January 20, 2013
JPA International-ის კონფერენცია თბილისში
ეკონომიკის ექსპერტმა, ემზარ ჯგერენაიამ JPA International-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
2012 წლის 12 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის ბუღალტრები, საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები და აუდიტები. პანელური შეხვედრის ორგანიზატორი იყო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელი JPA International.
შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგატები ავსტრიიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან და გაერთიანებული სამეფოდან. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის და მისი განვითარების ასპექტები.
JPA International-ის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს კონფერენციაში მონაწილეობისა და ადგილობრივი ვითარების გაცნობისათვის ექსპერტებს ემზარ ჯგერენაიას, პაატა შეშლიძეს და დემურ გიორხელძეს. ქართელმა ექსპერტებმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს საქართველოს ეკონომიკასა და მის სხვადასხვა სექტორებში არსებული მდგომარეობა და განვითარების მათეული ხედვა.
ემზარ ჯგერენაიას მოხსენების თემას წარმოადგენდა საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ტენდენციები და სექტორში დღეისთვის არსებული მთავარი გამოწვევები. ეკონომიკის ექსპერტმა იმ პრობლემებს გაუსვა ხაზი, რომელიც საქართველოს საბანკო სისტემას ახასიათებს. მისი შეფასებით, ბანკები დღეს ძირითადად აფინანსებენ სამომხმარებლო კრედიტს, ანუ იმპორტს და ხელს არ უწყობენ წარმოების განვითარებას.
”საქართველო ძალიან ღარიბი ქვეყანაა. მოსახლეობიდან მიღებული დეპოზიტების სიმცირის მიზეზით (30%) ბანკები, ძირითადად, ევროპიდან მოზიდულ კაპიტალზე არიან დამოკიდებულნი. დღეისათვის ევროპულ საბანკო სექტორში არსებული პრობლემების გამო დიდია რისკი, რომ იქ დაწყებული რეცესია აქაც აისახოს. ვიმედოვნებ, რომ იქ არსებული მდგომარეობა დასტაბილურდება, მაგრამ ეს, ჯერჯერობით, რჩება ძალიან დიდ პრობლემად” – აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ მოგხენების გაკეთებისას.
JPA International –ის შესახებ
კომპანიას გააჩნია ქსელი 50 ქვეყანაში. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს პარიზში. JPA International და მისი წევრი ორგანიზაციები არიან იმ ეთიკური სტანდარტების შემსრულებლები, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედებს და რომლის მიზანიცაა შესთავაზონ მომხმარებლებს კვალიფიციური მომსახურება. მისი წევრი ქვეყნები არიან ევროპიდან, აზიიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან, აფრიკიდან და ავსტრალიიდან. გაერთიანების წევრია საქართველოც. ამჟამად გაერთიანების ფარგლებში, 4000-მდე მაღალკვალიფიციური თანამშრომელი ემსახურება 35 000 კლიენტს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშირისო დონეზე.
JPA International არის საერთაშორისო ბუღალტრული ფირმების ქსელის Forum of Firms-ის წევრი. რომელიც დაარსებულია 2002 წელს. 2011 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ასოციაციას ყავს 24 წევრი.