რატომ გააცოცხლა ჩიკაგოს სკოლის მიერ მოკლული მალთუსი ხორენამ ბაკურიანში

რატომ გააცოცხლა ჩიკაგოს სკოლის მიერ მოკლული მალთუსი ხორენამ ბაკურიანში და როგორ გახდა ლედი გაგა ეკონომიკური კატეგორია

უჰჰ… ამოვისუნთქეთ! სამყარო გადარჩა, 21-მა ჩაიარა. მარტო 5.5-ბალიანი მიწისძვრით გადავრჩით და, როგორც ტვ-იმედმა გვაცნობა, ანაკლიაში მაღაზიის თაროებზე სასმელები სასტიკად დამსხვრეულა. იქნებ, ეს ეშმაკმა გამოიარა ანაკლიაში და გზად რომ ნახა ”ძვირადღირებული” სასმელები, სიხარბემ სძლია, სული მეორე ეშმაკს მიჰყიდა, სასმელს დაეწაფა და ზედ ცხარე მეგრული კუპატიც დააყოლა, რომელიც თვით ეშმაკსაც კი აწყურებს. სასმელებით ისე გამოტყვრა, რომ ისიც კი დაავიწყდა რისთვის ჩამოვიდა დედამიწაზე დეკემბრის ბოლოს. სწორედ ამიტომ, ასე შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარა 21 დეკემბერმა და 22-მაც კი. ასე და ამგვარად, ეშმაკს მისია შეუსრულებელი დარჩა. საქართველომ კაცობრიობა გადაარჩინა. აბა?! რას არ მოიფიქრებენ ეს მეგრელები, ტვ-იმედის მახვილ კამერას ეს არ გამორჩენია. თუმცა, რად გინდა, ვინ გიფასებს შინ ან გარეთ?
ამ ნალოლიავებ ანაკლიაში, ყვარელში და, საერთოდ, ყველგან _ ძროხები `დატასაობენ~. როგორც ჩანს, ზუსტად და გონივრულად ჩატარებული აგრარული რეფორმის გამო გამრავლდნენ და არა მარტო ეს _ ’’გასვეტდნენ’’ და გათამამდნენ კიდეც. არ მალავენ არც თავის შეხედულებებსა თუ არსებობის წესს. უუფ… დიახაც! ისინი დიდ ხანს დარჩებიან ამ სახელდახელოდ შექმნილ ტერიტორიაზე. შეიგრძნეს ქვეყანაში ამტყდარი დემოკრატიის ბუმის გემო და დიქტატურის მარცხი. მორჩა ის დრო, როდესაც ძროხები ოთხ კდელელს შუა გყავდათ გამოკეტილი! ნურას უკაცრავად! ახლა იუსტიციის სასწავლო ცენტრში დასეირნობენ, სანამ აგრარულ უნივერსიტეტში რეორგანიზაციაა ან ანაკლიაში ტურისტების დეფიციტი. იქ, ხელოვნური, ვითომ ტურისტების შენახვაზე დიდი ფული იხარჯებოდა, ძროხა კი რძეს მაინც მოგვცემს და სულუგუნს შევქმნით _ არა ვირტუალურს, არამედ ნამდვილს. საშიში ის არის, ძროხა იუსტიციის სახლში თუ ისე განათლდა, რომ არასამთავრობო, ძროხების უფლებადამცველი ორგანიზაციები შექმნა! მერე იკითხე შენ, ფერმაში შერეკვას რომ მოუნდომებ და ზეწოლაზე რომ ალაპარაკდება ან ცურზე ხელს რომ მოკიდებ მოსაწველად _ გაუპატიურებაზე! არა, ძალიან საშიშია ეს ზღვარგადასული დემოკრატია. ადრე ამას ვინ გააკეთებდა ან მოიფიქრებდა საერთოდ?! _ არავინ _ ჰოდა, ამაშია საქმე! სადაც ხალხის დასაქმება გვინდოდა, ძროხები დავასაქმეთ. ხალხი ისევ უმუშევარი დარჩა. საწყენია, ეს არც ერთმა უცხურმა მედიამ არ დააფასა და არ გადმოსცა. არც უცხოეთის პოლიტიკოსებმა დააფასეს ჩვენი თავგანწირვა, შესაშფოთებელი აი, ეს არის. არც კი ’’გაუფეისბუქებია’’ ვინმეს.
