February 5, 2013
პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას პოლიტიკოსები და ექსპერტები აფასებენ
საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი არაკომპეტენტურია და მისი დღევანდელი გამოსვლა მედიაზე ზეწოლად შეაფასა. მინაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ჭორაობა უწოდა.
“ნაცმოძრაობის” გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 100 დღის მუშაობის შეჯამების ნაცვლად დროის 90 პროცენტი “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას დაუთმო.
“პრემიერი ივანიშვილი აპირებდა, თავის ას დღეზე ესაუბრა, თუმცა გამოსვლის 90% “ნაციონალურ მოძრაობას” დაუთმო. მინდა, მის მაგივრად შევაფასო ახალი ხელისუფლების ასდღიანი მმართველობა. ეს არის კრიმინალის მკვეთრი ზრდა, ჩამოშლილი ეკონომიკა და შეუსრულებელი დაპირებები”, – ამბობს მერაბიშვილი.
ექსპერტ ნიკა ჩიტიძის განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ბევრ კითხვას ბადებს. ნიკა ჩიტიძე მიესალმება მთავრობის განცხდებას საგარეო კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით, თუმცა მისთვის გაუგებარია, როცა მთავრობა დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს, როგორ მოხდება ევროსტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობა.
ეკონომიკური ექსპერტი ემზარ ჯგერენაია დადებითად აფასებს პრემიერის გამოსვლას. ექსპერტი განსაკუთრებულ აქცენტს ორმილირდიანი საინვესტიციო ფონდის შექმნაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ქვეყნის და ბიზნესის განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი პროექტი იქნება.
დემურ გიორხელიძის განცხადებით, პრემიერის მიერ გაკეთებული აქცენტები სწორი იყო, მაგრამ ერთია ამ აქცენტების დასმა და მეორე ამ ყველაფრის შესრულება. მთავრობას ძალიან მცირე დრო აქვს იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც წინასაარჩევნოდ გასცენ. თუ ეს დაპირებები დროულად არ შესრულდა მთავრობას პრობლემები შეექმნება, – აცხადებს გიორხელიძე.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მან უკვე განხორციელებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ივანიშვილმა 2013 წლის ბიუჯეტზე, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების სისტემებში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები განიხილა. მისი თქმით, 2013 წლის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა. მისი დაგეგმვა სწორად მოხდა და მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა’ ახდენს მის ცრუ ტირაჟირებას.
ბიძინა ივანიშვილმა ელექტროენერგიის ტარიფის, საწვავის ფასისა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასების შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თებერვლიდან გაზის ფასი 10 პროცენტით გაიაფდება.
მან ასევე სადაზღვევო პაკეტებზე, საპენსიო ფონდის ზრდასა და სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებზე ისაუბრა.
ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა საგარეო პოლიტიკაზე. მან ერთ-ერთ მთვარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა დაასახელა, რომლისთავასაც, მისი თქმით, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
პრემიერმა საინვესტიციო გარემოზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინვესტიციების მოზიდვისთვის შეიქმნება სამი ფონდი: საქართველოს სუვერენული, ახალგაზრდული და კერძო საინვესტიციო ფონდები.
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. პრემიერის გამოსვლის და ჟურნალისტების შეკითხვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას მნიშვნელობა არა ქვეყნისთვის, არამედ მათთვის აქვს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ამ შეთავაზებით ისინი უმცირესობას აიძულებენ საკუთარი აზრი დააფიქსირონ. მან ასევე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებითაც ისაუბრა, თუმცა ამჯერად კანდიდატურა არ დაასახელა.
მისი თქმით, ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტის პირობებში პრეზიდენტობის “ეტალონ” კანდიდატად ვახტანგ ხმალაძე ესახება, ირაკლი ალასანია კი, მისი აზრით, “ამ ეტალონს” ვერ ერგება.
ირაკლი ალასანიას საკითხი და უმრავლესობის განცხადება კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ჩანერგილების საკითხზე ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პრესკონფერენციაზე.
იხილეთ ვიდეო ლინკზე: 1 არხი