მერი დაიჭირეს

16_09_2013_13_40_58jger

”ხანდახან ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ათი მცნება, მოსეს კონგერსისთვის რომ გაეტანა დასამტკიცებლად”
რონალდ რეიგანი
”კეთილშობილი მამაკაცი მომთხოვნია თავის თავის მიმართ, პატარა კაცი მომთხოვნია სხვის მიმართ”
კონფუცი, 525 წ. ჩვ. ერ.
”ადამიანთან მოლაპარაკება გაცილებით ადვილია, როცა იგი იარაღის სამიზნეზე ზის”
დუაიტ ეიზენჰაუერი, აშშ-ის პრეზიდენტი

საუკუნეა ვდაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებზე თუ მმართველობაზე. ყველანი ვაკრიტიკებთ, მოვითხოვთ, რომ იყვნენ ძლიერები და ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის ქვაკუთხედები. მუდამ ვკამათობთ, ვქმნით ახალ კონცეფციებსა თუ კანონებს და ისევ ვწუწუნებთ, რომ ვერ შეიქმნა და რომ ისეთი პარალიზებულები და სასაცილოები არიან, როგორც ქუთაისის მერია.

არადა, ეს თვითმმართველობები თუ რეალურია, რატომ მოგზაურობს რეგიონალური განვითარების მინისტრი მეფის მსტოვარივით დღე და ღამ, ხან კახეთში წყალდიდობისგან დატბორილ სოფლებში შუკების გასაწმენდად, ხან აჭარაში ხიდის აღსადგენად, ხანაც სამეგრელოში წვიმისგან დასველებული ხბოს გასათბობად. იმიტომ, რომ არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა და ნუ ფიქრობთ, რომ მარტო მე ვხედავ ამას ასე თბილისიდან, ”ზეგოფრედოს” ტერასიდან.

იქაურებიც, როგორც კი ნანატრი სეტყვა მოვა და პატარა, საყვარელი რუ მრავალი ცდის შემდეგ თავის პაწაწკინტელა, ნატუკას კოტიტა თითების ხელა ნაპირებს გადალახავს, იმ წუთასვე ცენტრალურ არხებს მოიხმობენ და გამართულ კილოზე აძლევენ ინტერვიუს, რომ იქაურობა წყალმა წალეკა, რომ ნოეს დრო ენეტრებათ და კიდობანი, რათა გადაარჩინონ ორი წიწილი, ტომარა ფქვილი და ჭიისგან გადარჩენილი სამი ვაშლი. ცენტრისგან კატეგორიულად მოითხოვენ, რომ პირადად მინისტრი ჩავიდეს _ მკაცრად მხოლოდ მინისტრი და არავითარ შემთხვევაში მოადგილე ან ღმერთმა ნუ ქნას, დეპარტამენტის თავჯდომარე _ და პირადად გაწმინდოს იქაურობა. სწორია, ვეთანხმები! სად შენი გაწმენდილი და სად მინისტრის კოპწია ხელებით _ სულ სხვა მუღამი აქვს. არადა, ვერაფრით გადაათქმევინებთ, ქვას ააგდებენ და თავს უშვერენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივარდებიან ჟურნალისტები, ჩაუშვებენ მინისტრებს, რომ სოფლებში არ მიდიან და პირადად არ ეხმარებიან. მერე ნახეთ თქვენ მაგათი ამბავი. ამ დროს რას აკეთებენ იქაური მმართველები? ძალიან დაკავებულები არიან, თბილისში ახლადნაყიდ ბინებში რემონტი აქვთ გაჩაღებული სიდედრის მიერ გაცემული განკარგულებით. დიახაც, ასეა! კარგი იყო, ცხრა წელი ხმას რომ ვერ იღებდნენ? ამოიღებდნენ და მათი აჯობებდა, საერთოდ მივიწყებული ჰყავდათ და მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებოდათ. ეშინოდათ, ძმაო, თოფი იყო დამიზნებული ამერიკული მეთოდით და ყაბულს იყვნენ, ხმას არ იღებდნენ და ლაპარაკი დაავიწყდათ. ამი¬ტომ ყველაფერს სხვისგან, ცენტრალური ხელისუფლებისაგან ითხოვენ. გმირობასაც მათგან ელიან, როგორც ხალხი, ისე მმართველები. კონფუცის არ იყოს, მკაცრად განიკითხავენ ცენტრალურ ხელისუფლებას. ისინი იღებენ მარტო ხელფასს, ცოტა პურის ფულს პრემიის სახით და ამისთვის მოიკლან თავი? არავითარ შემთხვევაში! თან, ვინ არის დამფასებელი?
ამას წინათ, სტიქიის დროს კახეთში მოსწავლეებს ჰკითხეს, ვისი გმირობა გინდათ გაიმეოროთო. რა თქმა უნდა, პასუხს ელოდებოდნენ, რომ ბავშვები იყტოდნენ _ რომელიმე მინისტრის, რომელიც გულდაგულ კამერების წინ შევარდა აბობოქრებულ ნაკადულში, კოჭებამდე დასველდა და გაწუწული ვარია დახრჩობას გადაარჩინა, რათა დიასახლისს თავისი ნებით დაეკლა და იქვე ჩახოხბილად ექცია. იფიქრეს, რომ გაიხსენებდნენ რაიონის გამგებელის გმირობას და მიბაძვის სურვილს გამოთქვამდნენ, რომელმაც ნიაღვრიდან მესამე დილას ოპერატიულად გადმოსცა ცენტრალური ტელევიზიით ინფორმაცია, რომ ღელე აბობოქრდა. მოსწავლეებმა კი რა უპასუხეს? მათი დაჟინებული სურვილი ყოფილა კაზანოვას გმირობის განმეორება, დიახ! ვისი ბრალია ახლა ეს, კაზანოვასი?

