June 22, 2011
„მკითხველი ბანკებს ხმას მომსახურების დონისა და ტარიფების მიხედვით აძლევს“
commersant.ge–ზე „2011 წლის ეტალონი ბანკის“ გამოვლენა სრულდება. ხმის მიცემა 24 ივნისს, 00.00 საათზე შეწყდება.
ამ დროის განმავლობაში მკითხველს საშუალება ექნება, ხმა საკუთარ რჩეულ ბანკს მისცეს.
რეიტინგის მიმდინარეობას ექსპერტები აფასებენ.
ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი ასახავს არა ბანკების რეალურ მდგომარეობას, არამედ მკითხველთა დამოკიდებულებას მათდამი. ამას კი, თავის მხრივ, განსაზღვრავს ის, ბანკში მისულ კლიენტს როგორ ემსახურებიან და რამდენად მისაღებია კლიენტისთვის ბანკისგან შეთავაზებული პირობები.
„ანუ, აქ გადამწყვეტია მომსახურების სერვისი და ტარიფები. ადამიანი, რომელიც რეიტინგში ამა თუ იმ ბანკს აძლევს ხმას, სწორედ ამაზე ფიქრობს და არ აინტერესებს ბანკის აქტივების, მენეჯმენტისა თუ მოგებების მაჩვენებლები. ამასთან, მომხმარებლისთვის გამსაზღვრელია ისიც, თუ რომელ ბანკში იღებს ხელფასს. რაც შეეხება რეიტინგის მონაცემების პერიოდულ ცვალებადობას, ეს დამოკიდებულია საიტის მომხმარებლის აქტიურობაზე. „რესპუბლიკა ბანკი“ 22 პროცენტს არ იმსახურებს, „თი ბი სი“–სთვის კი 16 პროცენტი, ჩემი აზრით, ცოტაა. ამასთან, „პროკრედიტისთვის“ 18 პროცენტი ბევრია,“ – ამბობს ჯგერენაია.
გამოკითხვა პროექტ „ეტალონი კომპანიის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც commersant.ge–ს გადაცემა „ეტალონის,“ „საქართველოს ბანკების ასოციაციის,“ მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციისა და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ერთობლივი პროექტია.
წყარო: კომერსანტი