August 26, 2013
როგორია ხალხის ტვინის რეცხვის პროპაგანდისტული მეთოდები, რატომ არის აუცილებელი მოსახლეობის დამშევა შავი პიარის ეფექტიანად მოქმედებისთვის და რატომ გაუქმდა საქართველოში ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობა
ოცდამეერთე საუკუნე გამორჩეულია იმ ტექნოლოგიით, როგორ უნდა შექმნა არარაობისგან გავლენიანი ადამიანი, რეალურად გავლენიანი კი არარაობად აქციო. პიარტექნოლოგიების განვითარება ადამიანთა მცირე ჯგუფს დანარჩენების ტვინებით უკიდეგანოდ მანიპულირების საშუალებას ანიჭებს. გამონაკლისი არც საქართველოა: სრულიად უცნობი და არაფრით გამორჩეული პერსონები ჭკუის მასწავლებლებად გვევლინებიან და დეზინფორმაციაც ფრიად წარმატებით ვრცელდება და უტყუარ ჭეშმარიტებად საღდება. როგორ გავარჩიოთ ტყუილი სიმართლისგან და დავიცვათ თავი შავი პიარით ზომბირებისგან, – თემას ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია განგვიმარტავს.
ძალიან შორიდან დავიწყოთ: ისტორიულად რუსეთის, თურქეთისა და ირანის მუდმივად მოჭიდავე ინტერესების ქვეშ არსებული ქვეყანა ვართ, დღეს მათ დაემატა დასავლეთი: ორად გაყოფილი, ევროპისა და აშშ-ს სახით. ეს ნიშნავს, რომ მუდმივად ირანი თავის დასაყრდენებს ეძებდა საქართველოში, თურქეთი – თავისას, რუსეთი – თავისას. საინტერესოა, რომ ქართველ თავადებს შორის იყვნენ რუსული ენის არმცოდნენი, მაგრამ რუსული ორიენტაციისანი, რომლებიც ცდილობდნენ, მეზობლის, სხვა თავადების ჯინაზე, თავიანთი პატარა ინტერესების გამო, ნებაყოფლობით ყოფილიყვნენ რუსეთის, თურქეთის თუ ირანის მხარეს. ეს ადამიანები იყვნენ და არიან ამა თუ იმ იმპერიების ბერკეტები. რა არის ეგრეთ წოდებული შავი პიარის მიზანი? გაანადგურო შენი მოწინააღმდეგე ძლიერი ადამიანი, რომ საქართველო იყოს უძლური და დაძაბუნებული.
და ეს არის ყველას მიზანი, ვისაც აქვს ინტერესი აქ.
დიახ, ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესი. ამისთვის საჭიროა დაფინანსება, რომელსაც იღებ გარედან. მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელიც გულუბრყვილოა თავისი შეხედულებებით. მაგალითად, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ და თურქეთი არიან ძმაკაცები და ასეც არის. ისინი მეგობრები არიან, ჩვენი გაგებით, აშშ დიდ ფულს დებს თურქეთის განვითარებაში და თურქეთი არის „ნატოს“ წევრი ერთადერთი მუსლიმანური ქვეყანა, მაგრამ, მეორე მხრივ, თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც აცხადებს პანთურქული სახელმწიფოს აღორძინების შესახებ. ამასთან, თურქეთის ქურთულ ნაწილში არის გაზის უზარმაზარი საბადო, ქურთები მუდმივად უწევენ წინააღმდეგობას თურქულ სახელმწიფოებრიობას და ამ ქურთებს, მოკრძალებულად რომ ვთქვათ, მხარს უჭერს აშშ. რა თქმა უნდა, თურქეთი, იცის რა ზოგიერთების სურვილი მასზე გავლენის მოპოვების შესახებ, ებრძვის ამას, მაგრამ ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას. აი, ასეთ აზროვნებას უნდა მივეჩვიოთ ჩვენც. ეს არის მუდმივი პროცესი: მეზობლებთან ურთიერთობის და ამ მეზობლების ინტერესებში შენი ინტერესების ნახვის.
