July 30, 2015
სინგაპურის და „ქართული მანჰეტენის“ იდეის პარალელები
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD
ამასწინათ ერთ თბილისელ ბანოვანთან მქონდა კამთი „მწვანეობაზე“ და ის თვდაჯერებით მიმტკიცებდა, რომ მწვანე ნიშნავს ველურ, ხელუხლებელ ბუნებას და ამ ბუნების შენარჩუნებას ფული და ინვესტიცია არ ჭირდება. აქედან გამომდინარე – ქართული მანჰეტენის პროექტს ეწინააღმდეგება! მისი აზრით, ის არ გულისხმობს სიმწვანეს ?… საოცარია, არ სურთ არგუმენტის მოსმენა და უნებლიედ ჩემი ასაკის (სხვათა შორის იმ ქალბატონისაც) ქალაქ-სახელმწიფო სინგაპური გამახსენდა. მას იუბილე აქვს. ის 50 წლისაა და სიმბოლოა მწვანე უნიკალური ფლორის და ცათამბჯენების შეხამების (იხილეთ სქემა ქვემოთ). ეს არის აზიური მანჰეტენი და როგორი წარმატებულია ამის შეფასებას თქვენ მოგანდობთ. მისმა დამაარსებელმა, აწ გარდაცვლილმა Lee Kuan Yew-მა ის სწორედ მანჰეტენის პროტოტიპად წარმოიდგინა ან პირიქით. ეს აძლევს ხიბლს ამ ქალაქს, ამიტომ იზიდავს ბანკირებს და ბიზნესმენებს, ამიტომ გახდა მსოფლიოს ბიზნეს ელიტის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი!
როგორც ჯორჯ ორუელი წერს, 50 წლის ასაკში ყველას ისეთი სახე აქვს როგორსაც იმსახურებს. სინგაპურს, რომელიც 9 აგვისტოს დამოუკიდებლობის 50 წლისთავს იზეიმებს, შეუძლია იამაყოს ახალგაზრდული ენერგიით. ეს ქალაქ-სახელმწიფო მითიური და ზღაპრულია: ცათამბჯენებით, მოწესრიგებული საცობებით და გლობალიზაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებით, როგორიცაა HSBC, UBS, Alianz, Citi და სხვა; ზღვაში ტანკერებით, ბორნებითა და საკონტეინერო გემებით; დასავლელთით, აზიის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული საკონტეინერო პორტით და უდიდესი ქარხნისა და ნავთობქიმიური კომპლექსით. სინგაპურის აღმოსავლეთ ბოლოში, განთავსებულია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი აეროპორტი. მიუხედავად ამისა ქალაქი ახერხებს და „მწვანე“ რჩება. ამ გადმოსახედიდან არც ისე ახირებული ჩანს სინგაპურის მთავრობის განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი აშენებენ „ქალაქს ბაღში“. სინგაპურმა დაიმსახურა სიტყვა, რომელსაც მისი მმართველები ხშირად იყენებენ „განსაკუთრებული ადგილი“ და ამ სტატუსს მისი ბევრი თვისება განსაზღრავს: მსოფლიოს ერთადერთი სრულყოფილად ფუნქციონირებადი ქალაქ-სახელმწიფო; ნამდვილი საერთაშორისო ჰაბი ვაჭრობის, ფინანსების, საზღვაო გადაზიდვებისა და მოგზაურობისთვის; და ერთადერთი, მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებს შორის, რომელსაც ჯერ არ მოუწია მმართველი პარტიის შეცვლა.
სინგაპურის პრემიერ მინისტრი (Lee Hsien Loong) წლევანდელ გამოსვლაში ამტკიცებდა, რომ „იმისათვის რომ გადარჩე, უნდა იყო განსაკუთრებული“. ამ გამოსვლაში ბევრ კითხვას გაეცა პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის სინგაპური 50 წლის განმავლობაში ასეთი წარმატებული. მაგრამ, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – გააგრძელებს თუ არა ის ამ გზაზე ასეთივე წარმატებით სიარულს. სინგაპურმა წარმატებისა და აყვავების 50 წლიანი გზა განვლო, მაგრამ მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მას რამდენიმე სირთულე უკვე ელოდება. სინგაპურის ყველაზე დიდი გამოწვევა, ალბათ, მისი თვითკმაყოფილება იქნება – იმის რწმენა, რომ პოლიტიკა, რომელის წარმატებაც 50 წლის განმავლობაში დამტკიცდა, შეძლებს მსოფლიოს ახალ გამოწვევებთან გამკლავებას.
