December 20, 2012
დაუბეგრავი მინიმუმით მოსახლეობა 2014 წლის ბოლომდე ვერ ისარგებლებს
ემზარ ჯგერენაია: დაუბეგრავი მინიმუმი მოსახლეობის კეთილდღეობას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გაზრდის
ნახავს თუ არა რეალურ სარგებელს მოსახლეობა დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედებით? როგორც ვიუწყებოდით, ახალი მთავრობა ამ ინიციატივას სოციალურად დაუცველებზე ზრუნვით ამართლებს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, დაუბეგრავი მინიმუმი მხოლოდ სოციალურად დაუცველ დაბალშემოსავლიან ფენას ეხება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 2%–ით შემცირებით სარგებელს საშუალო, მაღალი და მდიდარი ფენა მიიღებდა.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ–ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით კი, დღეს არსებული ცნობებით, დაუბეგრავი მინიმუმით 2014 წლის ბოლომდე მოსახლეობა ვერ ისარგებლებს და ისიც უცნობია, რა მექანიზმით მოხდება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება. მისივე თქმით, დასაქმებულთა უმრავლესობისთვის რეალური სარგებელი საშემოსავლო გადასახადის 20–დან 18%–მდე შემცირება იქნებოდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაიაც მიიჩნევს, რომ დაუბეგრავი მინიმუმი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებელს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გაზრდის. მისი თქმით, ეს ინიციატივა სარგებლის მოტანას ამოქმედებიდან პირველ თვეებში შეძლებს. ამასთან, ჯგერენაიას განმარტებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაუბეგრავი მინიმუმის მასშტაბს. მისი თქმით, 200 ლარამდე ზღვარის შემთხვევაში შედეგს მოსახლეობის უმცირესი ნაწილი იგრძნობს, ხოლო თუ ზღვარი 500 ლარს გაუტოლდება, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე საუბარი უკვე შესაძლებელია.
წყარო: კომერსანტი