July 6, 2015
ბერძნული კრიზისი და საქართველო
„ეს იყო სამარცხვინო მომენტი თანამედროვე ევროპის ისტორიაში და იქნება ძალიან ცუდი პრეცენდენტი თუ ის ბოლომდე წარმატებით განხორციელდა“ პოლ კრუგმანი
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ შეცვალა რეფინანსირების პროცენტი და ის 5.5%-მდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაძვირდა ფული. დაახლოებით 7000 ადამიანს, რომელსაც კრედიტი აღებული აქვს ლარში და რომლის პროცენტიც მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, მათ კრედიტის მომსახურებაზე გადასახადი 50 საბაზო პუნქტით გაეზრდებათ.
რატომ გააკეთა ეს ეროვნულმა ბანკმა? იმიტომ, რომ მას ინფლაციის შიში აქვს გარკვეული დოზით, ინფლაციის გაზრდის რისკები არსებობს. ინფლაციის მაჩვენებელზე სიგარეტზე გადასახადის გაზრდაც იმოქმედებს, საწვავის ფასების ზრდაც, ასევე ზოგიერთ პროდუქტებზე ფასების მომატებაც, ამიტომ ინფლაციურმა რისკმა აიძულა ეროვნული ბანკი, რომ გაეზარდა რეფინანსირების პროცენტი.
ამის გარდა, გამოქვეყნდა უცხოეთიდან გადმორიცხული სავალუტო ნაკადების მაჩვენებელი, რომელიც ლარის სიმყარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა-საბერძნეთის გარეშეც კი ის 22%-ით არის შემცირებული, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს საკმაოდ მწვავედ იმოქმედებს ლარის კურსზე. ბუნებრივია, ამას ემატება ის, რაც ხდება საბერძნეთში.
საბერძნეთში განვითარებული მოვლენებიდან ჩვენთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი ამ კრიზისმა და დაძაბულობამ განაპირობა ის, რომ ბევრი ქართველი, რომელიც დასაქმებული იყო ამ ქვეყანაში, უკვე აღარ არის დასაქმებული, ვინაიდან შემცირდა სამუშაო ადგილები და მეორე, ემიგრანტები ვერ რიცხავენ ვალუტას, იმიტომ, რომ ბანკების მოქმედება შეზღუდულია.
რეფერენდუმმა გარკვეულობა და სიცხადე ვერ მოუტანა ბერძნებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსხვავებული პოზიცია დაიკავა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, IMF-ის მიდგომა არის ძალიან მკაცრი და სრულად არ ემთხვევა ევროპელი კრედიტორების პოზიციას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის, რომ უნდა მოხდეს ვალის რესქტრუქტურიზაცია, მანამდე კი საბერძნეთში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი. სიტუაცია ბოლომდე გაურკვეველია, მაგრამ, იმედია, საბერძნეთი არ დატოვებს ევროზონას. მაგრამ ჩვენთვის ერთი რამ ნათელია, იქ მცხოვრები ქართველების პრობლემები დარჩება პრობლემებად კიდევ დიდხანს.
ვერ ვუშვებ იმას, რომ საბერძნეთი გავა ევროზონიდან. ჯერ ერთი, ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცენდენტი ევროზონისთვის, შემდეგ – გერმანია და საფრანგეთი ამას არ დაუშვებენ, რადგან ეს შეასუსტებს ამ უზარმაზარ ეკონომიკურ კავშირს და ცუდი მაგალითი იქნება, და მესამე – ყველაზე მნიშვნელოვანი, რეალურად, ეს არ აწყობს თვითონ საბერძნეთს. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება შეერთებული შტატების პოზიცია, თუ რას დაუჭერს ის მხარს.
ეს დეფოლტი, რომელიც უკვე გამოცხადდა ტექნიკური დეფოლტია, დეფოლტი კერძო კრედიტორებზე ვალის გადახდაზე უარის თქმა არის, რეალურად, ეს ჯერ არ მომხდარა. ამას გარდა, არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, თუ ეს მოხდა და სრული დეფოლტი გამოცხადდა, ყველაზე მეტად დაზარალდებიან გერმანიის ბანკები, რადგან ისინი საბერძნეთის სახელმწიფო ობლიგაციების ძირითადი მფლობელები არიან. ამიტომ, ვფიქრობ, მოვლენების ორი სცენარით განვითარებაა სავარაუდო – პირველი სცენარის მიხედვით, დიდი ალბათობით მხარეები მაინც მოილაპარაკებენ, მეორე სცენარის მიხედვით კი, დრაჰმას შემოიღებს საბერძნეთი. ამ შემთხვევაში ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. დრაჰმა აპრიორი იქნება დევალვირებლი. თეორიულიდაც რთული წარმოსადგენია, თუ როგორ შემოიტანენ დრაჰმას, რადგან ამას სჭირდება დიდი თანხები, რომლის მოზიდვასაც სჭირდება ობლიგაციების გაყიდვა, ვინ იყიდის გაკოტრებული ქვეყნის ობლიგაციებს?
