რა კანონებია სასწრაფოდ შესაცვლელი ტარიფების გასაიაფებლად?

emzari-prime-time4-300x152
«ალიას» ესაუბრა ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია:

_ ბ-ნო ემზარ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღებამდე, ბაზრის დარეგულირება და არსებული მონოპოლიების დაშლა შეუძლებელია. ამავდროულად, კანონი იგვიანებს. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა საკმარისი იქნება მონოპოლიების დასანგრევად?

_ ამას სჭირდება ორი რამ _ სრულყოფილი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და პოლიტიკური ნება. სხვანაირად ვერაფერი განხორციელდება. მაგალითს მოგიყვანთ, აქამდე არსებობდა კანონი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამ კანონს ევალებოდა, რომ გაეკონტროლებინა მარეგულირებლების მუშაობა, ტარიფები, თელასის მიერ ხარჯების გაწევის მეთოდი და წელიწადში ერთხელ გაეკეთებინა საჯარო მოხსენება მთავრობისთვის. ერთხელაც არ შეუსრულებია ყოფილ ორგანოს კანონის ეს მინიშნება და კანონი ირღვეოდა. რატომ? იმიტომ, რომ არ იყო პოლიტიკური ნება. მაგალითად, ავიღოთ მარეგულირებლის კანონი. ყველა მარეგულირებელი ორგანო, მათ შორის ენერგეტიკის, ეროვნული ბანკის, თუ ნებისმიერი ორგანო, არის იმავდროულად, ანტიმონოპოლიური ორგანო თავის დარგში. ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო არის ანტიმონოპოლიური სამსახური ენერგეტიკაში. ანუ რას ნიშნავს ეს _ როდესაც ტარიფები დგება, სემეკი აწვდის თავის გათვლებს, იქ გათვალისწინებულია ყველა თეთრის ინვესტიცია და ხარჯი. ნებისმიერი ხარჯი, ნებისმიერი შესყიდვა, რომელსაც ახორციელებს «თელასი», კაპიტალდაბანდებაზეა ლაპარაკი, გათვალისწინებულია ტარიფში. ამიტომ, ძალიან ნათლად და სკრუპულოზურად უნდა აკონტროლოს, ვთქვათ, «თელასის» შესყიდვები, რომ ზედმეტი რამე არ გადმოვიდეს ტარიფში. როგორც კი ეს გადმოვა ტარიფში, მოსახლეობის, ჩვენი ჯიბეებიდან ხდება მერე კორუფციული სისტემებისა და გარიგებების დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სემეკის მთავარი ფუნქცია, არასდროს, არც ერთხელ არ გაუკონტროლებია «თელასის» შესყიდვები და არ შეუმოწმებია მისი საქმიანობა. ასეა ნებისმიერ სხვა სფეროში.

_ თუ ეს ფუნქცია ისედაც აქვს მინიჭებული მარეგულირებელ კომისიებს, მაშინ ბაზარზე ფასების დარეგულირებისთვის ანტიმონოპოლიური კანონის ლოდინი რაღა საჭიროა?

_ კანონში ჩანაწერი არსებობდა, მაგრამ ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს ეს არასდროს განუხორციელებია. ანუ, როცა ჩვენ ტარიფს ვიხდით, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ტარიფის კალკულაცია სწორად ხდება, არის მარეგულირებელი ორგანო. რომ არ ილახება, ერთი მხრივ, მომხმარებლების უფლებები და მეორე მხრივ, არის გამჭვირვალე და ოპტიმალური ტარიფი. ისევე, როგორც ბაზარზე დაშვების პრინციპი, რომელიც ასევე ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ანტიმონოპოლიური საქმიანობის. როდესაც ბაზარზე დაშვება იკრძალება ხელოვნურად, ეს არის პირველი პუნქტი, რომელიც უნდა აიკრძალოს, რომელშიც უნდა ჩაერიოს ანტიმონოპოლიური ორგანო, ამ შემთხვევაში მარეგულირებელი. ენერგეტიკის ბაზარზე დაშვება დღემდე არის შეზღუდული.

