October 15, 2013
აშშ-ის საგარეო ვალის ანატომია
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD
მსოფლიო დღეს კატასტროფის წინაშე დგას. ყოველ შემთხვევაში, ასე იუწყებიან წამყვანი ტელე-არხები და სააგენტოები. კიდევ ერთხელ გახდა ნათელი ის გარემოება, რომ აშშ-ის ეკონომიკა არის არა მარტო მთავარი ტონის მიმცემი, არამედ, რეალურად, მსოფლიო ეკონომიკის ერთად ერთი ხერხემალი, რომელზედაც აწყობილია მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები; არ არსებობს ბალანსი და მსოფლიო ბაზარი დაუცველია ამ კუთხით – აშშ-ის პოლიტიკოსების და ეკონომისტების მხრიდან ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება მსოფლიო ეკონომიკა უფსკრულში გადაჩეხოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა, ამ კუთხით, არის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ვალი და ვალის ლიმიტის პრობლემა, ასევე რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ფისკალური წლის დასაწყისთან დაკავშირებული ომი.
აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალთან მიმართებაში, ობლიგაციების ასეთი უზარმაზარი ემისიის წესი, როგორც მთავარი მოქმედი ფაქტორი, რესუბლიკელებმა დააწესეს და დღეს გასაკვირია, რომ სწორედ რესპუბლიკელები ბლოკავენ ვალის ლიმიტის ზედა ზღვარის გაზრდას, მას გააფთრებით ეწინააღმდეგებიან, როცა ქვყენის და საჯარო ფინანსების მართვის ასეთი იდეოლოგიის ავტორები თვითონ არიან.
ცხრილი #1.
სქემა #1 მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა ეს პროცესები. საინტერესოა, როდის დაიწყო საგარეო ვალის ასეთი დრამატული ზრდა? – ეს უკავშირდება ძირითადად, ნიქსონისა და ფორდის მმართველობის პერიოდს, ანუ 1970-75 წლებს, პერიოდს, როცა ბრეტონ ვუდსის სავალუტო სისტემა ინგრევა. იამაიკის კონფერენცია ახლოვდება და ახალ სავალუტო სისტემაზე, თავისუფალ მცოცავ კურსზე გადადის მსოფლიო, პარალელურად კი მთელი მსოფლიო ნავთობის კრიზისშია გახვეული.
საქვეყნოდ ცნობილია, რომ 70-იანი წლების მსოფლიო კრიზისმა მეორედ განაპირობა სავალუტო პოლიტიკისა და, საერთოდ, საჯარო ფინანსების ორგანიზების შეცვლა და საგარეო ვალი ახალ განზომილებაში აიყვანა. ამ პერიოდიდან ჩნდება საგარეო ვალის აღიცხვა ტრილიონებში. პირველად 70-იან წლებში ვიეტნამის სამხედრო ოპერაციებზე ხარჯების ზრდის, ინვესტიციების ნაკლებობის გამო ნიქსონის პრეზიდენტობის დროს მიმართეს ვალის დიდი მასშტაბით აღების პრაქტიკას. მისი პირველი ტრილიონი სწორედ ნიქსონის დროს დაგროვდა. შემდეგ იყო ფორდი და, ბუნებრივია, გარდამტეხი 80-იანი წლები, როცა მთელი მსოფლიოსა და მათ შორის ინგლისისა და ამერიკის ეკონომიკა დიდი კატასტროფის წინაშე იდგა. ისინი ვერ უძლებდნენ გაძლიერებულ ხარჯებს, განსაკუთრებით _ სამხედრო. თავის მხრივ, ნავთობის გაზრდილი ხარჯები სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა ამერიკის ეკონომიკაზე. კარტერის ხელისუფლების დროს 2 ტრილიონამდე მოხდა საგარეო ვალის გაზრდა. ამის შემდეგ, რეიგანის საარჩევნო კამპანიის ლეიტმოტივი იყო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და საგარეო ვალის დაწევა. მიუხედავად ამისა, წინასწარ უნა ვთქვათ, რომ რეიგანის დროს აღებულმა ვალმა მთლიანად გადააჭაბა, როგორც ცხრილშია მოცემული, მანამდე ყველა პრეზიდენტის დროს აღებულ ვალს. ბოლო ორი რესპუბლიკელი პრეზიდენტის, რეიგანის და ბუშის ტრილიონ ნახევრიანი ვალი 90-იან წლებისთვის ბუშის მმართველობის დროს 5 ტრილიონს ასცდა.