რუსეთსა და თურქეთსაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ერთმანეთს ეჯახება კავკასიაში, შუა აზიაში, ეს არ უშლით ხელს, რომ იყვნენ საკმაოდ სერიოზული სავაჭრო პარტნიორები. ამდენად, საქართველო უნდა მიეჩვიოს ასეთ აზროვნებას. ვისგან მოდის შავი პიარი და რატომ არის სენი? შავი პიარი არის აგენტურის მიერ შექმნილი სპეციალური ინსტიტუტი, რომლის პირველი მიზანია, ხალხის თვალში შეუქმნას ძალიან ცუდი იმიჯი სხვა ქვეყნების ინტერესების გამავრცელებლებს. მარტივად რომ ვთქვა: თურქები უქმნიან ცუდ იმიჯს იმ ხალხს, რომლებიც რუსეთზე მუშაობენ და ასე შემდეგ. მეორე, ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ცდილობს, ცუდი იმიჯი შეუქმნას ქართველ პატრიოტებს.
ეს ყველაზე მტკივნეულია მთელ ამ შავ პიარში.
რა თქმა უნდა. მათ საკმაოდ ნათელი მიზანი აქვთ და უპირველესი არის ნაციონალური ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა, რითაც ძირი ეთხრება ნაციონალურ ფასეულობებს და ეს ხდება არარსებული კონფლიქტების გაღვივებით. ამის ერთ-ერთი მაგალითია, რაც ხდება გეებთან დაკავშირებით. არადა, ქართველი ერი ყოველთვის იყო მიმტევებელი ერი. ჩვენ ბევრ გეის ვიცნობთ და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს, მაგრამ რატომ უნდა ვიყოთ რომის პაპზე კათოლიკეები?! ჯერ ვაცალოთ დასავლეთს, რომელმაც წინა საუკუნის 50-იან წლებში მიიღეს კანონები, რითაც გეებს სჯიდნენ სისხლის სამართლის კანონმდებლობით. ყველაზე კარგი მაგალითია ჩემი სათაყვანებელი მწერალი ოსკარ უაილდი, რომელიც ამის გამო დასაჯეს. ჩვენ გეობისთვის არავინ დაგვისჯია. ჯერ მათ მოინანიონ ოსკარ უაილდის დაპატიმრება, ჯერ მათ დაუშვან ერთსქესიანი ქორწინება და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება ჩვენთან. იმის თქმა მინდა, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა და ესეც ერთ-ერთი მეთოდია საიმისოდ, რომ გამოიწვიონ კონფლიქტი ქვეყნის შიგნით და დაძაბონ ვითარება. რა არის ამის მიზანი? უპირველესად, ადამიანისთვის ცუდი იმიჯის შექმნა, რომ ის არის უტვინო, ქვეყნის დამაქცევარი, რუსეთის გადმონაშთი ან რელიგიური ფანატი და ასე შემდეგ. მუდმივად ცდილობენ, შეავიწროონ ნამდვილი პატრიოტი ადამიანი, რომ არ ჰქონდეს არანაირი სამსახური, ვერ მიიღოს ვერანაირი გრანტი, რომ არ ჰქონდეს გავლენა და ბოლომდე დაწიხლონ. მეორე მხრივ, აქებენ ისეთ ადამიანს, რომელიც არის გაურკვეველი წარმომავლობის, აქვს გაურკვეველი ფასეულობები, მაგრამ არის უტიფარი და ავრცელებს შემკვეთის მიერ გადმოცემულ ბაცილებს. ეს ბაცილა საქართველოში დიდი ხანია, არსებობდა და ყველაზე მეტად გაძლიერდა რუსეთის იმპერიის დროს. ბევრი ჩვენი სათაყვანებელი ხელოვნების მოღვაწე რუსეთის პირდაპირ სამსახურში იყო, რუსულ იმპერიულ იდეოლოგიას ავრცელებდა და ეს ხდებოდა კულტურული რევოლუციის ქვეშ. ანალოგიურად ხდება დღეს: როდესაც ადამიანები ვითომ დასავლეთიდან მოტანილ ღირებულებებს თავზე გვახვევენ და მიდის ომი არარსებული თავისუფლებისთვის, რომელიც ყოველთვის გვქონდა. საქართველოში ქალის პატივისცემა და დემოკრატიულობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ჩემს თვალში ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში, ინგლისში, ქალებმა ხმის მიცემა დაიწყეს მეოცე საუკუნის 30-იან წლებში.
ჩვენ პირველი რესპუბლიკის პარლამენტში 4 ქალი დეპუტატი გვყავდა.