1965 წელს, სინგაპური ჯერ ისევ მალაიზიის ფედერაციის შემადგენლობაში შედიოდა, მის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნის ფედერაციაში, რომელთანაც მას ქვაფენილი და ხიდი აკავშირებს. Lee Kuan Yew-ს, სინგაპურის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის მამას, რომელიც სინგაპურის პრემიერ მინისტრი 1959 წელს გახდა, თავდაპირველად მის მომავალს მალაიზიის ფედერაციის შემადგენლობაში ხედავდა. თუმცა 1965 წლიდან სინგაპური დამოუკიდებელი გახდა. ამის შემდეგ ლი დარწმუნდა, რომ ჩინელი მოსახლეობის უმრავლესობით დასახლებული სინგაპური ყოველთვის წარუმატებელი იქნებოდა მალაიზიური პოლიტიკის გამო.
ლი მიმდინარე წლის მარტში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამგლოვიარო დღეებმა ბევრი რამ აჩვენა. სინგაპურს შეუძლია იამაყოს ხალხის რეაქციით, რომლებიც საათობთ იდგნენ გრძელ რიგში ხან წვმის და ხანაც მწველი მზის მიუხედავად. ხალხის რეაქციამ კიდევ ერთი სასწაული აჩვენა: ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად არასოდეს არსებობდა, წარმოიშვა რასობრივად განსხვავებული იმიგრანტებისგან – მათი უმრავლესობა ჩინელია (74%), მალაიზიელები 13%-ს შეადგენენ, ინდოელები კი 9%. მიუხედავად ამისა, სინგაპურის მოქალაქეებმა ნაციონალური იდენტობა გამოავლინეს. ხალხის რიგები არამხოლოდ ლის გარდაცვალების გლოვას, არამედ პატრიოტულ ზეიმსაც გამოხატავდა.
სინგაპურის „განსაკუთრებულობაში“ წვლილი ახლანდელმა პრემიერ მინისტრმაც შეიტანა, რომელიც ქვეყანას 1990 წლიდან უდგას სათავეში და პრაგმატული მართვის სტილით გამოირჩევა. ის მართავს სინგაპურს, როგორც კეთილმოსურნე დიქტატორი. კოლონიურ პერიოდში, 1960 წელს მიღებულმა International Security Act-მა ბოლო მოუღო ოპოზიციურ ძალებს, პარლამენტი უფრო მეტად პრემიერ მინისტრის ექოა ვიდრე რეალურად აღმასრულებელი ხელისუფლება. 1981 წლის შემდეგ, არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს არ დაუკავებია იქ ადგილი. ადგილობრივი პრესა სამთავრობო ხაზს მიყვება, უფრო მეტიც, სინგაპურის პოლიტიკურად გაბანკროტებული პარტიები და მმართველი ძალის ოპონენტები ვერც უცხოური პრესის ყურადღებას იქცევენ, ისინი უკეთეს შემთხვევაში, დასავლური ჟურნალ-გაზეთების მხოლოდ უხილავ ადგილებში ჩნდებიან.