1984 წელს დაანონსდა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი უნდა შემცირებულიყო. დაიდო პირობა, რომ რეიგანის მმართველობის დროს 2.16 ტრილიონამდე შემცირდებოდა დეფიციტიც. უკვე ამ პერიოდში ყოველი მეექვსე დოლარი საჯარო ფინანსების ნაწილში სჭირდებოდა ვალის მომსახურებას, ამის გამო კონგრესმა გადაწყვიტა ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და 1985 წელს მიიღო გრენ-რუდმან-ჰოლინდის აქტი, რომლის მიხედვითაც დეფიციტი უნდა შემცირებულიყო მომდევნო ხუთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში და 1990 წელს საერთოდ განულებულიყო. ეს მიიჩნეოდა რეიგანის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედად, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ 1992 წლამდე გადაიწია და, საბოლოო ჯამში, არ იქნა შესრულებული, რადგან თავის დროზე ეს საკმაოდ ოპიმისტური გადაწყვეტილება იყო. მას არ ეწერა რესპუბლიკელების ხელში განხორციელება. ფისკალურ პოლიტიკაში ეს მოდელი საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურებოდა და ამერიკის შემდგომი განვითარება ცხადყოფდა, რომ ის დეფიციტს თავს ვერ აარიდებდა.
1990 წლის დასაწყისში ისევ დაიწყო კრიზისი. მანამდე 1983 წლიდან მოყოლებული 1990 წლამდე შეინიშნებოდა ეკონომიკის გამოცოცხლება, რაც გამოწვეული იყო რეიგანის მიერ ეკონომიკაში გადადგმული გარკვეული ნაბიჯებით. მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა, `ნაფტას~ ხელშეკრულება ამერიკის ქვეყნებთან, რომელმაც თავდაპირველად გარკვეული დადებითი როლი ითამაშა ინვესტიციების მოზიდვასა და საფონდო ბაზრის სტაბილიზების კუთხით. დაიწყო 90-იანი წლების კრიზისი და აშშ-ის მთავრობა იძულებული გახდა გაეზარდა ბიუჯეტის დეფიციტი. ბუშ უფროსის დროს კონგრესმა ისევ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეფიციტი 110 მილიარდი უნდა ყოფილიყო. ეს დამტკიცებული კანონიც დაირღვა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მიიღო ზომები ფედერალური ხარჯების შესამცირებლად, ეკონომიკაში არსებულმა მდგომარეობამ არ მისცა საშუალება რესპუბლიკელებს, შეემცირებინათ ბიუჯეტის დეფიციტი.
საბოლოოდ 1990 წლის ნოემბერში დამტკიცდა ფედერალური ბიუჯეტის შემცირების გეგმა, რომელსაც გრენ-რუდმან-ჰოლინდის აქტში განსაზღვრულ მაჩვენებლებზე მეტად უნდა შეემცირებინა დეფიციტი. დამტკიცებულ გეგმაში რიგი ბუნდოვანი და არაფრის მომცემი დებულებები იყო. მაგალითად, ამ გეგმის მიხედვით, ფული დაიზოგებოდა, თუ მთავრობა შენობების ყიდვის მაგივირად იჯარით აიღებდა მათ. ამით, ცხადია, შეიკვეცებოდა ხარჯები 1990 წელს, მაგრამ გაიზრდებოდა გრძელვადიანი ხარჯები. ამის მსგავსად Medicare-ის სამედიცინო დახმარების ფედერალური პროგრამით, რომელიც ახლაც განხეთქილების ვაშლია, ექიმების ანაზღაურების ხარჯები მომდევნო ფინანსური წლისთვის გადაიდო. ფინანსური წელი აშშ-ში 1976 წლიდან მოყოლებული იწყება პირველ ოქტომბერს და მთავრდება 30 სექტემბერს. 1976 წლამდე საბიუჯეტო წელი ივლისის თვეში იწყებოდა. საბიუჯეტო შეთანხმების ნაწილად მიიღეს ბიუჯეტის შესრულების აქტი (BIA), რომელიც შემდეგ გააკონტროლებდა ბიუჯეტის დეფიციტს. დაწესდა დისკრეციული ხარჯების რამდენიმე კატეგორიის წლიური ზღვარი. ამით დაირღვა ყოველმხრივი შეკვეცების ჩარჩო. დისკრეციულია ხარჯები, რომელიც იცვლება, ეს არის ჯარის შენახვა, ჯანდაცვა და ა.შ. გარდა იმ ხარჯებისა, რომლიც წინა წელს გათვალისწინებულია ვალის მომსახურებაზე, სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიაზე და ა.შ. შიდა დისკრეციული ხარჯები, რომელიც დაახლოებით 19-20%-ია, ბიუჯეტის კანონის ყველაზე რთულ და საკამათო ნაწილებად მიიჩნევა. დისკრეციული ხარჯებიდან გამომდინარე უკვე შეიქმნა სისტემა pay as you go სახელით, რაც გულისხმობდა ვალების აღებისგან თავის შეკავებას. მიუხედავად რესპუბლიკელების სურვილისა, რომ ამ დებულებას სასურველი გავლენა ჰქონოდა ბიუჯეტზე, მან ვერაფერი შეცვალა ამ რთულ სიტუაციაში.
