პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტებში თავდაცვის სფერო ჯანდაცვამ და სოფლის მეურნეობამ ჩაანაცვლა

პოლიტიკური პარტიების ამჟამინდელი ეკონომიკური დოქტრინის განხორციელება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ბიუჯეტს სოციალური სახე მიეცემა. ამ განცხადებას „კომერსანტთან“ ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აკეთებს. მისი განმარტებით, გასულ წლებში ქვეყნის პრიორიტეტი იყო ინფრატრუქტურის განვითარება და თავდაცვის გაძლიერება, რაც  ამჟამინდელი პროგრამების მიხედვით ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებმა ჩაანაცვლა.

მისივე შეფასებით, დარგებში ჩასადებად დასახელებული თანხები ზოგადად რეალისტურია, რადგან ისინი ოთხ წელიწადზეა გაწერილი. ცნობისთვის: ხელისუფლება 4 წელიწადში დაზღვევაში 3, ხოლო სოფლის მეურნეობაში 4 მილიარდი ლარის ჩადებას გეგმავს. დაზღვევას და სოფლის მეურნეობას ასახელებს პრიორიტეტად ოპოზიციის ნაწილიც.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკურმა პარტიებმა ეკონომიკურ პროგრამებზე მუშაობა გაააქტიურეს. როგორც „ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერმა „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, მოძრაობის ეკონომიკური პროგრამა ბიუჯეტის 10 მილიარდამდე ზრდას  ითვალისწინებს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, „ქრისტიან–დემოკრატების“ ეკონომიკური პროგრამა ბიუჯეტის რეალურ ზრდაზეა გათვლილი, ხოლო დაპირებები ეფექტურ და სწორ ხარჯვაზეა ორიენტირებული. მოძრაობა ეკონომიკური პროგრამის საზოგადოებისთვის წარდგენას უახლოეს მომავალში გეგმავს.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments