April 27, 2013
“რეცესიის პროცესი აშკარაა”
ინტერვიუ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პრეფესორ ემზარ ჯგერენაიასთან
ბატონო ემზარ, როგორ აფასებთ ახალი მთავრობის მიერ ინიცირებულ იდეას საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებით?
იდეა თვითონ ძალიან მიმზიდველია. რამდენიმე პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი მოკლევადიან პერიოდში. ეს არის ეკონომიკის მხარდაჭერის და ბიზნესმხარდაჭერის მიმართულება. ჩვენი ბიუჯეტი, უხეშად რომ ვთქვათ, ძირითადად სოციალურად დატვირთული ბიუჯეტია. მასში ნაკლები ადგილი რეჩება იმისთვის, რომ ეკონომიკას და ბიზნესს დავუჭიროთ მხარი. აქედან გამომდინარე, საინვესტიციო ფონდი როგორც დიდი, ასევე ე.წ პატარა, რომელიც ,,ვენჩორული კაპიტალსა” და ,,სტარტაპების” იდეებსა და აგრარულ სექტორზეა გათვლილი, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა სტრუქტურულად. გაურკვეველია ფუნქციონირების სქემა და ტექნიკა – როგორ უნდა იფუნქციონიროს მან, როგორ იქნება ადაპტირებული ქართულ სინამდვილესთან, როგორ შეძლებს შექმნას ან მიიზიდოს პროექტები. ვფიქრობ, რომ მუშაობა ამ ეტაპზე შეფერხებულია. ამიტომ, აუცილებელია კონკრეტულად ჩამოყალიბდეს ამ ფონდის მისაღები სტრუქტურა, ფონდის სამუშაო რეგლამენტი და ის სქემა, რომლითაც ის იმართება და შევა ეკონომიკასთან იმ ურთიერთობაში, რომელსაც მოყვება ბიზნესის განვითარება.
თითქოს რჩება შთაბეჭდილება, რომ იდეა ფონდების შექმნის შესახებ იდეადვე დარჩა და კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება, ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი, თქვენ როგორ აფასებთ ახალი გუნდის აქტიურობას ამ მიმართულებით?
მინდა გითხრათ, რომ ფონდების დეკლარირების შემდგომ ბევრი ნაბიჯი არ გადადგმულა და ეს ფონდები ჯერჯერობით დეკლარაციის დონეზეა. რაც შეეხება აგრარულ სექტორს, იქ ნაბიჯები გადადგმულია, სესხების გაცემაც იწყება, პროცენტებიც დაბალია. პროექტების ნაკლებობაა, რადგან ტექნიკური ჯგუფი არ არსებობს, რომელიც დაეხმარება ადამიანებს ამ პროექტების მომზადებაში და გზას გახსნის იმისკენ, რომ აგრარულ სექტორში გლეხს, სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანებს მისცეს კომერციული მიმართულება. ეს საკმაოდ რთული პრობლემაა.
რამდენად ეთანხმებით ახალი მთავრობის პრიორიტეტებს და რამდენად მისაღებია ის პოლიტიკა, რომელიც ამ პრიორიტეტული სფეროების განვითარების მიმართულებით ტარდება, მაგალითად, სოფლის მეურნეობა, სოციალური სფერო, საინვესტიციო პოლიტიკა, განათლება და ა.შ. …
მე ვერ ვიტყოდი, რომ პრიორიტეტული სფერო მთავრობას გამოყოფილი აქვს. რაც შეეხება სოციალურ სფეროს, აქ მიმდინარეობს დანაპირების შესრულება და მწვავე სოციალური პირობების გარდაქმნა. ეს სოციალური მიმართულებაა. აგრარული სექტორიც პრიორიტეტად არის დასახული. მიმართულება არის იქეთკენ, რომ 50% ჩვენი მოსახლეობის სოფლად ცხოვრობს და იქ უმუშევრობის პრობლემა გადაწყდეს. ვფიქრობ, რომ მთავრობა მუშაობს ამ პრიორიტეტებზე, რაც უახლოეს რამდენიმე თვეში იქნება გამოვლენილი და ალბათ დაიდება საბოლოო პროექტი, როგორც მე ვიცი, 2014 წლის საბიუჯეტო ,,BDD”-ს საფუძველზე. ვფიქრობ, რომ ახალი ,,BDD” შეიქმნება, სადაც იქნება ახალი პრიორიტეტები გაწერილი. ,,BDD” იქნება საფუძველი იმისა, რომ დაიწყოს რეფორმები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკასა და ფინანსებში.
ბოლო პერიოდში საბანკო სასესხო პროდუქტების გაიაფება შეინიშნება, მართალია ეს ცალკეული აქციების პირობებში ხდება, თუმცა დღეს კრედიტი რიგითი მოქალაქისთვის უფრო იაფია, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ. რას უკევშირებთ ამ ტენდენციას?
აბსოლუტურად დაგეთანხმებით. ბევრმა საბანკო ინსტიტუტმა დაწია სამომხმარებლო და იპოთეკურ კრედიტზე პროცენტის დონე. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გადახდის უნარი და მოთხოვნა არის შემცირებული. უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონეა, განსაკუთრებით მშენებლობაში. აქედან გამომდინარე, ბანკებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ჭირს, ამიტომ ბანკებს პრობლემა აქვთ, რომ გასცენ კრედიტები. მშენებლობაში, გინდათ ვაჭრობაში არის ბიზნესების გაჩერების ბევრი ფაქტი. სამწუხაროდ, სტაგნაცია ჩვენს ეკონომიკაში გრძელდება და ბანკები ცდილობენ იპოვონ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
ოპოზიციის მხრიდან ხშირია საუბრები რეცესიაზე, სამუშაო ადგილების შემცირებაზე და ა.შ. თქვენ რამდენად ხედავთ ვარდნის ნიშნებს?
ამის დამალვა იქნებოდა არასწორი. რეცესიის პროცესი საკმაოდ აშკარაა. აშკარაა ის, რომ სამუშაო ადგილები იკარგება დღითიდღე, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია მშენებლობა და ვაჭრობა. უფრო მეტსაც გეტყვით – როცა ქვეყანაში 2%–იანი დეფლაციაა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაშია მწარმოებელი და ბიზნესი.
ფინანსური სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობებში ცვლილებები იგეგმება, საუბარია სადაზღვევო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის დამოუკიდებელი მარეგულირებლების შექმნაზე, როგორ აფასებთ ამ ინიციატივას? ასევე, როგორია თქვენი დამოკიდებულება ბანკების და არასაბანკო აქტივების განცალკევების მიმართ?
საერთოდ მსოფლიო ტენდენცია არის იქითკენ მიმართული, რომ ეროვნულ ბანკს ჩამოშორდეს კომერციული ბანკების ზედამხედველობისა და ფასიანი ქაღალდების რეგულაციის ფუნქციები. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. თავიდან ძალიან დიდი შეცდომა იყო დაშვებული. ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმით ჩვენ მსოფლიო ტენდენციას ვუბრუნდებით.
ხედავთ თუ არა საფრთხეს იმაში, რომ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები სხვა სახელმწიფოს კაპიტალის ხელშია?
არა, ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, პირიქით, სტრატეგიული ობიექტები კარგა ხანია რუსებს ეკუთვნით. ასეთი სტრატეგიული ობიექტებია: ენერგეტიკაში ,,თელასი”, ენგურჰესი, ,,თბილკანალი”, ,,აზოტი” და ა.შ ეს ობიექტები რუსების ხელში იყო და დღემდე მათი საკუთრებაა. უფრო მეტს გეტყვით, მე ვერ ვხედავ ინტერესსაც კი სხვა ქვეყნიდან, მათ შორის რუსებისას, რომელიმე სტრატეგიულ ობიექტთან დაკავშირებით. იყო მოძრაობა რკინიგზასთან დაკავშირებით, მაგრამ იყო ძალიან უაზრო მოძრაობა, ფაქტიურად მუქთა, დაბალ ფასში სურდათ ხელში ჩაეგდოთ ეს უმნიშვნელოვანესი ობიექტი, როგორც სომხეთში და ბელარუსიაში გააკეთს. ამიტომ, სამწუხაროდ, საინვესტიციო აქტივობაც შემცირებულია საქართველოში, მსხვილი ინვესტორები ვერ ხედავენ დიდ პროექტებს, რაც მათთვის მიმზიდველი იქნება. ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ იმაში, რომ სტრატეგიული ანუ მნიშვნელოვანი ობიექტები სხვა ქვეყნის მფლობელობაში იყოს. მთავარია ინვესტორს მოვთხოვოთ პირობების შესრულება. სახელმწიფოს საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ მართოს ინვესტიციები. საქართველოს ინვესტიციები დღეს ჰაერივით სჭირდება, ვისიც არ უნდა იყოს ის.
საქართველო ბაზარი პატარა, ღარიბი და განუვითარებელია. ევროპელები საკმაოდ მაღალი დონის ბიზნესმენები არიან. ისინი დაწვრილებით, დეტალურად, პრაგმატულად თვლიან თავიანთ ,,ქეშფლოს”, თავიანთ ყველა პროექტს და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ესა თუ ის ინვესტიცია ნაკლებად მომგებიანია საქართველოში, ვიდრე ეს შეიძლება იყოს სხვაგან. საქართველო არაა მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი მათთვის. ამიტომ ევროპელი ბიზნესმენი ცდილობს სხვაგან დააბანდოს ფული. მნიშვნელოვანი მომენტია რისკის ფაქტორი. რისკ-მენეჯმენტის მიხედვით საქართველო მაღალი რისკის ქვეყანაა, ამიტომ ინვესტირების გადაწყვეტილებას რუსები, უკრაინელები, ყაზახები (ეს უკანასკნელნი მეტნაკლებად) უფრო ადვილად ღებულობენ, ვიდრე ამას გააკეთებს ევროპელი.
ერთ წელზე მეტია საქართველოში დეფლაციაა, რა არის ამის მიზეზი და საგანგაშოა თუ არა ეს ტენდენცია?
ეკონომისტების ენაზე რომ ვილაპარაკოთ, დეფლაციის მიზეზი არის ფულის მასის და M2 აგრეგატის მოცულობის შემცირება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ შესაბამისად არ ვაფინანსებთ ბიზნესს და ეკონომიკას. შედეგი არის ის, რომ გაჩერებულია წარმოება, მწარმოებელი წარმოების ინტერესს კარგავს. ეს ცნობილი ფაქტია. ჩვენ გვაქვს, ერთის მხრივ, საკმაოდ მყარი და გათვლილი მონეტარული პოლიტიკა – გასაგებია, მეორეს მხრივ, მსოფლიო ტენდენციებიც უნდა განვიხილოთ. იაპონიაში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ინფლაცია 2%–ზე აიყვანონ და ხელი შეუწყონ თავიანთი ეკონომიკის ზრდას. უნდა გადაწყდეს სტრატეგიულად რას ვაკეთებთ, რადგანაც სახელმწიფოს ამ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა არ შეუძლია. ამიტომ ჩვენ რაღაც ღონისძიებს უნდა მივმართოთ, გნებავთ ფისკალურ ნაწილში და გნებავთ მონეტარულში.
გმადლობთ.
ესაუბრა გურამ ლომიძე
წყარო: გაზეთი ”ბანკები და ფინანსები”