December 9, 2011
”ლარის მსყიდველობითი უნარი წელს 12-13%-ით დაეცა”
რამდენად სერიოზულად არის დაცემული ლარის მსყიდველობითი უნარი?–ამ საკითხზე სტატისტიკოსების და ექსპერტების პოზიციები გაიყო. „ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრში“ განმარტავენ, რომ ხშირი მოხმარების სასურსათო საქონელზე, როგორიცაა, მაგალითად, შაქარი, ფასებმი 10%–ით მოიმატა. მათივე განცხადებით, საგრძნობლად მოიმატა სატრანსპორტო მომსახურების და სილამაზის სალონის სერვისების ფასებმა.
ცენტრის გათვლებით, 2011 წლის ბოლოსთვის 99 ლარის ღირებულების სასურსათო შენაძენი ერთი წლის წინ 90 ლარად შეძენილს უტოლდება.
ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, ლარის მსყიდველობითი უნარი 2011 წლის განმავლობაში 12-13%–ით დაეცა. მისი თქმით, ხშირი მოხმარების სასურსათო საქონელზე ფასებმა 50%–მდე მოიმატა. ამასთან ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმის შედეგად კომუნალურ მომსახურებაზე გადასახადი 25%–ით გაიზარდა.
ემზარ ჯგერენაიას თქმითვე, 2010 წლის ბოლოსთვის 100 ლარად შეძენილი საქონლის და მომსახურების მისაღებად მიმდინარე თვეში მოქალაქეს 18-20%–ით მეტი თანხა სჭირდება. თუმცა, ყოფილი სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარის მსყიდველობითი უნარი საშუალოდ მხოლოდ 2%–ით დაეცა ანუ ოჯახი წელს 100 ლარით შარშანდელზე 2 ლარით ნაკლები ღირებულების პროდუქტს იყიდის.
წყარო: კომერსანტი