ეს შავი პიარი ძირს უთხრის ყველაზე ძვირფასს: სახელმწიფოებრიობას. მუდმივად უნერგავს ქართველს, რომ ქართველები არიან ცუდები, უნიათოები, დამნაშავეები, კრიმინალურები, კორუმპირებულები, უჭკუოები და ნერგავს სინდრომს, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, გარდა მონობისა. რეალურად, კორუმპირებულებიც თვითონ არიან და გაყიდულებიც, მაგრამ ფლობენ რა ინფორმაციის გავრცელების არხებს, იქნება ეს სოციალური ქსელები თუ ელექტრონული მედია, მუდმივად არიან ამ მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში. არასდროს განუხილავთ ჩვენთან საკითხი, რატომ იღებს ერთი ადამიანი ან ადამიანთა ერთი და იგივე ჯგუფი უზარმაზარ გრანტებს რაღაც გაურკვეველ თემებზე?! რატომ იწვევენ უცხოეთში ამ ადამიანებს?! ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისინი ებრძვიან ყველა ნორმალურ ფიზიკოსს, ქიმიკოსს, პედაგოგს, პროფესორს, ეკონომისტს, პოლიტიკოსს, მათ, ვინც ქართულ ღირებულებებს იცავს, რითაც ქვეყანას ეთხრება ძირი. ამიტომ ქვეყანა არის რაღაც ერთი კაცის, ბელადის მოლოდინში. თქვენ ვერ ნახავთ სხვა ქვეყანას, სადაც მომხმარებელს ისე არ აფასებდნენ, როგორც ჩვენთან: ყველა იმპორტირებულ საქონელს, მათ შორის, წამლებსაც, უკეთეს შემთხვევაში, რუსულენოვანი წარწერა აქვს ან საერთოდ არანაირი წარწერა არ აქვს ჩვენთვის ნაცნობ რომელიმე ენაზე.
მეტსაც გეტყვით: ახლახან ანტალიიდან თბილისში „აირზენამ“ ჩამოიყვანა მგზავრები, ძირითადად, სომხეთის მოქალაქეები, ხოლო თბილისის აეროპორტმა ბარგის გაცემის შესახებ ინფორმაცია გამოაცხადა მხოლოდ სომხურ ენაზე და ქართველი მგზავრები უბრალოდ გაყვნენ სომეხ მგზავრებს.
ეს არის ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის უგულებელყოფა, რასაც საფუძველი გასული საუკუნის 90-იანი წლებში ჩაეყარა. მოხდა სიმბიოზი, როდესაც რუსულ-კომუნისტური „კაგებეს“ შავი პიარი გადაეჯაჭვა მოდერნისტულ შავ პიარს. საბოლოოდ, მივიღეთ საკმაოდ მძლავრი იარაღი და ამ საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიონალი, ჩემი აზრით, იყო ბატონი ზურაბ ჟვანია. მას საკმაოდ დიდი სკოლა ჰქონდა და მუდმივად ხორციელდებოდა პრინციპი: ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია და მუდმივად მუშაობდნენ მოწინააღმდეგე ბანაკში მყოფ ადამიანებზე. ხალხის ტვინის პროპაგანდისტული გარეცხვა გრძელდება დღესაც და საკმაოდ აყვავებული ფორმით.
დამოუკიდებლობის პირველი წლებიდან მოყოლებული, ძალიან აქტუალურია რუსეთის აგენტების თემა. რატომ ჩავიხვიეთ, როდესაც არც სხვა ქვეყნების აგენტების სიმცირესა და დესტრუქციულ ქმედებას ვუჩივით?
იმიტომ რომ, ხალხმა არ იცის რა არის „ცეერუს“ აგენტურა, მაგრამ ძალიან კარგად იცის, რა არის „კაგებეს“ აგენტურა – ეს შიში ცოცხალია. საოცარია, რომ ჩვენი შავი პაირის მამებს რუსეთთან გენიალური ურთიერთობა აქვთ. გულში ეცინებათ კიდეც, რუსეთის აგენტებს რომ სხვებს უწოდებენ.
ესე იგი, მოსულა: რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ ტელეეთერებიდან ლანძღონ?
პოლიტიკაში ასეთი რამ მიღებულია. ავიღოთ ცოცხალი მაგალითი: სნოუდენმა გამოამჟღავნა, რომ, თურმე, აშშ-ს მთავრობა უსმენს თავის ყველა უახლოეს მეგობარს.
ბუნებრივია, აბა, ჩვენი მმართველები თავისით ხომ არ დანერგავდნენ მართვის ამ სტილს?
