რას მოიცავს პროექტი – „ქართული მანჰეტენი“?!

ტრაგედია, რომელიც თბილისს ყველასაგან მივიწყებულმა მდინარე ვერემ 13-14 ივნისს მოუტანა, პირველი არ ყოფილა. როგორც ისტორია გვანახებს, მდინარე ჯერ კიდევ 1960 წელს ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული ზიანი მოუტანა, შემდეგ იყო 1963, 1972 და 1995 წლები. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა წყლის ნაკადმა მთლიანად დატბორა ზოოპარკი და საცხოვრებელი სახლები, მანქანები მტკვარში ჩაიტანა, მსხვერპლი კი დიდი იყო. მაშინ ამბობდნენ, რომ თბილისის შემოგარენის ფერდობები ტყიანი, რომ ყოფილიყო ასეთი ტრაგედიაც არ მოხდებოდა.

დღეს კი, სხვადასხვა მოსაზრებები და ვარაუდებია. მდინარის ადიდებას ზოგი გასული საუკუნის 30-იან წლებში და 1959 წელს აგებულ გვირაბებს აბრალებს,ზოგი ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ესტაკადას,ზოგი მდინარის ხეობაში ხელოვნურ ჩარევებს, ზოგი კი უბრალოდ თავსხმა წვიმას. მოკლედ ვარაუდები ბევრია, ოფიციალური უწყებების მიერ მომზადებული დასკვნა კი დღემდე არ არსებობს. ჩნდება კითხვა: რატომ ებრძვის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხეილისუფლება სტიქიის შედეგებსა და რატომ არ ებრძვის მთავარს, გამომწვევ ფაქტორებს? პასუხი კვლავ არ არსებობს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ დროს ჩნდება პროექტი „ქართული მანჰეტენი“, რომელიც ვერეს ხეობაში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. კერძოდ სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებითა და კორპუსების განთავსებით.

პროექტს მრავალი მოწინააღმდეგე მალევე გამოუჩნდა. მათ თბილისის საკრებულოს, საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიას პეტიციითაც მიმართეს. „მოვითხოვთ ვერეს ხეობაში ცენტრალური ტყე-პარკის მოწყობას! 26 ივნისს თბილისის საკრებულოსთან აქციაც გამართეს, თუმცა ვერეს ხეობის ბედი დღემდე უცნობია.

პროექტი, რომელიც „ქართული მანჰეტენის“ სახელით არის ცნობილი „საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ“ და საქართველოს ბიზნეს-პალატამ შეიმუშავა. მისი ღირებულება მილიარდ 400 მილიონს აღწევს. „თბილისი თაიმსი“ აღნიშნული პროექტით დაინტერესდა და საქართველოს ბიზნეს-პალატის ხელმძღვანელს, ემზარ ჯგერენაიას ესაუბრა.

ბატონო ემზარ, „ქართული მანჰეტენის“ ბიზნეს-გეგმას, როგორც მოსახლეობის ნაწილი, ასევე გეოლოგთა ნაწილიც აპროტესტებს. ისინი პროექტს უტოპიურს უწოდებენ და როგორც აღნიშნავენ, შეუძლებელია მდინარის ხეობაში, ჭალაში მშენებლობის დაწყება, რადგან, როგორც ისტორია აჩვენებს, ეს დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და არ არის გამორიცხული მდინარის კვლავ ადიდება. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რეალურია თუ არა ეს პროექტი და რამდენად უსაფრთხო იქნება ვერეს ხეობაში ურბანული ცენტრის აშენება?

