკის განვითარებას. ყოფილი სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის შეფასებით, თუ იზრდება ხელფასი, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ინფლაციაზე, მაგრამ ხელფასის გაზრდაზე უარის თქმის ობიექტური  საფუძველი დღეს არ არსებობს. მისი ინფორმაციით, შარშან ხელფასის ზრდის მაჩვენებელი ინფლაციის ზრდის მაჩვენებელს  60%–ით ჩამორჩებოდა. ექსპერტის განმარტავს, რომ რამდენიმე წელია დასაქმების მაჩვენებელი არ იცვლება, ინფლაცია იზრდება და  უამრავ ოჯახს მინიმალური ხელფასიც არ გააჩნია.

წყარო:  კომერსანტი

Comments

comments