პოლიტიკაში შავ პიარს დიდი მნიშვნელობა აქვს. პრინციპი ასეთია: ქვა ქვაზე არ დარჩენილა, თუ ჩემი პოლიტიკური ძალა არ იქნება ხელისუფლების სათავეში. ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს მსოფლიო პოლიტიკის მახასიათებელია. მათთვის მთავარია, ყველაფერი მართონ: კორუფციაც კარგია მაშინ, როცა თავად არიან კორუმპირებულები. თანამედროვე პოლიტიკის მოთხოვნაა, რომ აკონტროლო ფულადი ნაკადები. ისინი უტიფრად გეუბნებიან, თქვენ უნდა იყოთ მონები და ერთმა მუჭა ადამიანებმა უნდა მართონ საქართველო. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება საქართველო სტაბილური ქვეყანა: ის ერთი მუჭა ადამიანები და მათი შვილები იქნებიან ქონების მფლობელები, დანარჩენები – მონები, პროპაგანდისტული მანქანა კი უზრუნველყოფს ამ მონების ბედნიერებას: წაგებული ომი მოგებული ეგონებათ, კატა რომ დაიჩხავლებს ტომარაში, საჭმელი ეგონებათ. სანახაობას არ მოაკლებენ და იცხოვრებენ იმ მეთოდებით, რომლებიც ჯერ კიდევ რომის იმპერიიდანაა ცნობილი ყველასთვის.
თქვენც ამბობთ, რომ ეს არ არის ქართული მოვლენა. ამავე წესით ცხოვრობს დასავლეთიც, მაგრამ იქ ხალხის სოციალური პრობლემები გადაჭრილია. ჩვენ აუცილებლად მშივრები უნდა ვიყოთ ამ მოდელის განხორციელებისას?
აუცილებლად მშიერი უნდა იყოთ: რაც უფრო მშიერი იქნებით, მით უფრო ადვილად დაიჯერებთ ამას. ზოგადად, ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ, იყოს ვინმეს აგენტი, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ უნდა გამოაშკარავდეს ეს ხალხი და ითქვას, თქვენ ხართ ირანის სპეცსამსახურების ლობისტი. რა არის ამაში ცუდი?! ერქვათ რუსეთის ლობისტი, თურქეთის ლობისტი, გერმანიის ლობისტი და ყველას ეცოდინება, ვინ რისთვის და როგორ ლაპარაკობს. ეს ყველაზე დიდი საშუალება იქნება საიმისოდ, რომ ერის ინტერესების გამტარებელებს მისცენ ასპარეზი. ჩვენ გვეგონა, რომ ბოლშევიკური იდეოლოგია და ლექსი: „მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას,“ წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ ახალი კომკავშირლები გაჩნდნენ, რომლებიც იმეორებენ გაზეპირებულ ფრაზებს, არც ზრდილობა აქვთ, დისკუსია აწარმოონ, არიან ძლევამოსილები ფულით, გრანტებით და აქვთ ინფორმაციის გავრცელების საშულებები. ჩვენ ვერ შევქმნით ვერც ღირებულ ეკონომიკას და ვერც ღირებულ ფასეულობებს, თუ შავი პიარი საქართველოში არ გამოაშკარავდება.
და ვინ უნდა გამოააშკარაოს? თავიანთ თავს ხომ არ გამოააშკარავებენ?