_ რას გულისხმობთ აკრძალვაში?

_ რას ვგულისხმობ და მაგალითად, იგივე «თელასს» რომ ჰქონდეს უფლება, გორში მიაწოდოს დენი, ის აუცილებლად განავითარებდა ამ ბიზნესს და მიაწოდებდა გორს დენს, მაგრამ არა აქვს ამის უფლება, იმიტომ, რომ ვიღაცამ ეს უფლება გადასცა ექსკლუზიურად «ენერგო-პროს» და ასე შემდეგ. აქ ბაზარზე დაშვების პრინციპი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც გადაზიდვების ბიზნესი რომ ავიღოთ. არის გადაზიდვის პრობლემა? თუ არის კომპანია, რომელსაც სურს გადაზიდვა განახორციელოს და ის აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს, მან უნდა განახორციელოს ეს გადაზიდვები. იქნება ეს ორი, ხუთი თუ ათი, არა აქვს მნიშვნელობა, ეს არ უნდა შეიზღუდოს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ გადაზიდვის ბაზარზე რამდენი მსურველიც არის, იმდენი უნდა იქნას დაშვებული. ეს ჩვეულებრივი წესია ბიზნესის. თუ ჩვენ დავიწყებთ ტენდერების გამოცხადებას და რაოდენობების შეზღუდვას, ეს იქნება სწორედ დარღვევა ამ გადაზიდვების კანონში და ბიზნესში ჩარევა. ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში არის სამი ძირითადი, დავარქვათ ასე, სკოლა _ ევროპული ნორმები, ამერიკული და აზიური. ამერიკელები დიდი ხნის განმავლობაში სწავლობენ, აკვირდებიან, თქვენ შეიძლება ბაზრის დიდი ნაწილი გეჭიროთ პროცენტულად, მაგრამ ბოროტად არ იყენებდეთ მონოპოლიურ მდგომარეობას და ამისთვის არაფერს გეტყვიან. ევროპაში პირიქით _ როგორც კი ბაზრის მოცულობის დიდი ნაწილი გიჭირავს, იმ წუთსვე მოგთხოვენ, რომ დააქუცმაცონ შენი ბიზნესი და ამით, ბიუროკრატიულად, ბიზნესს ეწინააღმდეგებიან და ხშირ შემთხვევაში ეს დავა წლობით გრძელდება. ეს, რასაკვირველია, აფერხებს ბიზნესს. რაც შეეხება აზიას, იქ მინიმალურია ბიზნესში ჩარევა, მინიმალურია ანტიმონოპოლიური ორგანოს მუშაობა, იმიტომ, რომ იქ უფრო კლანურ-ოჯახური ბიზნესებია, ამიტომ მთავარი პრიორიტეტია თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი ბიზნესი.

_ ქართული კანონმდებლობა რომლისკენ იხრება?

_ რომელსაც არ უნდა მივემხროთ ჩვენ და ავირჩიოთ, მთავარი არის არა ის, რა არის ნორმატიულ აქტში ჩაწერილი, მთავარია პოლიტიკური ნება. და ამის ნათელი მაგალითია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია და არა მარტო ის.

_ ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლიტიკური ნება აქვს და კანონის მიღებას ელოდება.

_ დღეს არის ასეთი სიტუაცია: არსებობს მარეგულირებელი ორგანო ენერგეტიკისა და კომუნიკაციის, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, მაგრამ იმავდროულად არსებობს კანონი მარეგულირებლების შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, ხელშეუხებელს ხდის ამ ორგანოებს. კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი 6 თვე არ ცხადდებოდა სამსახურში და მას ვერ ხსნიდნენ. კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ პრეზიდენტის ხელშია კონცენტრირებული ეს ყველაფერი და მთავრობა ვერაფრით ახდენს ზეგავლენას ამ კანონზე. ეს ხდება მარეგულირებლების დამოუკიდებლობის დროს. რეალურად, ეს მარეგულირებლები მიბმულია პირდაპირ პრეზიდენტზე. კანონმდებლობის ბაზა უნდა მოშორდეს ამ სიტუაციას მთლიანად, რომ შევძლოთ პასუხი მოვთხოვოთ მარეგულირებლებს, მის კანონში ჩაწერილი ევროპული ნორმების არშესრულების გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, არსებობს მარეგულირებლის კანონი, რომელშიც მთელი რიგი მუხლები არის მონოპოლიის წინააღმდეგ, მაგრამ მეორე მხრივ, არის მუხლები, რომელიც თავად მარეგულირებელ კომისიებს ხდის ხელშეუხებელს. ამიტომ აბსურდამდეც მივიდა საქართველო, სასაცილო აბსურდამდე. 6 თვე ადამიანი სამსახურში არ ცხადდებოდა და მას ვერ ხსნიდნენ. საუბარია ადამიანზე, რომელსაც ჰქონდა არაერთი დარღვევა.

_ იმას თუ ადასტურებთ, რომ მონოპოლიები არსებობს?

_ უფრო მეტსაც გეტყვით, სამმა კომპანიამ _ «მაგთიმ», «ჯეოსელმა» და «ბილაინმა» მოილაპარაკეს, ეს არის კარტელური შეთანხმება _ კლასიკური მაგალითია. მოილაპარაკეს და ჩემი, თქვენი და ყველა მომხმარებლის უფლება დაარღვიეს და გააუარესეს ჩვენი პირობები. მათ გადაწყვიტეს, რომ, ჩვენ რომ გადავიხდით 10 ლარს, ვთქვათ, «მაგთის», «ჯეოსელის», ან «ბილაინის» სატელეფონო მომსახურებისთვის, იქ კიდევ საკომისიო ჩამოგვაჭრან. ფაქტობრივად, გაგვიძვირეს მომსახურება. ასეთ შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, დასაჯოს ეს კომპანიები და აღადგინოს სამართლიანობა. არაფერი არ გააკეთეს მომხმარებლების უფლებების შელახვისა და კარტელური შეთანხმების გამო, უფრო მეტიც, განაცხადეს უვიცობა, რომ ეს მათ არ ეხებათ. ეს არის სუფთა, წმიდა წყლის კარტელური გარიგება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა და ამაზე კაციშვილმა ყურადღება არ გაამახვილა. ბანკების კუთხით შეხედეს ამ საკითხს და თქვეს, რომ «საქართველოს ბანკმა» ცუდი რამე გააკეთა, რომ მომხმარებელს საკომისიოს არ ახდევინებს. «საქართველოს ბანკმა» გააკეთა ფანტასტიკური რამ, მომენტი დაუდგა და ხალხს გაუუმჯობესა მომსახურების პირობები. ამით, კლიენტები მიიზიდა. არავინ ამბობს იმას, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ამ კარტელური გარიგების წინააღმდეგ სასწრაფოდ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. ეს მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას კი არა, ანარქიას ჰგავს, რომელიც მარეგულირებლების ირგვლივ არის დღეს. ეს არის ძალიან დიდი ბარიერი, რომელსაც ვერ გასცდა და ვერ გადალახა მთავრობამ, პასუხიც კი ვერ მოსთხოვნა მთავრობამ მათ.

_ დღეს ქვეყანას ჰყავს ახალი ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ასეთი მნიშვნელობის კანონში ცვლილების შეტანა, რომელიც ვითარებას დაარეგულირებს უფრო წინა რიგებში უნდა იყოს, ვიდრე იგივე ჩოხა-ახალუხის თემა, რა უშლით ხელს?