მიუხედავად ამისა, დავუშვათ მოხდა მსგავსი რამ, იმ ქართველ მოქალაქეებს, რომელთაც დარჩათ კიდევ სამსახური ამ ქვეყანაში, გაუჭირდებათ ფულის გადმორიცხვა საბერძნეთიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 15 მილიონი აშშ დოლარი ყოველ თვე მოაკლდება საქართველოს სავალუტო ნაკადებს. რა თქმა უნდა, ამაზე მთავრობამ უნდა იფიქროს და კონტრნაბიჯები გადადგას. ამისთვის ყველა შემთხვევაში უნდა ვიყოთ მზად, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ არც ექსპორტისა და არც ინვესტიციების ბოლო მონაცემები არ არის სახარბიელო. ლარზე მაკროეკონომიკური ზეწოლა ივლისის თვეში ისევ გაგრძელდება. ჩვენ ალტერნატიული წყარო უნდა მოვიძიოთ ისევ და ისევ ინვესტიციების სახით. საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ შეუძლია.
ამ ეტაპისთვის ლარს წონასწორობის ეკვილიბრიუმის წერტილი ნაპოვნი აქვს, რომელიც ეროვნული ბანკის განცხადებით არის ტოლი იმ გეპის, რაც არის მიმდინარე ბალანსში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლარზე ზეწოლა გრძელდება იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც აღვნიშნეთ – სავალუტო ნაკადების შემოდინება მცირდება, ექსპორტს არ აქვს ის ზრდა, რაც შარშან ჰქონდა, ერთადერთი – ტურისტების რაოდენობაა გაზრდილი 9%-ით და ამაზე ვართ დამოკიდებულნი. ინვესტიციების კუთხითაც პირველი კვარტლის შედეგებით მნიშვნელოვანი გადინება იყო, ამას ემატება საქართველოს იურიდიული პირების, კომპანიების მიერ ვალუტის გატანაც. ქართულ კომპანიებს 700 მილიონ აშშ დოლარამდე გადასახდელი ვალი აქვთ უცხოეთში მიმდინარე დავალიანების გამო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ბერძნული რეფერენდუმის შედეგები
5 ივლისს საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 61.3% წინააღმდეგია საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს. 38.7% კი ამ მოთხოვნის შესრულების მომხრეა. ეს შედეგები იმას ნიშნავს, რომ ბერძნებმა მხარი არ დაუჭირეს დახმარების სანაცვლოდ მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ ევროზონის ლიდერების წინადადებას. ევროზონის ლიდერების პოზიციაა ათენმა გადასახადები გაზარდოს და სოციალური პროგრამების სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, რასაც სირიზას მთავრობა ეწინააღმდეგება.
რეფერენდუმის შედეგების გასაჯაროების შემდეგ, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა, გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი საკუთარ ბლოგზე წერს, თანამდებობიდან მისი გადადგომის მიზეზი გახდა ის, რომ რეფერენდუმის შედეგების შემდეგ, ევროჯგუფის ლიდერებს მოლაპარაკებებში მისი ჩართვა არ სურთ.
საბერძნეთის მთავრობა ევროლიდერებთან მლაპარაკებების განახლებას რეფერენდუმის შემდეგ აპირებდა, მაგრამ ევროზონის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ შედგებოდა, თუ ამომრჩევლი რეფერენდუმზე მხარს არ დაუჭერდა მათ წინადადებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბუნდოვანია, განახლდება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკება. რეფერენდუმამდე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებდა, რომ ის თანამდებობას დატოვებდა თუ რეფერენდუმის შედეგები ევროზონის ლიდერებისთვის დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, ევროზონის ლიდერები კი აცხადებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საბერძნეთი ევროზონას დატოვებდა.
ევროპელი ლიდერების მოლოდინი არ გამართლდა. რეფერენდუმმა მათი მოლოდინებისგან განსხვავებული შედეგი აჩვენა. საბერძნეთში ზეიმობენ. სწორი არჩევანის გაკეთება ქვეყნის მოსახლეობას ციპრასმა უკვე მიულოცა და თანამემამულეებს გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.