სინგაპურს ხშირად ხუმრობით „აზიის შუქურას“ უწოდებენ, რომელიც მდებარეობს კონტინენტის გეოგრაფიულ გულში, ქაოსის, ჭუჭყის, სასმელად უვარგისი ონკანის წყლისა და გამოუვალი საცობების გარეშე. ის ასევე მოიხსენიება როგორც „დემოკრატიის შუქურა“ დემოკრატიის თითქმის ყველა კომპონენტით, მაგრამ ამავე დროს წინასაარჩევნო აურზაურისა და აჟიოტაჟის გარეშე. „სინგაპურის განსაკუთრებულობა“ იმაშიც არის, რომ მას ყავს ერთპარტიანი, მაგრამ ამავე დროს, არჩევნებით ლეგიტიმირებული მმართველობა უკვე 56 წელია, მას შემდეგ რაც ლის People’s Action Party (PAP) მოიპოვა ძალაუფლება. სისტემას ბევრი დამცველი ყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სინგაპურში კრიმინალის დონე ძალიან დაბალია და თითქმის არ არსებობს ოფიციალური კორუფცია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია ადამიანური განვითარების კუთხით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაღალი მაჩვენებლითა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლით მცირეწლოვნებს შორის. მაგრამ მაინც ისმის კითხვა – შეძლებს თუ არა ლის მიერ აშენებული სისტემა დღევანდელ რეალობასთან გამკლავებას?
მის წინაშე ორი გამოწვევაა: პირველი არის ძლიერი ოპოზიციის არ არსებობა. მართალია, ჯერჯერობით არსებული ხელისუფლება წარმატებით ართმევს თავს საკუთარ მოვალეობას, მაგრამ მისი რეალური გამოცდა მხოლოდ ძლიერი ოპოზიციის არსებობის პირობებშია შესაძლებელი. მეორე, PAP შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს თავისივე წარმატების მსხვერპლი და ბოლო არჩევნებში (2011 წელი) შედარებით ნაკლებ თავდაჯერებული გამარჯვება ამის დასტურია. სინგაპურის მაღალი კლასის სკოლებმა, კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა გაზარდეს განათლებული თაობა, გლობალური მოქალაქეები, რომელებიც ნაკლებ ტოლერანტული არიან PAP-ის პარტიის მიმართ ვიდრე მათი მშობლების თაობა. 13 ივნისს ლგბტ-ების მხარდასაჭერ აღლუმზე 28 000 ადამიანი გამოვიდა, რომლებიც ასევე არ მალავდნენ უკმაყოფილებას PAP-ის კონსერვატიული პოლიტიკის გამო. ამასთანავე, სინგაპურის ახალგაზრდა მოქალაქეებს აღარ ეშინიათ იყვნენ PAP-ის ოპოზიციაში.
PAP-ის პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება რომელიც ახლა მის წინააღმდეგ მუშაობს არის სულ უფრო მზარდი ცხოვრების სტანდარტი. ქალაქ-სახელმწიფოში გაიზარდა ხანდაზმული მოსახლეობის რიცხვი, რომლებსაც აქვთ შეგრძნება, რომ PAP-მა დაარღვია მათთვის მიცემული ძირითადი დაპირება უზრუნველ სიბერესთან დაკავშირებით. უკმაყოფილო მხოლოდ პენსიონერები არ არიან. ბევრი სინგაპურელი იმიგრანტების დიდი ნაკადით შეწუხებულია. იმიგრანტების დიდი რაოდენობა წარმოშობს ორ დიდი პრობლემას: დაბერებული მოსახლეობის სულ უფრო მზარდი რაოდენობა და, ამასთანავე, სივრცის ნაკლებობა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კითხვა – იქნება თუ არა მომდევნო 50 წელი სინგაპურისთვის ისეთივე წარმატებული, როგორიც გასული ნახევარი საუკუნე – სულ უფრო აქტუალური ხდება. პასუხი მარტივია – იმდენად რამდენადაც აზია მსოფლიოს ყველზე განვითარებადი რეგიონია და ამ რეგიონში ფულის, მათ შორის გადასახადისგან დასაცავ-დასამალის რაოდენობა გაიზრდება – სინგაპურიც სულ უფრო წარმატებული იქნება. მეტი მწვანე საფარი და უნიკალური ცათამჯენები გვერდიგვერდ ჰარმონიაში იქნებიან! ეს არის მანჰეტენი და მანჰეტენიზაციის იდეის პროფიტი. იქნებ დავფიქრდეთ!
წყარო: The Economist