მსოფლიოში ფეისბუქს 50 მილიონი წევრი ჰყოლია (იმას აფასებენ) და აქედან 25 მილიონი _ იმ მახინჯი ლედი გაგას ფანი ყოფილა (ამასაც). წარმოგიდგენიათ, აშშ-ის პრეზიდენტად რომ იყაროს კენჭი, რა გრიალით გავა! არ იყრის? რატომ ვითომ, კლიჩკო თუ იყრის, გაგამ რა დააშავა? ისე შეიცვალა სამყარო, ეშმაკმა ჩვენი განადგურება გადაიფიქრა, მაგათ კიდევ ეს უნდათო? პოლიტიკა სულ იყო თეატრი, მაგრამ აბსურდის არა _ პოლიტიკოსების და თავისი თამაშის წესები ჰქონდა. ახლა გაგასი და მისი პლასტმასის ძუძუებისაა ქვეყანა. ხალხს სანთელივით ძუძუები აქვს, ნატურალური და კაცს არ უნდა, გაგას ხლოვნურზე გიჟდებიან და მილიონობით დოლარს იხდიან. სიმღერა მაინც იცოდეს, მაიმუნივით რომ ჩხავის. მაგრამ, რად გინდა, მშპ-ს კი ავსებს. 21-ე საუკუნის ეკონომიკა საერთოდ სხვა პარადიგმებში ჩაჯდა, ეკონომიკის რეალური სექტორი ჩრდილში გადავიდა, კომპიუტერმა და სპეც-ეფექტებმა დაიპყრო ქვეყანა და ეკონომიკური ბაზარი. ეკონომიკის ზრდაც მასზეა დამოკიდებული. ჩიკაგოს ეკონომიკურ სკოლასაც უჭრის ეს აღიაროს, მაგრამ ასეა. გადამწყვეტი ციფრულ-ვირტუალური სამყაროა.
ტყუილად ზომავენ ბიგ-მაკის ინდექსით მთელ მსოფლიოს ინდოეთის გარდა, იქ თურმე მაგას მაჰარაჯას ინდექსი ჰქვია, საქართველოში ჯონჯოლის ინდექსი (მიშა ჯიბუტმა ’’დანერგა’’). შვეიცარია თურმე ყველაზე ძვირ ბიგ-მაკს მირთმევს, ინდოეთი _ ყველაზე იაფს. ჩვენზე აღარაა ლაპარაკი.
და, რაც მთავარია, აქ მსოფლიო თანასწორია სავალუტო კურსის მიხედვით, ეს ერთადერთი სფეროა, სადაც თანასწორობა მეფობს (ისე, როგორც დათოვლილი ბაკურიანის ტყეები _ სიცივის წინაშე ყველა ხე თანასწორია), დანარჩენი სრული უსამართლობაა. ელექტრონული საქონელი ეკონომიკურ კატეგორიად რთული აღსაქმელია, მაგრამ ფაქტია. ასევეა შოუს ნაწილიც, მაგრამ ეგაც ფაქტია _ ქარხანა კი არ უნდა ააშენო, არამედ გაგა უნდა გაზარდო. ხოდა, არის ცვენა ეკრანებზე ქართველი ვარსკვლავების! მიხვდით ახლა ეკონომიკური პოლიტიკის დედააზრს? აი, ვინგადაარჩენს საქართველოს _ 16 წლის ჰაკერები და ეკრანის ვარსკლავები. 10 გაგა და 10 ცუკერბერგი რომ გავზარდოთ. . . ჩვენი ეკონომიკის ზრდა 12-15% იქნება და ქვეყანას ეშველება. ამიტომ არის, ალბათ, პოლიტიკოსების აზრით, ეკონომიკური გეგმა და პროგრამა საჭირო. ის კი არა _ გაისმის მეცნიერების შეძახილები _ დავამარცხეთ მალთუსიო! დიახაც, დამარცხდებოდა, აბა რა, სამი საუკუნე ვებრძოდით, უფრო მეტ ხანს, ვიდრე ჯვაროსნები ლაშქრავდნენ იერუსალიმს და ვინ დაამრცხა მალთუსი? _ რა თქმა უნდა, გაგამ და ცუკერბერგმა სტივ ჯობსთან ერთად. მანდ კოჰაბიტაცია არ გამოგვადგებოდა, ეგ არაა კარგი რამე. არც სალადინის და ინგლისის მეფის, ლომგულის კოჰაბიტაციას მოჰყოლია კაი შედეგი _ ეგ იყო კოჰაბიტაციის პირველი მაგალითი და სულ 5 წელი გრძელდებოდა და ქრისტიანების კრახით დამთავრდა. ამის შემდგომ ამ ტერმინზე ქრისტიანებს ალერგია აქვთ.
აუჰ, როგორი წელი იყო 2012. გადავრჩით სისხლისღვრას ქვეყანაში, კოლაფსს მსოფლიოში, მაგრამ ვერ გადავრჩით კოჰაბიტაციას. ცუდი შედეგი არაა. არ ასრულდა ოცნებები? _ გვაცალეთ, ახალი წლის ღამე წინაა. ყველაფერი გადავიტანეთ და ახლა ამას მივხედავთ თოვლის ბაბუასთან ერთად, ახალი წელი ხომ ოცნებების ახდენის დროა!
