May 3, 2013
ემზარ ჯგერენაია: მობილური ოპერატორების მიერ საკომისიიოს დაწესებაზე მარეგულირებელმა არავითარი ზომა არ მიიღო
ინტერვიუ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემზარ ჯგერენაიასთან
რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში დღესაც, ხელისუფლების ცვლილებისდან 7 თვის თავზე არსებობს მონოპოლიები, კარტელური გარიგებები? დაასახელეთ მიმართულებები, სადაც ეს პრობლემები დგას.
ამ მიმართულებით ორი პრობლემა არსებობს: საკანონმდებლო, ინსტიტუციონალური, რომელიც უნდა გადაიჭრას აუცილებლად და მეორე, პოლიტიკური ნება. რაც ხდებოდა, იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო. პოლიტიკური ნება არის აუცილებელი მომენტი, რათა ერთმა და ორმა კომპანიამ ბაზრის მონოპოლიზება არ მოხდინოს. მაგალითად „საქართველოს ფოსტა“ იყო გადაზიდვებში მონოპოლისტი. რაც შეეხება კარტელურ შეთანხმებას, ეს შეთანხმება საწვავის კომპანიებში არსებობდა და არსებობს დღესაც. საწვავის კომპანიებმა გააუარესეს ხარისხი და რაოდენობაშიც საკმაოდ აკლებენ. ეს ფაქტია და ეს არავის მხრიდან არ კონტროლდება.
ასევე მობილური კომპანიების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, როდესაც სამმა კომპანიამ ერთ დღეში დააზარალა მომხმარებლების ინტერესები და მოსახლეობას ტარიფი აუწია. მხედველობაში მაქვს სწრაფი გადახდის აპარატების თემა. მათ სწრაფი გადახდის აპარატებს ვითომ შეუწყვიტეს გადახდა, არადა ამ აპარატებით მიმდინარეობდა 90 პროცენტით ფულის გადახდა, ანუ მოსახლეობას გაუუარესდა მდგომარეობა. ეს მოინათლა როგორც სწრაფი გადახდის აპარატების პრობლემა. რეალურად, GSM ოპერატორებმა გააუარესეს ჩვენი მდგომარეობა. ამასთან, არაცითარი ზომა არ მიიღო მისმა მარეგულირებელმა, რომელიც იმავდროულად ამ სფეროში ანტიმონოპოლიური სამსახურია. მეტიც: მან განაცხადა, რომ ეს მისი საქმე არ არის. ეს არის კარტელური შეთანხმება, რომელიც ამ კომპანიებმა განახორციელეს.
თქვენ ძალიან ხმაურიან განცახდებას აკეთებთ, რომ საწვავის კომპანიებმა გააუარესეს ხარისხი და ეს იგრძნობა ყველა ბენზინგასამართ სადგურზე. ეს არის ყველა კომპანიის შემთხვევაში ?
საწვავის ხარისხი გაუარესებულია, ხოლო საწვავი „სუპერი“ არ შემოდის საქართველოში, მიუხედავად ამისა, ამ ტიპის ბენზინი საქართველოში მაინც იყიდება. თქვენ შეგიძლაით ეს ძალიან მარტივად გადაამოწმოთ.
ნავთობიმპორტიორ კომპანიებს რა ინტერესი აქვთ, რომ საწვავის ხარისხი გააუარესონ?
სუპერის ფასად იყიდება არასუპერი, საკმაოდ დიდი მარჟაა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ დაეცა ნავთობის ფასები და ჩვენთან კი არ შემცირებულა. პლიუს ამას ბოლო პერიოდში თითო ჩასხმის დროს რაოდენობრივად აკლებენ. ამის გადამოწმება ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე შეიძლება.
ვის უნდა გაეკონტროლებინა ნავთობის მიმართულება?
ეს ალბათ არასამთავრობო ან სტანდარტის ორგანიზაციებმა უნდა გაააკონტროლოს, რომელიც ჩვენთან არ არსებობს. როგორი ხარისხის საწვავს მოვიხმართ, ამას დღეს ქვეყანაში არავინ აკონტროლებს. სტანდარტიზაცია ერთ–ერთი სერიოზული პრობლემაა.
რაც შეეხება მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს. სწრაფი გადახდის აპარატების კომპანიები ამბობენ, რომ საქმე გვაქვს „საქართველოს ბანკის“ მხრიდან სხვათა უფლებების დარღვევასთან. თქვენ როგორ თვლით?
ეს არის აბსოლუტური ტყუილი და უსამართლობა „საქართველოს ბანკის“ მიმართ. რეალურად საქმე გვაქვს კარტელურ შეთანხმებასთან, როცა სამივე კომპანიამ, რომლებსაც უჭირავს ფაქტიურად 100 პროცენტი, გააუარესეს მომხმარებლის მდგომარეობა. რაც შეეხება „საქართველოს ბანკს“, ის შეეცადა ბაზარზე საკმაოდ სერიოზული პროდუქტი შემოეტანა, დაეცვა მომხმარებლების უფლებები. “საქართველოს ბანკმა“ ვინმეს აუკრძალა იგივე გააკეთოს? რომელიმე ბანკს აუკრძალა იგივეს გაკეთება? აუკრძალა მაგალითად „კორსტანდარტ ბანკს“ ან „ბანკ რესპუბლიკას“? გააკეთოს სხვამაც, ღია ბაზარია. ნებისმიერს შეუძლია. გადახდის აპარატები „თიბი ბანკსაც“ აქვს და ვინ შეუშალა ხელი სხვას იგივე გაეკეთებინათ? „საქართველოს ბანკი“ იქცევა აბსოლუტურად ნორმალურად, მას მიაბა სხვა პროდუქტი და გამართულ მარკეტინგულ პროგრამას აწარმოებს, რომელიც აბსოლუტურად მიწანშეწონილი და გამართლებულია.
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღება გაჭიანურდა თუ არა?
კანონმდებლობა არსებობს. ეს უწერია მარეგულირებელს კანონში და ის არ სრულდება. ის, რაც წერია, რატომ არ სრულდება და რომელ მარეგულირებელს მოვთხოვოთ პასუხი? რაც გვაქვს მიღებული, იმაზეა ლაპარაკი.
ახალი ხელისუფლების პირობებში ორ მსხვილ სეგმენტში, რომელიც თქვენ მოიყვანეთ, სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეცვლილა. რისი იმედი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, მხოლოდ იმის, რომ პრემიერს აქვს პოლიტიკური ნება?
სიტუაცია შეიცვალა, დღეს აბსოლუტურად სხვა გარემოში ვართ. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საკანონმდებლო დონეზე რა პოლიტიკური ნებაც არსებობს, ის უნდა აღსრულდეს. უნდა განიხილონ საწვავის საკითხი, „ყაზტრანსგაზის“ საკითხი, რომელიც აბსოლუტურად უხარისხო გაზს აწვდის მოსახლეობას და „ფოსტის“ მაგალითი. ამ ოთხი მოვლენის განხილვა იქნება პრეცედენტი, რომ ამ მიმართულებით ახალი ერა დაიწყოს.
წყარო: კომერსანტი