ელექტროენერგიაზე ტარიფები 4 თეთრით გაიზრდება – ემზარ ჯგერენაია

ეკონომიკის ექსპერტის, ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით ელექტროენერგიაზე ტარიფები 4 თეთრით გაიზრდება.

როგორც ჯგერენაიამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ტარიფი სამივე კატეგორიას შეეხება და ის შესაბამისად გაიზრდება 60%, 40% და 35%-ით.

„არსებული სიტუაციისთვის სამი სახის ტარიფია: 1. სოციალური ტარიფები 7 თეთრიანი ტარიფი, რომელიც 11 თეთრი გახდება; მეორე 11 თეთრიანი ტარიფი, რომელიც 15 თეთრი გახდება და მესამე 15 თეთრიანი ტარიფები, რომელიც 19 თეთრი გახდება. პროცენტულად ასე გადანაწილდება ტარიფები 60 %-ით პირველ კატეგორიას ეზრდება, მეორეს – 40%-ით, ხოლო მესამე კატეგორიას 35%-ით“, – განაცხადა ჯგერენაიამ.

რაც შეეხება საფასურის გაძვირების მიზეზს, ექსპერტის სამ ფაქტორს ასახელებს.

“პირველი მიზეზია, რომ ელექტროენერგეტიკის ბიზნესში რეფორმა, რომელიც 2007 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. მეორე ფაქტორია ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა, ამან საკმაოდ დიდი ზეგავლენა იქონია. ხოლო მესამე მიზეზს წარმოადგენს ის, რომ მარტო “თელასს” გააჩნია თავისი გენერაციის ობიექტი, დანარჩენები კი მთლიანად შესყიდულ ელექტროენერგიას ყიდიან“, – აღნიშნა ჯგერენაიამ.

ამასთან, ექსპერტი ვარაუდობს, რომ ტარიფების ზრდა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდასაც გამოიწვევს.

„როგორც ინფორმაცია მაქვს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო სუბსიდირებას გაუკეთებს, მაგრამ ძირითადში დენის ტარიფი, როგორც ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის და საწარმოებისთვისაც გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულად იქნება აღქმული. სავარაუდოდ, ინფლაცია აგვისტოს თვეში 7%-მდე გაიზრდება, ხოლო ბიზნესი ნაკლებადკონკურენტუნარიანი გახდება. ტარიფების გაზრდას ასევე წარმოების გაძვირება მოჰყვება, შესაბამისად პროდუქცია, მათ შორის პურის ფასებიც გაიზრდება“, – განაცხადა ჯგერენაიამ.

ნინო ექვთიმიშვილი
წყარო: www.medianews.ge

Comments

comments