May 3, 2013
კომუნიკაციების კომისია მობილურის ბალანსის შევსებაზე საკომისიოს დაწესების საკითხის შესწავლას არ პირებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია მობილური ოპერატორების მხრიდან სატარიფო პოლიტიკის ცვლილებას კარტელურ შეთანხმებად აფასებს.
როგორც ჯგერენაია რადიო ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, მობილური კომპანიების მხრიდან სწრაფი გადახდის აპარატებისთვის სუბსიდირების შეწყვეტა და მომსახურების საკომისიოს მომხმარებლისთვის დაკისრება არასამართლიანია. ჯგერენაია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საკითხის გამოკვლევისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ კომისია ამ სფეროში ანტიმონოპოლიური სამსახურია და ევალება საკითხის გარკვევა.
მარეგულირებელ კომისიაში რადიო “კომერსანტს” განუმარტეს, რომ ამ საკითხით კომისია არ დაინტერესდება, რადგან ეს მათი რეგულირების სფეროში არ შედის. კომისიის განმარტებით, საკითხი კომპანიების მხრიდან მომსახურების საფასურს ეხება და ეს მობილური ოპერატორების გადასაწყვეტია. მარეგულირებლის განცხადებითვე, მომხმარებელს ანგარიშის შევსების ალტერნატიული საშუალებებიც აქვს და თანხის ჩარიცხვა დანაკარგის გარეშე შეუძლია.
წყარო: კომერსანტი