_ გეთანხმებით. მარეგულირებლების შესახებ კანონი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მარეგულირებლების დამოუკიდებლობა არის სრული ფიქცია. უბრალოდ, ეს დღეს არის პრეზიდენტის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ეს მიდგომა. ვერანაირად ვერ გავიზიარებ იმას, რომ ჩვენ მიერ გადახდილი ენერგოპროდუქტების გადასახადებიდან 0,7 თეთრი მიდის მარეგულირებლის შესანახად. თუ რეგულირება სჭირდება სახელმწიფოს, მან უნდა დაფაროს ეს ხარჯი, თუ სჭირდება ეს კომპანიებს, უნდა დაფარონ კომპანიებმა. 0,7 თეთრის გადახდა მომხმარებლის ჯიბიდან, პირდაპირ რომ ვთქვათ, არ არის ეთიკური. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებლების ფუნქციონირების შესახებ კანონი თავიდან დაიწეროს. ეს თავს მოხვეული ე.წ. დამოუკიდებლობა, უნდა გადავიდეს რეალურ დამოუკიდებლობაში და უნდა იყოს მეტად გამჭვირვალე. დღემდე კალკულაცია არ არის წარმოდგენილი, როგორ არის გაანგარიშებული წყლის ტარიფი. აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ უნდა მოხდეს ტარიფის კალკულაცია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის და ამ შემთხვევაში კანონში უნდა ჩაიდოს ეს მუხლი და ვალდებულება, რომ მარეგულირებელმა წელიწადში ორჯერ, საზოგადოების წინაშე გააკეთოს ანგარიში, როგორ მუშაობს და როგორ ახორციელებს ტარიფების კალკულაციას. დღესდღეობით, მარეგულირებელი არის თანაშემწე და რიგითი თანამშრომელი, უზარმაზარი ენერგეტიკული ობიექტების. მათი დამატებაა და მეტი არაფერი.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ, გაუგებარი რჩება, რა უშლით ხელს, მიიღონ შესაბამისი კანონები. მეტიც, არსებობს მოსაზრება რომ წინა ხელისუფლების მიერ ფულის კეთების «გაჭრილი ხაზი» ისე მოეწონათ, რომ მოხდა მხოლოდ პერსონების ჩანაცვლება…

_ შეიძლება არსებობს ასეთი სიტუაცია, შეიძლება არა, მაგრამ ერთ რამეს გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო ვერტიკალის დონეზე ეს ხორციელდებოდეს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მონოპოლიების ნგრევის პროცესი მყისიერად ვერ განხორციელდება. მჯერა, რომ ეს პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება და საქართველოს წლის ბოლოს მეტი გამჭვირვალეობა ექნება ამ მიმართულებით. ეს უზარმაზარი სფეროებია _ ერთიც, მეორეც, მესამეც, აქ ჩადებულია ისეთი ფაქიზი საკანონმდებლო თემები, რომელიც ერთდროულად ეხება მომხმარებელსა და მწარმოებელს. მესამე ნაწილში ჩადებულია ინვესტორთან ურთიერთობა, ამან არ უნდა გააფუჭოს ჩვენი ურთიერთობა ინვესტორთან. თუ ინვესტორს ოდნავ ზიანს მივაყენებთ, ეს ხმა ექოსავით ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ამის შემდეგ ვერავის მოვიზიდავთ. ეს უნდა მოხდეს ცივილიზებულად, კანონმდებლობით გათვლილი პროცედურებით. როგორც არ უნდა მოგვწონდეს წინა მთავრობა, ყოველი ცვლილება კანონში, ახალი ხელისუფლების მიერ უნდა მოხდეს ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით. დანარჩენი ეს არის კანონისა და დროის ამბავი.

_ ანუ არ გვიანდება?

_ ხელისუფლების გადაბარების პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება და ამ ვადაში გაგრძელდება, ალბათ, იმ პრობლემის გადაწყვეტა, რასაც ჰქვია მონოპოლიური პრობლემები. ეს არ არის მყისიერი პროცესი, ამას მინიმუმ წლის ბოლომდე ვადა სჭირდება. ჩვენი მთავარი პრობლემა არის გამჭვირვალობა, რაც უფრო გამჭვირვალე იქნება, ანუ ის, რომ ვინმე არის წილში, ან გადმოიბარა ბიზნესი, ამას გამოაჩენს, როცა იქნება გამჭვირვალე ინფორმაცია, იქ ნათლად გამოჩნდება ეს ყველაფერი და არ დაიმალება.

თემურ ჭუმბურიძე

წყარო: გაზეთი ”ალია”

Comments

comments