სიტუაცია ბიუჯეტის მხრივ გაუმჯობესდა კლინტონის ადმინისტრაციის დროს 1995-2000 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალის მაჩვენებელი ამ პერიოდშიც გაიზრდა. 1997 წელს კლინტონის ადმინისტრაციამ მმართველ პარტიასთან ერთად სცადა კონგრესი დაერწმუნებინა, მიეღო კანონმდებლობა, რომლის მიზანიც იყო ფედერალური ბიუჯეტის დაბალანსება. 2002 წლისათვის საბიუჯეტო დანაზოგები 121 მილიარდით უნდა განსაზღვრულიყო. დანაზოგის ძირითადი ნაწილი მოდიოდა ჯანდაცვის ე.წ. Medicare-ის დანახარჯების შეკვეცაზე. რესპუბლიკელები ამ შემთხვევაში გამოდიოდნენ ამ პროგრამის შეკვეცის მოთხოვნით. პროგრამის შედეგად ყოველწლიურად საბოლოოდ 55 მილიარდი უნდა დაზოგილიყო. მნიშვნელოვანი იყო გადასახადების 95 მილიარდი დოლარით შემცირების ინიციატივაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში. პროგრამა ითვალისწინებდა კრედიტების მიღების საშუალებას უმაღლესი განათლების მისაღებად, ბავშვიანი ოჯახების დახმარებას და კაპიტალური მოგების შემცირებას. დემოკრატებისთვის ეს ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათ ბუნებას ეწინააღმდეგებოდა.
მაგრამ კლნტონის ადმინისტრაციამ შეძლო წარმატების მიღწევა. ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრა და პროფიციტზე გადასვლა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 1999-2001 წლების ე.წ. dot.com-ის ბუმი, როცა ელექტრონული კომპანიების აქციების კოტირებამ პიკს მიაღწია. ეს იყო ამერიკის ეკონომიკის სერიზული ზრდა. ათასობით ინტერნეტ-კომპანია გაიხსნა და საფონდო ბირჟებზე მათი წილი გაიზრდა. ეს იყო დიდი აღმავლობის წინა პერიოდი, ამ დროს ალან გრინსპენი ხელმძღვანელობდა ფედერალურ სარეზერვო ბანკს. ის შეეცადა უფრო იაფი ფულის მიწოდებით ბიზნეს აქტივობა გაეზარდა. დაახლოებით იგივე პოლიტიკას ახორციელებდნენ, რასაც ახლა ბენ ბერნანკე. ეს იყო წინაპირობა, დასაწყისი იმ ბუშტის გაბერვისა, რომელიც 2007 წელს გასკდა.
აღასანიშნავია, რომ მთავრობამ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ დემოკრატები, შეძლეს უფრო პროდუქტიულ სფეროებში რესურსების ინვესტირება და სოციალური სიმძიმის შესუსტება ბიუჯეტის ხარჯებში. საჯარო ფინანსებში დემოკრატების ხელში აქტიური გახდა არა სოციალური ხარჯები, არამედ წარმოების ხელშეწყობა და ინვესტირება სტრატეგიულ დარგებში. ამ ყველაფრის შედეგი იყო კლინტონის მმართველობის ბოლო პერიოდში 81-მილიარდიანი პროფიციტი ბიუჯეტში.
ეს ტენდენცა მომდევნო 10 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. 2001 წლიდან იწყება ალან გრისპენის, იაფი ფულის მიწოდების ეპოქა. როცა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და გრინსპენმა გადაწყვიტეს, იაფი ფულის მიწოდებით ეკონომიკის სწრაფი აღორძინება. დიდი სისწრაფით გაივსო ბაზარი იაფი ფულით და დაიწყო ისევ რესპუბლიკელების მმართველობა, რომლებმაც დემოკრატებისგან გადმოიბარეს შემცირებული დეფიციტისა და პროფიციტის მქონე ბიუჯეტი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კლინტონის დროს საგარეო ვალი არ შემცირებულა, პირიქით, ის გახდა 5.6 ტრილიონი აშშ დოლარი 2000 წელს და რესპუბლიკელებმა ამ მაჩვენებლით გადმოიბარეს ვალი.