– დიახ, აპროტესტებენ და მათ აქციაც გამართეს, თუმცა საოცარი რა არის იცით? ამ აქციაზე ზუსტად ის ხალხი ვნახე, ვინც გეი პარადისა და სხვა აქციებზე იყო. საინტერესოა ვინ არიან ეს ადამიანები? რატომ არის ყველა აქციაზე ერთი და იმავე ხალხი? სხვათაშორის მეც მინდოდა მისვლა და მათი მთაწმინდის ფერდობზე, ლისის ტბასა და კუს ტბაზე წაყვანა, რადგან სწორედ იქ ხმება და ნადგურდება ნაძვები. ამასთან დაკავშირებით კი არავინ აწყობს აქციებს. საერთოდ საქართველოს გართულება აქვს შენებაზე, მას ნგრევა უყვარს. არიან გულწრფელად შეშფოთებული ხალხიც, თუმცა რეალურად რაზე წუხან არ იციან. საინტერესოა, ის გეოლოგები, რომლებიც პროექტს უტოპიურს უწოდებენ რას გვთავაზობენ? ჩემს კონფერენციაზე 10 გეოლოგი იყო და ჩვენ საკმაოდ სერიოზულათ განვიხილეთ ეს საკითხი. ის, რომ მდინარე კვლავ ადიდდება, ამას გეოლოგების დასკვნა არ სჭირდება. ეს ისედაც მოხდება. ზუსტად იმიტომ, რომ არ ადიდდეს და არ დააზიანოს არც ქალაქი და არც მოსახლეობა ჩვენ, ბიზნეს-პალატიდან ორმოცდაათმა ადამიანმა, თავიდან ბოლომდე დავათვალიერეთ ტერიტორია, გულთა ახლოს მივიტანეთ ამ ხალხის ტკივილი და დავისახეთ მიზანი, რომ რეალური გამოსავალი გვეპოვა, გამოსავალი არა გულაჩუყებითა და ემოციის ფონზე, არამედ რეალურად. ამაში კი ჩაერთვნენ იტალიელები, ფრანგები, უკრაინელები, შვედები, დანიელები და ქართველები. ჩვენ თითოეული ხის დარგვასა და ბეტონის ჩასხმაზე ვიმსჯელეთ და შევჯერდით. რეალურად ხალხი აპროტესტებს რაღაცას და არ იცის რას. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ მანჰეტენი უნდა აშენდეს ქუთაისში ან გარეუბანში. საინტერესოა, რომელი ბიზნესმენი წავალ გარეუბანში და მხოლოდ სასტუმროს აშენებაში დახარჯავს 50-100 მილიონს?

საიდან წამოვიდა და რატომ გაჩნდა ეს იდეა, ვინ არის თქვენთან ერთად ამ აზრის თანაავტორი?

– მე ივლიტა ჯიბუტის მამასა და ბიძას ვესაუბრე. ადამიანმა თქვა, რომ შვილს ვერავინ დაუბრუნებს, თუმცა თუ ისე გაკეთდება, რომ მდინარემ ვერამ არათუ ვინმეს სიცოცხლე შეიწიროს, არამედ ხიდან ფოთოლიც კი არ ჩამოვარდეს და არასდროს განმეორდეს ეს ტრაგედია, მაშინ ის ჩათვლის, რომ მისი შვილი ტყუილად არ მომკვდარა. ჩვენ სწორედ ივლიტას ხსოვნას მივუძღვენით ეს იდეები.

ასევე ხშირად არის საუბარი მდინარის კალაპოტზე და გვირაბებზე, რადგან რეალურად როგორც ვნახეთ, მდინარე დამანგრეველ ძალას ფლობს. საინტერესოა რა არის იმის გარანტია, რომ მდინარის გვირაბში მოქცევა და კალაპოტის შეზღუდვა კვლავ არ გამოიწვევს მსგავს ტრაგედიას და ზოგადად რამდენად შეიძლება ბუნებას რაიმე გარანტორი ჰქონდეს?

– რა თქმა უნდა აქვს გარანტორი და ეს დამბის აშენებაა. ზოგადად ქალაქი თბილისი მსოფლიოს საინჟინრო საოცრებაა. მთელი ცენტრალური უბანი მათ შორის ძველი თბილისი მტკვრის ხეობაშია განთავსებული. განსაკუთრებით მშრალი ხიდიდან ორთაჭალ ჰესამდე. ასე, რომ დამბის აშენების შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. აღსანიშნავია, ის, რომ ამ პროექტით ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან ჩვენ ვაკეთებთ უზარმაზარ პარკს რეკრეაციული ზონით, რადგან თუ არ არის ეს რეკრეაციული ზონა ბიზნეს-ცენტრს ღირებულებაც აღარ ექნება.

ბატონო ემზარ, როგორც თქვენ აცხადებთ, მდინარე ვერემ ნგრევა დაასრულა და ახლა ხეობაში აღმშენებლობის დროა, რა გაძლევთ ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს მაშინ, როდესაც ჯერ არ არის შესწავლილი ის მოვლენა, თუ რა მოხდება 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში და რაზე დაყდნობით უნდა დაიჯეროს მოსახლეობა ის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდება?

– ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ უახლოეს მომავალში უნდა დაიდოს გადაწყვეტის გზა. ჩვენ კი ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს იყოს მყარი და გარანტირებული. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას გადაწყვეტილება ემოციაზე დაყრდნობითა და გარანტიის გარეშე განხორციელდეს და ტრაგედია კვლავ განმეორდეს. ეს უნდა იყოს მსოფლიო დონეზე ექსპერტიზა ჩატარებული პროექტი. მოსახლეობამ კი მხოლოდ დასკვებს უნდა დაუჯეროს.