რეფერენდუმის შდეგებს უკვე მოჰყვა ცნობილი ეკონომისტების შეფასებები. პოლ კრუგმანმა თავის ბლოგში New York Times-ის ფურცლებზე ბერძნების არჩევანს შემდეგი შეფასება მისცა: „ციპრასმა და სირიზამ დიდი რეფერენდუმი მოიგეს და გაიძლიერეს საკუთარი პოზიციები. მაგრამ ისინი არ არიან ერთადერთი გამარჯვებულნი: მე მჯერა, რომ ევროპა და ერთიანი ევროპული იდეა უფრო მეტად გამარჯვებულია ამ შედეგებით – ბოლოს და ბოლოს მათ ტყვიას თავი აარიდეს. მე ვიცი, რომ ამ საკითხს ბევრი ამ კუთხით არ უყურებს, მაგრამ დავფიქრდეთ ამაზე: ჩვენ მოწმენი გავხდით საბერძნეთში წარმოებული ბინძური კამპანიის, დაშინებისა და შანტაჟის გზით ბერძენი საზოგადოების შეშინების, არამხოლოდ იმისთვის, რომ მათ კრედიტორების მოთხოვნაზე უარი ეთქვათ, არამედ იმისთვისაც, რომ მათ არ ეფიქრათ არსებული მთავრობის თავიდან მოშორებაზე. ეს იყო სამარცხვინო მომენტი თანამედროვე ევროპის ისტორიაში და იქნება ძალიან ცუდი პრეცენდენტი თუ ის ბოლომდე წარმატებით განხორციელდა.
მაგრამ ასე არ იქნება. საბერძნეთის მთავრობამ არ იცის თუ რას აკეთებს, მაგრამ დიდი სამეულის მოქმედება კიდევ უფრო გაურკვეველი და უარესი იყო – ახლახან ევროპულმა ინსტიტუტებმა საკუთარი ქმედებებით დაგებულ ხაფანგს დააღწიეს თავი. ევროპა ცოდვას ჩაიდენდა თუ საბერძნეთს ფინანსურად გაურიგდებოდა, ეს მის რეპუტაციას საუკუნოდ შეარცხვენდა.
და თუ საბერძნეთი დაასრულებს ევროს არსებობას? ეს არის ძალიან კარგი ქეისი – ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ დემოკრატია უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი სავალუტო შეთანხმება“ – წერს პოლ კრუგმანი
(წყარო: krugman.blogs.nytimes.com).
ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯოზეფ სტიგლიცის შეფასებით, ბერძნული რეფერენდუმის „არა“ ბოლოსდაბოლოს მისცემს საბერძნეთს საშუალებას საკუთარი ბედ-იღბალი თვითონ განაგონ და შექმნან მომავალი, „რომელიც შეიძლება არ იყოს ისეთი აყვავებული, როგორიც წარსული, მაგრამ ის იქნება უფრო მეტად იმედის მომცემი, ვიდრე ახლანდელი ბერძნული რეალობა“ წერს სტიგლიცი.
გრაფიკი #1. საბერძნეთის ვალი, ვინ რამდენს დაკარგავს?
წყარო: www.money.cnn.com
გრაფიკი #2. მშპ-ს ზრდის გლობალური პროგნოზი. 2015 წელი ასევე რთული იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორც 2008-2009 წლები იყო
წყარო: www.wsj.com
მე ვფიქრობ, რომ ტრადიციულად, როგორც გვჩვევია, როგორც კი ლარის კურსი გაჩერდა და ეკვილიბრიუმის წერტილი იპოვა, იმ წუთას ჩვენ ეს თემა გადავდეთ გვერდზე, ამაზე აღარ არის ღიად მსჯელობა – რა ხდება ზაფხულში, რა მოგველის შემოდგომაზე და რა უნდა გავაკეთოთ? ყველაფერი ტურისტულ სეზონზეა დამოკიდებული. ასევე ივლისში დიდი მოვლენაა ახალგაზრდული ოლიმპიადის სახით, რომელსაც შემოაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი სავალუტო ნაკადები ქვეყანაში. ეს ოლიმპიადა იქნება შემაკავებელი ფაქტორი, რომ ლარის კურსი არ დავარდეს. როგორც კი ოლიმპიადა დამთავრდება, სექტემბრიდან ყველა ეს ფაქტორი ერთდროულად ამოქმედდება და არის საშიშროება, რომ ლარის კურსი ისევ დაეცეს.