მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა ფინანსთა სამინისტროში

537100_4262663808661_1744168135_n (1)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მუშაობის ტრანსპარენტულობისთვის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საჯარო დისკუსიის ფორმატში განხილვისთვის, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინიციატივით, შეიქმნა ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

მიმდინარე წლის 25 იანვარს, ფინანსთა სამინისტროში გაიმართა ფინანსთა მინისტრთან არსებული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობს ფინანსთა მინისტრი. მის შემადგენლობაში ასევე შედიან მინისტრის მოადგილეები. მისი ძირითადი ამოცანაა, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების განხილვა, კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებისთვის, დაგეგმილი რეფორმებისთვის საჭირო რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ამავე დროს, მუშაობის პროცესში გამოყენებულ იქნას ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც საქართველოში არსებობს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა მრჩეველთა საბჭო. მასში შესულები არიან ცნობილი ფინანსისტები და ექსპერტები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი რჩევები ყველა იმ საკითხზე, რომლებიც პრობლემურია. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ღია რეჟიმში,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

საბჭო შეიკრიბება არანაკლებ თვეში ერთხელ და მინისტრს განსახილველად წარუდგენს მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური ვითარების შესახებ, შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს ფინანსთა სამინისტროს სისტემისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხებზე.

ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ინიციატივა სამინისტროს მუშაობაში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვასა და საზოგადოებასთან აქტიურ კოორდინაციას ემსახურება.

მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა

Comments

comments