ცას და დედამიწას ერთი ფერი აქვს. ბარდნის უმოწყალოდ. კმაყოფილია ცაც და დედამიწაც _ ცა იშორებს თოვლს, დედამიწა იღებს და მანტიას ისხამს. საზარელი სანახავია დედამიწია, ისე როგორც მაკიაჟის გარშე გაგა. ნაძვები გარინდულან და თავდლახრილნი დგანან, გეგონება, მათაც გაიგეს მალთუსის დამარცხების ამბავი და ’’გაუტყდათო’’. აქ, ამ სიჩუმის სამეფოში ბაკურიანის მთებშიც მოუღწევია სამყაროს ცვლილების ამბავს. აქ ძროხები არ ჩანან, რადგან იუსტიცისი სასწავლო ცენტრი არ აუშენებიათ და ისე, რა უნდათ, არც სამყაროს კოლაფსის სჯეროდათ ოდესმე, არც საყოველთაო დათბობის მითის. აქ თავისი ოცნებები აქვთ თოვლსაც, ნაძვებსაც, გადაპენტილ მიწასაც და ახალ წელს ელოდებინ.
და, კითხვა _ როგორ გაიზრდება ეკონომიკა _ აქაურების ენაზე ასე ჟღერს: როგორ გაიზრდება თოვლის საფარი. დგას წვერმოშვებული ხორენა (უფრო სწორედ, როგორც აცც იტყვის, თავის ხავსივით წვერით) ნაოჭიანი სახით და დიდ თოვლზე ოცნებობს, რათა გააჭენოს თავის რკინის მერანი _ ბურანი და ფული იშოვოს, რომ აბასთუმანში სიცივეში მხიარულად გამოკეტილ ცოლ-შვილს სარჩო-საბადებელი არ მოაკლოს. აქ მალთუსი ისევ ცოცხალია და სმიტსაც, მისი უხილავი ხელით, პატივს სცემენ, სულ არ აინტერესებთ ჩიკაგოს სკოლის მეცნიერების აზრი, იმიტომ, რომ ყველას თავისი ოცნება აქვს. ანეკდოტი გამახსენდა, სვანს უნდოდა თოვლის ბაბუა ყოფილიყო და შვილიშვილს თოვლი დაარქვა! ოცნებისკენ ჩვენ თითოეულმა უნდა გადავდგათ 2013 ნაბიჯი, თავისთავად არაფერი მოვა, თოვლიც კი. თოვლი ხორენას ლოცვამ და მუდარამ მოიყვანა, რომ უმუშევარი არ დარჩენილიყო.
ოცნება მოიყვანა და მალთუსიც გააცოცხლა, იბრძვის გადარჩენისათვის, რადგან იცის, სიუხვე ცოტაა და მსურველი ბევრი. იმ ძროხამაც იცის ეგ _ ის ტერიტორია მისი იყო, სანამ ზედ რამეს ააშენებდნენ და თავისუფლად ატკბარუნებდა ეკოლოგიურად სუფუთა, აქციზური მარკით დაუბეგრავ ბალახს (არ დასცალდათ, თორემ 1 იანვრიდან ბალახსაც აქციზურ მარკას დააკრავდნენ აბა, ვინ დაუშლიდათ, თუკი ’’ნაბეღლავსა’’ და ’’ბორჯომს’’ უპირებდნენ). ხორენასაც არ სჯერა გაგას და ცუკერბერგს რომ გავზრდით და ამიტომ ჩეხავს შეშას, გზას და ბურანს წმენდს. თან ზევით იყურება და თითოეულ ფიფქს ეფერება, როგორც კახელი გლეხი ვაზის მტევანს. ხანდახან მზერას კოხტას და დიდველს ესვრის _ თოვლის საფარის სისქეს ამოწმებს, მას რომ ჰკითხო, ყველა თეთრი თეთრი არაა და იცის, ყველას თავისი სიმართლე რომ აქვს, მაგრამ მისი სიმართლე: სახლში _ სითბო, ქვაბში _ საჭმელი, მორთული ნაძვის ხე და ბედნიერი ჯალაბია. ზრუნავს თავის კერიაზე ხორენა და, ესე იგი, ქვეყანაზე ზრუნავს. მან მშპ არ იცის, მაგრამ მის ზრდას მედგრად უწყობს ხელს. არც მალთუსი იცის, მაგრამ სულს უბერავს და აცოცხლებს.
დიდ ხანს ვუყურე ცას, თეთრლაბადმოსხმული კოხტის და დიდველის თავებს, გადათეთრებულ ნაძვებს თუ ფიჭვებს, ცოლივით კაპრიზიან ბუნებას და მივხვდი _ ხორენას მოჰყავს ახალი წელიც და ოცნებების ახდენაც! ბაზარიც იცის, კონკურენციაც, იცის _ ორ ბურანს ვერ ამუშავებს, რადგან ფიზიკურად ვერ გასწვდება და რამდენსაც ბაზარი მოითხოვს, იმდენი მებურანე გაჩნდება. მასაც კი აქ თავისი პატარა გათვლები და სტრატეგია, მართალია, არა ’’ლონგ რანში’’, მაგრამ ქვეყანას ხომ უნდა ჰქონდეს?!
იოცნებეთ, მაგრამ მოქმედება არ დაგავიწყდეთ!
ბედნიერი ახალი წელი ჩემო მრავლის მნახველო და მომთმენო და, ასევე, ბაკურინის თოვლივით სპეტაკო მკითხველო!

ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი

Comments

comments