ექსპერტები ნავთობ–კომპანიებს საწვავისა და მომსახურების ხარისხის გაუარესებაში ადანაშაულებენ

9232sawvaviექსპერტთა ნაწილი ნავთობკომპანიების მხრიდან უხარისხო საწვავის რეალიზაციაზე საუბრობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია „კომერსანტის“ ეთერში ამბობს, რომ საწვავის ხარისხი გაუარესებულია.

მისი თქმით, „სუპერის“ ტიპის საწვავი საერთოდ არ შემოდის ქვეყანაში. თუმცა, ამ სახელით საწვავი მაინც იყიდება „სუპერის“ ფასში, რაც კომპანიებისთვის საკმაოდ დიდი მარჟაა. ჯგერენაიას განცხადებითვე, ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ დაეცა ნავთობის ფასები, ხოლო საქართველოში ტარიფები არ მცირდება. მისივე მტკიცებით, კომპანიები საწვავის ჩასხმის დროს რაოდენობაშიც იტყუებიან. ექსპერტის თქმით, რეალურად დღეს კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, რაც სერიოზული პრობლემაა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ ქსელური კომპანიების პროდუქცია სტანდარტებს შეესაბამება. ვანო მთვრალაშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში ყველაზე მოხმარებადი „რეგულარის“ ტიპის საწვავია, რომელიც ევროპის ქვეყნებიდან შემოდის და ევრო–2 და ევრო–3 სტანდარტისაა. შემდეგ მოდის პრემიუმის და სუპერის საწვავი, რომელიც ასევე ევროპული ქვეყნებიდანაა და ევრო–4, ევრო–5 კატეგორიას მიეკუთვნება.

ვანო მთვრალაშვილის განცხადებითვე, დღეს არ არსებობს საწვავის ხარისხის კონტროლი, რაც ბუნებრივია გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს. თუმცა, მისი თქმით, ფიზიკური პირების გარდა, საწვავს სახელმწიფო უწყებებიც ყიდულობენ, რომლებიც პერიოდულად ამოწმებენ ხარისხს და უხარისხო პროდუქციის არსებობა არასოდეს დადასტურებულა.
წყარო: კომერსანტი

Comments

comments