აღსანიშნავია, ის, რომ კრიზისიდან გამოსვლის კომპლექსური გეგმა ჯერ არ არსებობს, თქვენი აზრით ამ დროს, არის თუ არა რეალური და შესაფერისი დრო პროექტზე სასაუბროდ და ხომ არ გამოიწვევს ეს მოსახლეობის გაღიზიანებას, რადგან ჯერ ისიც კი არ არის ცნობილი, როდის და რა ფორმით მოხდება დაზარალებული მოსახლეობის დაბინავება

– ზუსტად დროულია ეს პროექტი, რადგან მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ მათ გვერდში ვუდგავართ. ოთხასი მილიონი არ ეყოფა ამ ხალხის გადასახლებას, შესაბამისად ჩვენ მოვახდენთ იმის კომპესაციას, რაც დაკარგეს და სრულად ავანაზღაურებთ ზარალს.

თქვენი აზრით, ხომ არ გამოიწვევს ქალაქის ცენტრში ე.წ. მანჰეტენის აშენება დედაქალაქის კიდევ უფრო დატვირთვას საცობების მხრივ?

– არა, პირიქით, გზა, რომელიც უნდა აღდგეს, არის ის გამავალი გზა, რომელიც ჰაერივით სჭირდება თბილისს და იგი ხელს შეუწყობს ქალაქის საცობებისგან განტვირთვას.

როგორც ცნობილია პროექტი გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწყობას, სარეკრეაციო ზონის აღდგენას, სასტუმროების, ბიზნეს ცენტრებისა და საცხოვრებელი კორპუსების განთავსებას. ბატონო ემზარ, ბუნებრივია ქართულ მანჰეტენზე ცხოვრება ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. ადგილმდებარეობას რომ შევეშვათ, საინტერესოა იქნება თუ არა ქართულ მანჰეტეზე ცხოვრება ფუფუნება და რელაურად, რამდენად არის ეს პროექტი ქართველი მოსახლეობის ფინანსებზე სათანადოდ მორგებული?

– ეს ძალიან კარგი კითხვაა, რადგან ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ბიზნესცენტრი ისეთი ადგილია, რომელსაც დიდი, მაღალი კედლები და ღობე აქვს. მას ავტომატით იცავენ. ეს ერთ-ერთმა არქიტექტორმა, ირაკლიმ განაცხადა, გვარს შეგნებულად არ დავასახელებ. მე ძალიან გამიკვირდა, რადგან ეს არის დემაგოგიის კლასიკური ფორმა იმ ადამიანისგან, რომელსაც საქართველოში ნგრევის გარდა არაფერი გაუკეთებია. რაც ვერა-ვაკეში ხდება სწორედ მისი, მთავარი არქიტექტორის დამსახურებაა, გარეთ, რომ ვერ გადიხარ და ფანჯრიდან მეზობლის ოთახს პირდაპირ რომ უყურებ.

თუ ვინმეს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რესტორანში შევიდეს, ჩვენ ზოოპარკის ადგილას ვაკეთებთ საპიკნიკე მოლს, სადაც მსურველს შეუძლია სახლიდან მოიტანოს ხაჭაპური, გაშალოს პლედი და უბრალოდ დაისვენოს. სამწუხაროდ ჩვენ არავის ვაძლევთ გარანტიას, რომ ყველას შეეძლება 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ლანჩის მირთმევა.

დაახლოებით რა პერიოდია საჭირო პროექტის განსახორციელებლად და ამ ეტაპისთვის არსებობს თუ არა „ქართული მანჰეტენის“ გრაფიკული რენდერი?

– ბიზნეს-გეგმა თავისთავად მოიცავს 200-მდე სხვადასხვა პროექტს, რომელთა შესაქმნელად მინიმუმ 8 თვეა საჭირო. ექსპერტიზის ჩათვლით კი 1 წელი. საბოლოოდ, პროექტის განხორციელებას ალბათ 5-6 წელი დასჭირდება. პროექტის გრაფიკული რენდერები კი რამდენიმე კვირაში შეიქმნება.

13-14 ივნისის ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის მიზეზები დღემდე უცნობია, თუმცა ფაქტი ერთია. მდინარე ვერეს ადიდებამ და ჩამოწოლილმა მეწყერმა წყალდიდობა გამოიწვია. ადიდა მდინარე და თბილისსში სვანიძის ქუჩასა და მზიურის ტერიტორია დატბორა. დაინგრა სახლები და ჩქაროსნული მაგისტრალი. მომხდარ ტრაგედიას 20 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 19 უშუალოდ ღვარცოფით დაიღუპა, ერთი კი ვეფხვმა დაგლიჯა. შსს-ის ინფორმაციით, კვლავ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. სამძებრო სამუშაოები კი აქტიურად გრძელდება.

ესაუბრა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვი

წყარო: www.ttimers.ge

Comments

comments