პური გაძვირდება?!

puri
,,რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის ფასი ორი მიზეზით გაიზარდა – მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირდა და ფოთის პორტში მაღალი ტარიფებია’‘

რუსეთიდან იმპორტირებული ხორბალი უკვე გაძვირდა. ფოთის პორტში ტრანსპორტირებული 1 ტონა ხორბლის ფასი 25 აშშ დოლარით გაიზარდა და 305 აშშ დოლარი გახდა. ტრეიდერი კომპანია ,,აგრიკომის’‘ ხელმძღვანელების განცხადებით, ხორბლის გაძვირება ფქვილზეც აისახება, სავარაუდოდ, 1 ტომარა ფქვილის ფასი 2 ლარით გაიზრდება და 40 ლარი გახდება, საბოლოოდ კი, ხორბლისა და ფქვილის გაძვირებას, პურის გაძვირებაც მოჰყვება. რა ვითარებაა ქვეყანაში, აქვს თუ არა სახელმწიფოს საკმარისი მარაგი, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის ფასის ზრდის მიუხედავად, პური არ გაძვირდეს?
ტრეიდერი კომპანია ,,აგრიკომის’‘ დირექტორმა, ქეთევან კუბლაშვილმა ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის ფასმა დინამიკაში, ბოლო ერთ თვეში მოიმატა, ხორბლის გაძვირება ფქვილის ფასსაც გაზრდის, მაგრამ უმნიშვნელოდ: ,,რა თქმა უნდა, ხორბლის გაძვირებას ფქვილის ფასის ზრდაც მოჰყვება, მაგრამ ეს 100%-იანი ზრდა არ იქნება. საქართველოს ბაზარზე ფქვილის ძირითადი მწარმოებელი აზერბაიჯანელი მეწარმე ასაბელ კასუმოვია, რომელიც ბაზარს იმდენად დაბალ ფასს კარნახობს, რომ ფქვილი უმნიშვნელოდ გაძვირდება. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალს, ვფიქრობ, ფასის ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, 1 ტონა ხორბალი 4-5 აშშ დოლარით კიდევ გაძვირდება, მაგრამ წლის ბოლოს ხორბლის ფასი ბაზარზე დასტაბილურდება’‘. ქეთევან კუბლაშვილის თქმით, ხორბლისა და ფქვილის გაძვირება პურსაც გააძვირებს, მაგრამ უმნიშვნელოდ, რადგან ზოგადად, საქართველოს ბაზარზე, ხორბლის ფასის ზრდა, ფქვილს ან პურს ადეკვატურად არ აძვირებს. ეს ტენდენცია უფრო აშკარა მაშინ ხდება, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ეცემა. ნავთობის ბაზრის მსგავსად, პურ-პროდუქტების ბაზარზე მსოფლიო ტენდენციები მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც იმპორტირებული პროდუქტის ფასი იზრდება, ხოლო გაიაფების შემთხვევაში, ქართული ბაზარი საერთოდ არ რეაგირებს. მაგალითად, შარშან, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი რამდენჯერმე შემცირდა, საქართველოში კი არც ხორბალი გაიაფებულა, არც ფქვილი და არც პური. საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 90% რუსეთიდან შემოდის. ქეთევან კუბლაშვილის თქმით, წელს რუსეთში ხორბლის დიდ მოსავალს ელოდნენ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა, რასაც პროდუქტის გაძვირება მოჰყვა. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში ,,ვერსიას’‘ განუცხადეს, რომ 1 ტონა ხორბლის ფასის 25 აშშ დოლარით ზრდას ფქვილის უმნიშვნელო გაძვირება მოჰყვება, მაგრამ ეს პურის ფასზე გავლენას ვერ მოახდენს. სამინისტროს ინფორმაციით, მართალია, რუსული ხორბალი გაძვირდა, მაგრამ საქართველო ხორბლის იმპორტს უკრაინიდან და ყაზახეთიდანაც ახორციელებს, ამას ადგილობრივი, ქართული ხორბალიც ემატება და შესაბამისად, სახელმწიფოს ხორბლის საკმარისი მარაგი გააჩნია, რათა ქვეყანაში პურის ფასმა არ მოიმატოს. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პროგნოზს არ იზიარებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია, რომელმაც ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ ხორბლის გაძვირება ფოთის პორტში არსებული მაღალი ტარიფების ბრალია: ,,მსოფლიოში, 1 ტონა ხორბლის ფასმა 670 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საკმაოდ მაღალი ფასია ამ დროისთვის, მაგრამ ფოთის პორტთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, რომ მსხვილი საწარმოები _ რუსთავის ,,აზოტი’‘, ზესტაფონის ,,ფერო’‘ და ყაზახური კომპანიების წარმომადგენლები, ფოთის პორტის ტარიფებს უჩივიან. ისინი მიიჩნევენ, რომ სხვა პორტებთან შედარებით, ფოთის პორტს საკმაოდ მაღალი ტარიფები აქვს. არადა, მთელი მსოფლიოს პორტებში ტვირთების ნაკლებობაა, ,,საქართველოს რკინიგზასაც’‘ კი, ამ დროისთვის, 12 000 000 ტვირთი აკლია. მაგალითად, ილიჩევსკის პორტის წლიური დატვირთვა 60 000 000 ტონაა, მაგრამ ახლა დაახლოებით, 30 000 000 ტონაზე მუშაობს; ანალოგიური ვითარებაა ოდესის პორტშიც, რომლის წლიური დატვირთვა 40 000 000 ტონაა, მაგრამ 30 000 000 ტონაზე მუშაობს. ნოვოროსიისკის პორტის ბრუნვაც განახევრებულია, კონსტანცას პორტს, რომელიც ევროპის ჭიშკარია, ტვირთების 20%-25% აკლია. ფოთის პორტსაც შეუმცირდა ტვირთები და ამ ვითარებაში, ფასების ზრდა ტვირთებს აუცილებლად დაგვაკარგვინებს. მაგალითად, ,,აზოტის’‘ ხელმძღვანელობა უკვე ამბობს, რომ ტვირთს აზერბაიჯანის გავლით გაიტანს, რაც გაცილებით იაფი დაუჯდება’‘. ემზარ ჯგერენაიამ ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ ფოთის პორტს მსოფლიოში ცნობილი გიგანტური კომპანია ,,მაერსკი’‘ მართავს. ამ კომპანიას იმდენად მსხვილი ბრუნვა აქვს, რომ ფოთის პორტში ტვირთების რაოდენობის შემცირებას მტკივნეულად არ გადაიტანს, სამაგიეროდ, საქართველო დაზარალდება. ჯგერენაია არ გამორიცხავს, რომ იმპორტირებული ხორბალი, ფოთის პორტში არსებული მაღალი ტარიფების გამო გაძვირდა: ,,მეორე მხრივ, მსოფლიოშიც გაიზარდა ხორბლის ფასი და გამორიცხული არ არის, რუსეთმა, რომელიც ხორბლის ერთ-ერთი სერიოზული მიმწოდებელია, საკუთარი პროდუქციის ფასი გაზარდა. კლასიკურად, რუსული და ყაზახური ხორბალი ყოველთვის იაფი იყო, რაც ჩვენს ქვეყანას მანევრირების საშუალებას აძლევდა. პირობითად, რუსეთიდან 1 000 ტონა ხორბლის წამოღება რკინიგზის საშუალებითაც შეგიძლიათ, არადა, კანადიდან აუცილებლად 30 000 ტონა ხორბალი უნდა წამოიღოთ, თანაც გემით, რაც გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. აქედან გამომდინარე, რუსეთიდან იმპორტირებული ხორბალი ორი მიზეზის გამო გაძვირდა _ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზარდა და ფოთის პორტში მაღალი ტარიფებია’‘. საინტერესოა, როგორ უნდა დაარეგულიროს სახელმწიფომ ,,მაერსკის’‘ პრობლემა? რა ბერკეტი აქვს ხელისუფლებას ამისთვის და ამ ტიპის რეგულირება კერძო ბიზნესში სახელმწიფოს უხეშ ჩარევად ხომ არ აღიქმება? ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ეს პრობლემა მხარეებს შორის დიალოგის გზით გადაიჭრება: ,,პირველ რიგში, არავის ვურჩევ კერძო ბიზნესში უხეშად ჩარევას, მაგრამ სახელმწიფო აუცილებლად უნდა შეხვდეს მეწარმეებს. არც ისეა საქმე, რომ ყველაფერს ბაზარი დაალაგებს, თუმცა თავისუფალი ბაზრის მეხოტბე ვარ. მოკლედ, ეს შეხვედრა აუცილებელია. უნდა გავიგოთ, რა პრობლემა და შანსი აქვს ,,მაერსკს’‘, რა ინვესტიციის განხორციელებას აპირებს და როგორია მისი სამომავლო გეგმები. უნდა ვეცადოთ, პრობლემა მოლაპარაკების გზით გადავჭრათ, რათა საერთო გამოსავალი ვიპოვოთ. თუ შევამჩნევთ, რომ ,,მაერსკი’‘ ზემოგების მიღებას ცდილობს, რაც ქვეყანას აზიანებს, მაშინ სახელმწიფოს სხვადასხვა ბერკეტი გააჩნია, მათ შორის, საგადასახადო და არასაგადასახადოც კი, რომ ფოთის პორტის მმართველი კომპანია ბაზრის ადეკვატური გახდეს’‘. რაც შეეხება რუსული ხორბლის ალტერნატივას _ ყაზახურ და უკრაინულ ხორბალს, ემზარ ჯგერენაიამ ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ თუ გარკვეული მიზეზის გამო, რუსული ხორბლის ფასი იცვლება, ეს პროცესი მყისიერად აისახება ყაზახურ და უკრაინულ ხორბალზეც: ,,რას ნიშნავს _ რუსული ხორბალი გაძვირდა, მაგრამ ყაზახური ან უკრაინული ხომ გვაქვს? რუსული ხორბლის ფასთან ერთად, უკრაინული ხორბალიც თუ არ გაძვირდა, მაშინ რუსული პროდუქცია ჩაწვება, რადგან მთელი მსოფლიო უკრაინულს მიაწყდება. უკრაინა, რუსეთი და ყაზახეთი აღმოსავლეთის ბაზარს წარმოადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც. შესაბამისად, თუ რუსული ხორბალი გაძვირდა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინული და ყაზახურიც გაძვირდება. მეტსაც გეტყვით, უკრაინულ ბაზარზე საკმაოდ ძლიერადაა წარმოდგენილი რუსული კომპანიები ხორბლის ბიზნესში და აქედან გამომდინარე, მშვიდად ნამდვილად ვერ ვიქნებით’‘.

მაია მიშელაძე

წყარო: www.versia.ge

Comments

comments