June 22, 2015
ემზარ ჯგერენაია: ზარალის ანაზღაურებასა და პრევენციის ზომების გატარებას 1 მილიარდ 400 მლნ ლარი დასჭირდება
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ მან და სპეციალისტთა ჯგუფმა დედაქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დათვალეს და წინასწარი გათვლებით ზარალის ანაზღაურებასა და პრევენციის ზომების გატარებას 1 მილიარდ 400 მილიონი ლარი დასჭირდება. ამის შესახებ ჯგერენაიამ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის, მთავრობას აღნიშნული ჯგუფის ინიციატივა და მათ მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა გააცნოს.
„დაახლოებით 1 მილიარდ 400 მლნ დოლარია დათვლილი, რომ აღდგეს ის ინფრაქტრუქტურა და განხორციელდეს პრევენციული ზომები, რომ მომავალში არავის სიცოცხლე არ იყოს საფრთხის ქვეშ. უნდა გაუმჯობესდეს ეკოლოგიური სიტუაცია ვერეს ხეობაში, უნდა გაკეთდეს ჯებირები, უნდა აშენდეს წყალსაცავი, რომელიც მსგავს საფრთხეს სამუდამოდ მოხსნის, უნდა აღდგეს მთლიანად დანაკარგი, მოსახლეობამ 100 %-იანი კომპენსაცია უნდა მიიღოს, უნდა გადავიდეს ზოოპარკი უსაფრთხო ტერიტორიაზე, რეკრეაციული ზონა უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ამას ინვესტორებისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან დახმარება დასჭირდება. გვინდა, ჩვენი ინიციატივა მივაწოდოთ მთავრობას და გავუზიაროთ ჩვენი ხედვები”, – განაცხადა ჯგერენაიამ.
ავტორი: ნენე სტეფანიშვილი
წყარო: www.reportiori.ge