ბუშის მმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის საგარეო ვალის ისტრიაში. მიუხედავად იმისა, რომ ალან გრინსპენმა საკმაოდ ლიბერალური მონეტარული პოლიტიკა გაატარა, 2000 წლიდან საგარეო ვალის დონე უკვე 5,5 ტრილიონი იყო. ამის მერე სწრაფად დაიწყო `ხარის ტრენდი~ საგარეო ვალის ზრდაში. 2000-2013 წლებისთვის ეს ვალი 5.5-დან გაიზრდა 16 ტრილიონამდე, რა მოცულობითაც ახლა არის, ანუ მოხდა აშშ-ის საგარეო ვალის გასამმაგება.
რესპუბლიკელების ხელში, ბუშის მმართველობის დროს, 2000 წლიდან საგარეო ვალი გახდა 12 ტრილიონი, ობამამ კი ის მიიყვანა 16 ტრილიონამდე. ბუშის პერიოდში არსებული ტრენდი არ შენელებულა, პირიქით. საინტერესოა, რომ ბუშმა საკმაოდ კარგად გამოიყენა კლინტონის დროს არსებული ფისკალური პოლიტიკის შედეგები. გადაწყვიტა საგადასახადო რეფორმების ჩატარება. მან გამოიყენა პროფიციტული ბიუჯეტი და კურსი აიღო გადახასადების შემცირებისკენ. თავდაპირცველად საშემოსავლო გადასახადი 1.6 ტრილიონით უნდა შეეკვეცა, თუმცა კონგრესი, ბუშის ერთგული მომხრეებიც კი, ეჭვქვეშ აყენებდნენ ამ გეგმას, რადგან ეს უზარმაზარი შემცირება იყო. 2001 წლის 7 ივნისს ბუშმა შეკვეცა მის მიერვე ინიცირებული ვერსია და დაიყვანა შემცირების ნიშნული 1.3 ტრილიონამდე, რაც 10 წლის მანძილზე უნდა განხორციელებულიყო. ბუშის გეგმის მიხედვით გათვალისწინებული იყო ეკონომიკისა და ბიზნესის ზრდა. გადასახადების შემცირებებს ბიზნესის სტიმულირება უნდა მოეხდინა. მთელი კონგრესი დაუდგა ამ გადაწყვეტილებას, უმრავლესობის ლიდერმა, დიკ არნიმ თქვა, რომ ნარკომანებმა უნდა იმკურნალონ და კონგრესი არ აპირებს ნარკომანების სხვისი ფულით შენახვას, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეკონომიკის სტიმულირება უფრო მნიშვნელოვანი იყო მაშინ. ბუშის გეგმის საკვანძო ელემენტი იყო ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირება. უძრავი ქონების გადასახადის ეტაპობრივი საერთოდ გაუქმება და თანამშრომლების საგადასახადო კრედიტის გაზრდა, თუ მას ოჯახში რაიმე საჭიროება ექნებოდა, მაგალითისათვის, სწავლა და ა.შ. ეს იყო რესპუბლიკელების მთავარი გეგმა. ამ გეგმაში ასევე ჩადებული იყო ინდივიდუალური საპენსიო სქემის გაზრდა. აქ ასევე აღნიშნული იყო, რომ იზრდებოდა კერძო საპენსიო ფონდების როლი. საქველმოქმედო ორგანიზაციების დანახარჯების ზრდა იყო ჩადებული 10-15%-ის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ბუშის ადმინისტრაციის გეგმას დიდი კრიტიკოსები ჰყავდა, მან ამის შემდეგ გადასახადების კიდევ სამი შემცირება განახორციელა, რაც 10 წლის განმავლობაში სავარაუდოდ 10 ტრილიონი დოლარით შეამცირებდა შემოსავალს ბიუჯეტში.
საუბედუროდ, ბიუჯეტის ნამატის მატერიალიზაცია არ მოხდა, ხარჯებმა გაუსწრო შემოსავლებს და ვალი კატასტროფულად გაიზარდა. ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში ეკონომიკურმა რეაქციამ, ტერორისტულმა აქტებმა და კორპორაციულმა სკანდალებმა, ერაყსა და ავღანეთში გაწეულმა სამხედრო ოპერაციებმა ახალ დანახარჯებთან ერთად მთავრობის ვალი კიდევ უფრო გაზარდა. ბუშის ადმინისტრაციის მოსვლის დროს არსებულ პროფიციტულ ბიუჯეტს 5 ტრილიონი ვალი დაემატა. უკვე 2007 წელს ბიუჯეტის დეფიციტი იყო 2.4 ტრილიონი და საგარეო ვალმა 9 ტრილიონს გადააჭარბა.