საქართველოს დღეს აქვს შანსი, რომ სწორედ ასეთი კუთხით მიუდგეს ამ საკითხს. ბიძინა ივანიშვილს ყველასთან აწონილ-დაწონილი ურთიერთობა აკავშირებს, ამიტომ აქვს შანსი, მიიღოს ლუსტრაციის კანონი, რომ ადამიანებს დაერქვათ თავიანთი სახელები. ემსახურებით ირანის ინტერესებს? დაგერქვათ ირანის ლობისტი, ამისთვის მიიღეთ გასამრჯელო სავსებით ლეგალურად. თუ თურქეთის ინტერესებს ემსახურებით, იქიდან მიიღეთ გასამრჯელო და ასე შემდეგ. მაგრამ, როგორც კი თქვენ დაიწყებთ ფარულ იდეოლოგიურ მუშაობას და ქართველების ტვინის რეცხვას, რომ ისინი არიან უნიათო, უნიჭო ერი, თქვენ უნდა დაისაჯოთ. ჩვენ გავაუქმეთ ცილისწამების მუხლი. არადა, თქვენ ხარჯავთ უზარმაზარ ენერგიას და რესურსს, რომ შეიქმნათ იმიჯი, მაგრამ უცებ გამოჩნდება ვიღაც და იწყებს თქვენს ლანძღვას: რომ ხართ რუსეთის აგენტი, კორუმპირებული, რომ თქვენ მოკალით ერეკლე მეორე და გიწევთ იმის მტკიცება, რომ არ ხართ მგელი. რატომ უნდა ეპატიოს ადამიანს ცილისწამება?! თუ ცილისმწამებლები არ დავსაჯეთ, ქვეყანას ვერასდროს ავაშენებთ. როგორც კი ეს ადამიანები დაინახავენ, რომ ხალხის მდგომარეობა უმჯობესდება და ხალხი აღარ არის ბრბო, აუცილებლად დაიწყებენ დარტყმას ამის წინააღმდეგ და უზარმაზარ ზიანს მოგაყენებენ. იმიტომ რომ თქვენი ნებისმიერი ნაბიჯი სიკეთისკენ მოტრიალდება კრახად: გამოჩნდება ვიღაც კახელი გლეხი, რომელიც გაჩეხავს ატმის ბაღს, რადგან მოსავალი არ იყიდა სახელმწიფომ. მიდი და არკვიე, უნდა ეყიდა თუ არა სახელმწიფოს. სანამ არ გამოაშკარავდებიან შავი პიარის მეფეები, სანამ პოლიტიკა უფრო გახსნილი არ იქნება, არაფერი გამოვა. ვისაც გინდა, ემსახურე, ოღონდ დაგერქვას ის სახელი, რაც გეკუთვნის.
ჩვენი წონითი კატეგორიის ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც მუშაობენ, სავარაუდოდ, მაგრამ ჩვენ რატომ გვეტყობა მაინც ასე აშკარად?
ჩვენ ვითომ ძალიან დიდი რეფორმატორები ვიყავით, მაგრამ ამ რეფორმებში გაგვისწრო სომხეთმა. მათ შეიმუშავეს განვითარების საკმაოდ სერიოზული გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ არიან და, ჩემი აზრით, იქ დღემდე არადემოკრატიული მმართველობაა, შეძლეს, ამოეწიათ ეკონომიკა, გამოიგონეს ჩიპი, შექმნეს საწარმო ამ ჩიპის წარმოებისთვის, 1 000 ადამიანი დაასაქმეს და როგორც მრეწველობაში, ისე სოფლის მეურნეობაში გადავიდნენ ინოვაციური ეკონომიკის ელემენტებზე და იმ ბეზნესებზე, სადაც დღგ არის მეტად მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ, რეალურად, არც ერთ ქვეყანაში არავის ვჭირდებით: ერთადერთი კუნძული გვაქვს – საქართველო და მასაც ვძირავთ, რადგან საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ ვართ უნიათოები, უჭკუოები და არაშრომისუნარიანები. ორად-ორი ქვეყანა, სადაც ჩვენი შრომა გამოიყენება, არის რუსეთი და საბერძნეთი, რომლშიც ხუთ სხვადასხვა ფუნქციას ვასრულებთ, რომ სარჩო-საბადებელი მოვიპოვოთ და ჩვენდა უნებურად ხელს ვუწყობთ ხალხს, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობასა და მენტალიტეტს ებრძვიან. არადა, როგორ შეიძლება, ქართველი გლეხი, რომელსაც ქვითკირ ნიადაგზე მოჰყავდა მოსავალი, იყოს ზარმაცი?! ზარმაცია ქართველი, რომელიც აკეთებს საცივს? როდესაც ცალ-ცალკე ინდაურიც არაჩვეულიბრივად მისართმევია და ნიგოზიც. თუ ზარმაცი ხარ, რატომ უნდა იწვალო ამდენი საცივის გასაკეთებლად?! ან ამდენი ხელოვანი როგორ გვყავს, თუ ზარმაცები ვართ?! თუ შეგვიძლია, ამდენი ფიზიკოსი და ქიმიკოსი გავზარდოთ, ზარმაცები რატომ ვართ?! ეს არის შავი პიარის შედეგი. რა განსხვავებაა ზაზუნასა და ვირთხას შორის? არანაირი, ვირთხას უბრალოდ ცუდი პიარი აქვსო. ამიტომაც შავი პიარი მუშაობს იმ იმპერიების დაკვეთით, რომლებსაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველო ეკონომიკურად დაიქვემდებარონ.
ავტორი: ნინო ხაჩიძე
წყარო: www.tbiliselebi.ge