წყალტუბოს მთვარე შატალოზე, ეკონომიკა – აუტში

ერთ-ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო წყალტუბოსთვის. მე პრომეთეს სტუმარი ვიყავი და აივნიდან პარკს ვათვალიერებდი.ხარბად ვისრუტავდი მსუბუქი რადონით გაჯერებულ ჰაერს, ისე ხარბად, გეგონებოდა, ამ საიქიოსეულ სიჩუმეში და იდუმალებაში მასში ვიღაც მეცილებოდა. ზევით ავიხედე და უსასრულო სამყარო შევათვალიერე.
მთვარე სადღაც გაპარულიყო ”ნაცების” კარგად დათვლილი და რეგისტრირებული ამომრჩეველივით და ბურთი და მოედანი ვარსკლავებისათვის დაეტოვებინა. ან, იქნებ, არ მუშაობდა მთვარე სამშაბათობით?! ან ისიც სეკვესტრში მოაყოლეს, როგორც ამ პარკის რეკონსტრუქციის პროექტი?!

ვარსკლავთა პლენარულ სხდომას რომ ვუყურებ, სულ ის ანეკდოტი მახსენდება, სვანს რომ ჰკითხეს, ვარსკვლავებზე ვინმე ცხოვრობსო? სვანმა უთხრა, ”დანამდვილებით ვიცი, რომ ცხოვრობს. თან სულ სახლშია და შუქი უნთია. ეტყობა, იქ შუქი ნაგავზე არაა მიბმული და არც ძვირი ღირსო”. ფოთოლიც ჩაძინებული იყო და ბუნებაც. ფრინველები კი _ სადღაც გაკრეფილნი, როგორც სასტუმროს ფოიეში პოკერის მოთამაშე დეპუტატები, რომლებიც 50-თეთრიანი ”ფიშკის” რახუნით პრომეთეს აყრუებდნენ.
ჩემს უკან საშინელი ხმით გაჰკიოდა ტელევიზორი თურმე ”ფბრ”-ის უფროსი, ქალთან ანონიმური წერილების გაგზავნით იყო დაკავებული და ეგ რომ ”გაბაზრდა”, გადადგაო. ამის გამოსაკვლევად იმ ქალმა ”ფბრ”-ის თანამშრომელს მიმართა თხოვნით, რომელსაც ეს ქალი ”ევასებოდა” და, თავის მხრივ, აღმოაჩინა, რომ ეს ქალი ავღანეთის ჯარების სარდლის საყვარელი ყოფილა და თან, ჯამში, 20 000 გვერდი წერილი მიუწერიათ ერთმანეთისთვისო (სტენდალი გამახსენდა). ”კაიფობ”? ის გენერალი რა დაბოლილი იყო, იჯდა და წერდა, მეტი რა საქმე ჰქონდა ამ ავღანეთში? იჯდა და ელოდებოდა ევროპაში როდის გადაიყვანდენ, მაგრამ ამის გამო არ გადაჰყავდათ და, უფრო მეტიც, თუ დაუმტკიცდა თურმე, რომ ჯარში ცოლიან გენერალს ან ვინმეს საყვარელი ჰყავს ან ცოლს ღალატობს, თუნდაც 7 000კმ-ზე, თურმე შეიძლება დაიჭირონო. ისე სასტიკად ყოფილა თურმე უკანონო სექსი აკრძალული, ”ფბრ”-ის უფროსი მოხსნეს წერილების წერისათვის. აბა, მაგას ვინმე რომ ეცემა, ”ფბრ”-ში მოკლავდნენ კიდეც.
რა უცნაური ქვეყანაა ეს შტატები. რის გამო სჯიან საწყალ ადამიანებს. შემეცოდა პეტრიუსიც, ის გენერალიც და მერე ის ”ფებეერიშნიკიც” მოხსნესო. წარმოგიდგენიათ,  რა ქალია ის ვიღაც, არ დახსნა მთელი გენერლები?!