საგარეო ვალის ასეთი მოცულობით ზრდის ირგვლივ საკმაოდ დიდი კამათი იყო სპეციალისტებს შორის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ როდესაც ნიქსონის დროს საგარეო ვალის ნიშნულმა პირველად მიაღწია ტრილიონს, ბევრი ეკონომისტი ამერიკის დასასრულს წინასწარმეტყველებდა. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი. მაგრამ ამის მერე აშშ-ს ვალმა ერთი კი არა ბევრად მეტი ტრილიონი შეადგინა, იგივე მდგომარეობა გრძელდება დღესაც. მუდმივად არის ეკონომისტების ერთი მხარე, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ვალი ბოლოს და ბოლოს შიდა ვალთან ერთად იმსხვერპლებს აშშ-ს და დააკარგვინებს მსოფლიო ლიდერის პოზიციას, ხოლო მეორე მხრივ, არიან ადამიანები, მაგალითად, პოლ კრუგმანი და სხვა ეკონომისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვალის მომსახურების შემთხვევაში აშშ-ს არ ელოდება არანაირი საფრთხე. პირიქით, ის შეძლებს ინვესტიციების მოზიდვას და ლიდერი ეკონომიკის როლის შენარჩუნებას.
დღეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი. აშშ-ში კამათობენ HealthyCare-ის პროგრამის, ჯანდაცვის მოწყობილობების გადასახადებისგან გათავისუფლებისა და ვალის ზედა ზღვარის _ 16.7 ტრილიონის დამტკიცებას შესახებ. რაც შეეხება ბიუჯეტს, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანას შეუძლია გააგრძელოს გარკვეული მმართველობის ხარჯების დაფინანსება ახალ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტის არ დამტკიცების შემთხვვეშიც, მაგრამ ვალის ზედა ზღვარის დამტკიცების გარეშე ვალების მომსახურების უფლება არ აქვს და დგანან დეფოლტის წინაშე, რაც გამოიწვევს მთელი მსოფლიოს გაკოტრებას, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან იაპონია, ჩინეთი, საუდის არაბეთი და ევროპა, როგორც ამ ობლიგაციების ძირითადი ხელმჭერები. რაც შეეხება დისკრიციულ ხარჯებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მთავრობას შეუძლია წინა წლის ტოლფასად დააფინანსონ ისინი. მსგავსი კრიზისი 2011 წლის აგვისტოშიც იყო, რამაც საკმაოდ ვალატიური გახადა საერთაშორისო საფინანსო ბაზარი და განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნები დაზარალდნენ, როგორც ეს #2 და #3 სქემებიდან ჩანს.
ასე რომ, საბოლოოდ 1970 წლიდან 2014 წლამდე საგარეო ვალის რეკორდული ზრდა _ 1 ტრილიონიდან თითქმის 17 ტრილიონამდე _ ძირითადად რესპუბლიკელების დამსახურებაა, მათი დოქტრინის შედეგია და ისინი ახლა ამ სიმძიმის ობამას ადმინისტრაციის, დემოკრატების მხრებზე გადატანას ცდილობენ. ბუნებრივია, დეფოლტი აშშ-ში არ მოხდება. იმ წუთებში, როცა ეს სტრიქონები იწერება, დეფოლტამდე დარჩენილია 3 დღე. არც ერთ რესპუბლიკელს ეს ხელს არ აძლევს. ახლა ვაჭრობა მიდის იმაზე, თუ ვინ რას დათმობს იმისათვის, რომ თითოეულმა პარტიამ აქედან მაქსიმალური პოლიტიკური სარგებელი მიიღოს. ამ შემთხვევაში რესპუბლიკელების ქმედება გვაგონებს ქართულ ანდაზას ”ჩემი შენ გითხარიო”, რადგან ამ საგარეო ვალის ეპოქის დამწყებნი, 1970-იან წლებში სწორედ რესპუბლიკელები იყვნენ.
წყაროები
1. US Department of The Treasury
2. US Social Security Administration
3. რობერტ ბ. დენჰარტი, ჯენეტ ვ. დენჰარტი ”საჯარო მართვა”, თბილისი 2012