არ გვინდა ჩვენ ადგილებზე ხელისუფლება რომ იყოს, თორემ გამოთანაბრებითი ტრანსფერის იმედად კი არ დავტოვებდით, არამედ შევცვლიდით საგადასახადო სისტემას ისე, რომ რეალური შემოსავლები ჰქონდეთ. არარეალური და ვირტუალური შემოსავლებით ვერც ერთი დონის ხელისუფლება ვერ იარესებებს, მაგრამ ვერ ველევით ამ ფულს, შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლება არ აგებს პასუხს ადგილობრივ ეკონომიკაზე და არც ადგილზე დატრიალებულ სტიქიაზე. რას ჰქვია თვითმმართველობა? ვინ იხმარა ეს ტერმინი! ან რატომ აკნინებთ ხელისუფლებას. დიახ, ადგილობრივი ხელისუფლება სრულფასოვანი უნდა იყოს და არავითარი თვითმმართველობა. მოსწყინდა ცენტრალურ ხელისუფლებას ეს თავკომბალა მართვის სქემა, რაიონებში ყარაულს ვერ ნიშნავენ თბილისის გარეშე, ღობე-ყორეში რუს მიმართულებას ვერ უცვლიან და ვაშლს კანს ვერ აცლიან, ჭიის ეხათრებათ. ისე, რა? არ ჯობს ყველაფერზე ნარმანიამ აგოს პასუხი? ისინი კი თბილად დაჯდებიან და ივიშვიშებენ.

აგერ ბატონო, შეერთებულ შტატებში, სადაც არის რეალური ადგილობრივი ხელისუფლება, დაიჭირეს დეტროიტის მერი, რადგან დეტროიტი გაკოტრდა! წარმოიდგინეთ, ჩხოროწყუ ან ახმეტა რომ გაკოტრდეს, სად წავლენ ადგილობრივი მმართველები? მტრისას! ტრანსფერი არ უნდათ და უსაქმურობა ურჩევნიათ. აბა, როგორ შეეგუებოდნენ ისეთი სისტემის არსებობას, როგორიც საქართველოს წყალია _ ის თბილისიდან წყვეტს ჭიათურაში, თეთრიწყაროში თუ ახალციხეში წყალმომარაგების ონკანი გახსნან თუ დაკეტონ; გაფუჭებული ძრავი ჩართონ თუ არა. რატომ? წყლის ონკანის დაკეტვის უფლება მაინც მიეცით რაიონებს. გადასახადებში არ ენდობით, წყლის ონკანის გახსნა-დაკეტვაში არ ენდობით, მიწის გაყიდვაში არ ენდობით, ინვესტორთან ლაპარაკში არ ენდობით, ისე ექცევით, როგორც დედისერთა შვილის დედა (ნონა ლომთაძე) თავის შვილს _ არაფრის უფლებას არ აძლევთ. ჰოდა, ისიც არაფერზე აგებს პასუხს, გარდა თავის ხელფასისა და პრემიის. თუმცა, თუ ვინმე იმსახურებს პრემიას, ეს დათო ნარმანიაა. თავის მხრივ, ისინი არც ქალაქის გაკოტრებაზე არიან პასუხისმგებლები და უხარიათ, რომ მათი ქალაქი თუ რაიონი ვერასდროს გახდება დეტროიტი და ისინი კი, მისი მერის ხვედრს არ გაიზიარებენ.

არ შეიძლება ყველაფერი თბილისიდან მართო! მიეცით რეალური უფლებები რაიონებს და მერებს. ადგილზე ხალხს გააგებინეთ, რომ იქვე გამგეობა, მერი არსებობს და ხანდახან ისეთი მერიც კი, როგორიც ქუთაისს ჰყავს. რატომ არის ასეთი ცვალებადი ქუთაისი? იმიტომ, რომ თხოვენ იმდენს, რისი საშუალება ერთ მერს არ აქვს, ჰოდა, ცვალებადი და მოძრავი გახდა. აიღო თანხა _ წავიდა, კიდევ აიღო _ წავიდა. აბა, პასუხი მოსთხოვეთ დეტროიტის მერივით, არსად არ წავა და კაზანოვას გმირობას თუ არა, უგულავასას მაინც გაიმეორებს.

დავიწყოთ მოძრაობა ხალხო _ მიეცით ადგილობრივ ხელი¬სუფლებას უფლებები, შემოსავლები და მოთხოვეთ პასუხი. თუ არ დაგეთანხმდებიან, რჩევისთვის აშშ-ის პრეზიდენტს მიმართეთ.

ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD

Comments

comments