უცებ, შემეშინდა. იმიტომ, რომ წყალტუბოს ცენტრში დუმილის პანო იყო და იმიტომაც ალბათ, რომ მე ”ფბრ”-ის იმედი მაქვს, მისი ფხიზელი თვალის, რომელიც ტერორიზმისგან და ათასი უბედურებისგან იცავს მსოფლიოსა და საქართველოს და, ხედავ შენ, ეს ჯული პიკასოს ბიჭივით რითი ერთობა თურმე?! არა, როგორც კლასიკოსი ჩარლი იტყოდა (ან დედაჩემი ნარგიზა დაასკვნიდა), ქიმია და წამალი აქვს ალბათ იმ ქალს ყველასთავის გაკეთებული. თან, ალბათ, ყვავის ან მგლის ქონით. უუფ… ამბობენ, უსასტიკესიაო ეგ, ისე აგიჟებსო მამაკცებს.
ღამე მძიმედ იწვოდა. პეტრიუსის სიყვარული მაწუხებდა. იჯდა და ეს ბებერი რომეო ლექსებს წერდა, მაგრამ ვინ დააფასა?! ამ 16-17 წლის ლაწირაკებისათვის ყველაფერი შეიძლება და 40-ს როგორც გადასცილდები, მორჩა… არა, დაგსჯიან… სადაა სამართალი?! ან რატომ უნდა იყოს, 50 წელს მიტანებულების სამართალი ვის გაუგონია?!
ამაზე გამახსენდა, 53 წლის სოროსი 27 წლის ანჯელაზე ჯვარს იწერდა. რა, ებრაელია? ჰო, მოკლედ, ქორწინდებოდა და მღვდელმა ჰკითხა სოროსს: თანახმა ხარ ცოლად მოიყვანო, მოუარო სიცოცხლის ბოლომდე და შენი ქონება და სიხარული გაუყოო? სოროსი თურმე გაფითრდა და ადვოკატი დაიბარა. გადაამოწმა, ეს რეებს ”ჩალიჩობენო”. იმან უთხრა, ”ბაზარი” არაა, თქვი ”კი” და იმანაც თურმე ”კი”-ს უნგრულად დაყოლა _ ”მეტი არაა, ჩემი მტერიო”. ხედავთ, ჯვრისწერაც სხვანაირი აქვთ 50-იანებს.
წუხს, დუმს წყალტუბო, იწვის პარლამენტი, ბოლავს და მე ყველაფერზე ვდარდობ _ იმაზე თუ სად წაეთრა ამ შუაღამისას ეს მთვარე, რამე ხიფათს არ გადაეყაროს, ან შუქის და ნაგვის ფული არ გადახარჯონ ვარსკვლავებზე; რა ეშველება წყალტუბოს პარკს და შეყვარებულებივით მორცხვად მდგარ ორად-ორ პალმას მთელს წყალტუბოში; პოკერში წაგებულ დეპუტატს, ”ფბრ”-ს, რომელიც პეტრიუსის გარეშე დარჩა და გენერალს, რომელსაც ერთი ქალის სიყვარულს გადააყოლეს? თან იმის ცოლს უხარია თურმე და ამათ ვინ ჰკითხავს. თან სოროსზე წიგნს ვკითხულობ და მაგაზეც ვდარდობ – ვერ გახდა ფილოსოფოსი და რეფლექტურობის თეორია ვერ დაწერა ან ვერ ახსნა კარგად. თურმე, ვერ ამბობს ზუსტად, რასაც ფიქრობს, უჭირს. საწყალი.
და რა მძიმეა ასეთი ღამე, ამდენი საზრუნავი და პრობლემა… გვეშველება რამე?
კლასიკოსი ჩარლი როგოც ამბობს, ბოლო კეთილია, თუმცა არ ამბობს – ვისი ბოლო!
12-11-12

Comments

comments