ხელისუფლება და ექსპერტები ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესებას 2013 წლის გაზაფხულიდან ვარაუდობენ

ეკონომიკის ექსპერტის, ემზარ ჯგერენაიას თქმით, ფინანსური და ეკონომიკური ვითარების მყისიერად გაუმჯობესება შეუძლებელია და სოციალური წინსვლის დანახვა მარტიდან იქნება შესაძლებელი.

როდიდან იგრძნობს მოსახლეობა სოციალური ფონის გაუმჯობესებას? ხელისუფლება და ექსპერტები სავარაუდო ვადად 2013 წლის გაზაფხულს ასახელებენ. როგორც ვიუწყებოდით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა ახალი მთავრობის პირობებში ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური კუთხით ცვლილებას ვერ ამჩნევს.

დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტში კვლევის შედეგებს ეთანხმებიან. კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კვლევა მთავრობის და ახალი პარლამენტის დამტკიცებიდან 2 კვირაში ჩატარდა და ახალი ხელისუფლების 15 დღიანი მუშაობის ფონზე შეუძლებელია ეკონომიკური გაუმჯობესებაზე საუბარი. ზურაბ ტყემალაძის თქმით, მთავრობა სოციალურ რეფორმებს მოკლე  დროში გაატარებს, თუმცა, ქვეყნის სოციალურ ფონს ცვლილება გვიან გაზაფხულზე დაეტყობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაიაც „აირაის“ კვლევის შედეგებს ლოგიკურს უწოდებს. მისი განმარტებით, ქვეყანაში სოციალური ცვლილებები 2013 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული და შესაბამისად ქართული ოჯახები ცვლილებას წლის ბოლომდე ვერ იგრძნობენ. ჯგერენაიას თქმით, ფინანსური და ეკონომიკური ვითარების მყისიერად გაუმჯობესება შეუძლებელია და სოციალური წინსვლის დანახვა მარტიდან იქნება შესაძლებელი.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments