ვინ გახდება ივანიშვილის მემკვიდრე და ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს

ვინ გახდება ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე, ვინ ჩაიბარებს მისი წასვლის შემდეგ ეკონომიკურ გუნდს და როგორი იქნება ეს გუნდი? ვინ აგებს პასუხს ეკონომიკურ ვარდნაზე და ვინ არის ხელისუფლებაში სუსტი რგოლი?

ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე, თანაც ოფიციალურად, თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წავა. სოციალურ ქსელში შესაძლო მემკვიდრედ ორი ფიგურა დასახელდა – ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე. კალაძე არაოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატადაც კი იყო დასახელებული.

თუმცა, მოულოდნელად ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის პოსტზე, სხვებთან ერთად, მისი კანდიდატურაც შეიძლება იყოს განხილული. ამით მან ისიც დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლას “ქართულ ოცნებაში” უკვე სერიოზულად განიხილავენ, თუმცა ხმამაღლა საუბარს მაინც ერიდებიან.

ეკონომიკური გუნდის გარდა, საუბარია სხვა მინისტრების შეცვლაზეც. მაგალითად, თეა წულუკიანის, სოზარ სუბარის…

აკრიტიკებენ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილსაც.

წულუკიანს – ეგრეთწოდებული სასამართლოს რეფორმების გამო; სოზარ სუბარს – ციხეებში მძიმე მდგომარეობის გამო; კბილაშვილს – ბაჩო ახალაიას გამართლებისთვის… მოკლედ, ყველას რაღაც აქვს “მოსაკითხი”. კითხვის ნიშნები აქვთ ეკონომიკურ ი გუნდის მიმართაც. თუმცა, ექსპერტები ეკონომიკურ გუნდზე (ამ სფეროში მაჩვენებლების ვარდნის მიუხედავად) საუბრისას ზედმიწევნით კორექტულები არიან. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე რომ ვერაფერს იტყვიან, პასუხისმგებლობას აბსტრაქტულად აყენებენ.

ასეა თუ ისე, კვირიკაშვილის განმარტების მიუხედავად, ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებითაც ფრთხილობენ. ქართველი ექსპერტების სუსტი წერტილი პროგნოზია. ტრადიცია ჯერ უცვლელია: რასაც ისინი პროგნოზირებენ, როგორც წესი, არ ხდება. ამიტომაც, ახლა ურჩევნიათ, მოვლენებს წინ არ გაუსწრონ. მით უფრო, როცა საქმე თვით ბიძინა ივანიშვილს ეხება.

მაშ ასე, ქართველი ექსპერტების შეფასებები პრემიერის მემკვიდრესა და ეკონომიკურ გუნდზე.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

რამდენად შესაძლებელია პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მისი თანამდებობა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავოს?

– პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვეტილი საკითხი არ არის. მგონი, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. ასეთი გადაწყვეტილება ასე ადრე არ მიიღება. პრემიერის წასვლა არცთუ ისე ახლო პერსპექტივაა. მით უმეტეს, კანდიდატურებზე საუბარი ნაადრევია.

რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას, რომელიც ქვეყანაშია? ვინ შეიძლება ამაზე იყოს პასუხისმგებელი?

პასუხისმგებელი, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკური გუნდი და საერთოდ, მთლიანად ხელისუფლებაა.

როგორ ფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლებელია, შეიცვალოს ეკონომიკური გუნდი?

პოლიტიკა უნდა განვიხილოთ დინამიკაში. პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ჯერჯერობით ამის საჭიროებასა და ნიშნებს ვერ ვხედავ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. მანამდე კიდევ ბევრი რამ მოხდება, ეკონომიკურ პროცესშიც ბევრი რამ შეიცვლება. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. დღეის მდგომარეობით, ეს საკითხები, რაც, თქვენ მითხარით, ჯერჯერობით აქტუალური არ არის. თუმცა, რა ვითარება იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იქიდან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პროგნოზის გაკეთებას დღეს ვერ დავიწყებ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორებზე.

ყველაზე სუსტ რგოლად ვინ შეიძლება მივიჩნიოთ ეკონომიკურ გუნდში?

გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. ერთადერთი ჩემი თავი შემიძლია დავასახელო, თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ მე არ ვარ ეკონომიკური გუნდის წევრი. რაც შეეხება სამინისტროებსა და მინისტრებს, მე ყველა მომწონს ჯერჯერობით. ასე, კონკრეტიკაზე რომ ვილაპარაკოთ, მთავრობა არის სოლიდარული პასუხისმგებლობის ორგანიზმი და არ არსებობს ვიღაცის პასუხისმგებლობა ისე, რომ ის არ გადადიოდეს სხვებზეც. აქედან გამომდინარე, თავს შევიკავებდი, რომ ვიღაც უფრო სუსტად მოვიაზრო და ვიღაც – უფრო ძლიერად. საბოლოო ჯამში, ყველა პასუხისმგებელია ეკონომიკურ პროცესზე, ვინც ამაში მონაწილეობს.

ეკონომიკური ვარდნის მიზეზი რა შეიძლება იყოს?

ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, იმის მიზეზი, რაც დღეს ხდება, არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რაც ჩვენ დაგვიტოვეს. ქვეყანაში ჩამოყალიბებული იყო მახინჯი ეკონომიკური ურთიერთობები, რასაც გრძელვადიანი პერსპექტივა არ ჰქონდა. მოკლე ვადაში ფასადური კეთილდღეობის ჩვენება შეეძლოთ, მაგრამ სისტემური პრობლემები იყო. ეკონომიკური ურთიერთობები გრძელვადიან პერსპექტივაზე არ იყო გათვლილი. ეკონომიკა არ იყო ჯანსაღი და ამის რეკონსტრუქციას დიდი დრო სჭირდებოდა. ეს დრო იმან წაიღო, რომ ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობები დამყარებულიყო ბიზნეს სეგმენტსა და ხელისუფლებას შორის, შექმნილიყო კონკურენტული გარემო და პოლიტიკური რისკები ჩამოშორებოდა ამ ურთიერთობებს. ეს მოსამზადებელი სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ეკონომიკა გამოცოცხლებას დაიწყებს.

ემზარ ჯგერენაია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: – სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ კვირიკაშვილის შესაძლო გაპრემიერება ჯერჯერობით ჭორია. შესაძლებელია, რომ სხვა კანდიდატებიც იყვნენ.

მაგალითად, ვინ?

– ვერ გეტყვით. ალბათ, ძალოვნებიდან. ჯერ გიორგია ვიცე-პრემიერი. პრემიერის თანამდებობა არ არის, უბრალოდ, ეკონომიკური გუნდი, პრემიერის თანამდებობა, ახალი კონსტიტუციის თანახმად, საკმაოდ პოლიტიკურია, რომელსაც უფრო დიდი პოლიტიკური გამოცდილება და პოლიტიკური ალღო სჭირდება, ვიდრე გიორგის აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაც განიხილება…

ალბათ.

– უნდა ველოდოთ თუ არა, ეკონომიკური გუნდის ცვლილებას და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე სუსტი რგოლი, ვინც შეიცვლება?

ამ ეტაპზე ამას გამოვრიცხავ.

არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი არ არის ეკონომიკური გუნდის ცვლილება?

2013 წლის განმავლობაში, მგონი, არ შეიცვლება და 2014-ში ვნახოთ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას, ამ შემთხვევაში ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი?

ამ შემთხვევაში ეს მარტო ერთი მინისტრის პრობლემა არ არის. ეს არის მთელი გუნდის პრობლემა და ეკონომიკური ზრდის საკითხები მთელი მთავრობის მასშტაბით უნდა განიხილებოდეს და არა ერთი რომელიმე პიროვნების მაგალითზე. აქ ლაპარაკია ფუნდამენტურ საკითხებზე, რომელსაც ღრმა კვლევა და საკმაოდ სერიოზული მუშაობა სჭირდება. ეკონომიკის ვარდნა ერთი მინისტრის დონეზე არ ხდება.

სწორედ ამიტომ ხომ შეიძლება მოხდეს ეკონომიკური გუნდის ცვლილება?

მარტო ეკონომიკური გუნდი არ არის პასუხისმგებელი ამაზე. ეკონომიკური გუნდი ორი-სამი ადამიანია.

თქვენ რას უკავშირებთ ეკონომიკურ ვარდნას?

ამას ძალიან ბევრი გარე და შიდა მიზეზი აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია ორხელისუფლებიანობა, მოლოდინის რეჟიმი, გარე ინვესტიციების არარსებობა და შიდა ეკონომიკური რეფორმების განხორციელების დაგვიანება. ეს საკმაოდ ღრმა საუბრის თემაა. ეს ერთი და ორი ფაქტორით არ არის გამოწვეული. თუ პოლიტიკურ პროპაგანდაზეა ლაპარაკი, ეს სხვა რაღაცაა. თუ არადა, ეს ფუნდამენტური პრობლემებია, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული და ბუნებრივია, სერიოზულ სტრუქტურულ ცვლილებებს მოითხოვს.

კახი კახიშვილი, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი:

რამდენად შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრის წასვლის შემდეგ მისი თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავოს?

რამდენად შესაძლებელია, ამას ვერ გეტყვით. დღეს ვერ ვიმსჯელებ ამაზე. შესაძლებელია, კვირიკაშვილმაც დაიკავოს და შესაძლებელია, ბევრმა სხვა ადამიანმაც დაიკავოს. მე ამაზე ვარაუდს ვერ გამოვთქვამ.

რამდენად მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეკონომიკური გუნდის ცვლილება?

მე ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ ეკონომიკური გუნდის ცვლილება იქნება საჭირო, არამედ მთავრობის გადახალისების საკითხი დადგება დღის წესრიგში. რომელ მინისტრს დატოვებენ და რომელს – არა, ჯერ არ ვიცი. ფაქტია, რომ გარკვეული მინისტრები აღარ იქნებიან წარდგენილი მინისტრების პოსტზე.

ეკონომიკური ვარდნის გამო, რაც ქვეყანაშია, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს?

რაც შეეხება თვითონ ვარდნას, მე ამას ვუკავშირებ იმ გარდამავალ პერიოდს, რომელიც არის ქვეყანაში. კერძოდ, ცხრა წლის განმავლობაში საშუალო ფენა მიზანმიმართულად მოისპო “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, ხოლო ის ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში ეკონომიკურ ამინდს ქმნიდნენ, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული “ნაცმოძრაობის” ელიტასთან და, ფაქტობრივად, მათი ქოლგის ქვეშ მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ბუნებრივია, იმ ბიზნესმენებს, რომლებიც პოლიტიკური მოტივები გახდნენ და ბიზნესნიჭი გაეხსნათ, “ნაცმოძრაობის” წილში აყვანის შემდეგ, დაიბნენ. აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. ნაწილმა დაიწყო თავისი აქტივების გაზიდვა საზღვარგარეთ, ნაწილმა მოძებნა ახალი გზები და ახალი წყაროები, ნაწილი დაბნეულია. ჩემი აზრით, ამან გამოიწვია ეკონომიკური პრობლემები საქართველოში. ბიზნესელიტა დღეს დაბნეულია.

როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ამ დროს ეკონომიკის მინისტრის დაწინაურება რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა?

მე არ ვარ ეკონომიკის ექსპერტი, მაგრამ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ვხედავ, რა ხდება ჩემ გარშემო. ჩემ გარშემო ხდება ის, რომ ბანკები, რომლებიც უნდა კვებავდნენ ბიზნესმენებს, ახლა არანაირ კრედიტს არ იძლევიან. საიდან უნდა განვითარდეს ბიზნესი? ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობა გაკოტრებულია “ნაცმოძრაობის” ცხრაწლიანი მმართველობის გამო, საშუალო ფენა გაანადგურეს და ფული თვითონ ჩაიდეს ჯიბეში. ახლა მითხარით, რა უნდა გაეკეთებინა ეკონომიკის მინისტრს რვა თვის განმავლობაში? რატომ შეიძლება დადგეს კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, ამას მე ვერ გეტყვით. ამაზე ეკონომიკის ექსპერტებმა უნდა იმსჯელონ.

ნინო დათაშვილი

 

წყარო: www.live.ge

Comments

comments