June 4, 2016
წინასიტყვაობა მესამე გამოცემისათვის
მოგესალმებით! დადგა დრო და ჩვენ ისევ შევიკრიბეთ. შვიდი წლის წინ მკითხველი გაეცნო მეორე გამოცემას. ეს არ გახლავთ უბრალო 7 წელი – ეს მთელი ეპოქაა საქართველოსთვის. არა მარტო იმიტომ, რომ 2012-13 წლებში ერთი იდეოლოგიის – ნაცების ბატონობა შეიცვალა ოცნებით, არამედ იმიტომ, რომ სამყარო შეიცვალა მთლიანად და აი, კვლავ ცვლილების მოლოდინში ვართ.; მარტო ის რად ღირს, რომ ქართველები ბაზალეთის ტბის ძირას აღარ ვეძებთ ოქროს აკვანს, არც მედეას, სამყაროში ყველაზე ცნობილი ქართველის მოძებნას და დაბრუნებას ვცდილობთ ჩვენ ეროვნულ ცნობიერებაში. უფრო მეტიც, ისიც არ ვიცით, ყველაზე ცნობილი ქართველის სურათი თუ ნახატიც რომ არსებობს და არ გამოგვიფენია, მაგრამ არც ილიას მკვლელობით ვტრაბახობთ და არც იმით, რომ ბარათაშვილი გაგვიცივდა ჩვენი გულგრილობით და რუსთველის საფლავიც ვერ ვნახეთ დღემდის! ასე რომ პროგრესი სახეზეა!
13.7 მილიარდი წელია (როგორც მეცნიერები ამტკიცებენ) გასული დიდი აფეთქების შემდეგ და სამყარომ ძლივს მიიღო დღევანდელი სახე, თუმცა დღემდე ვერ გაგვირკვევია, თუ როგორ მოხდა ეს. ჩვენ, საქართველოს ბოლო თავისუფალი სახელმწიფო, სულ 25 წელია რაც ვარსებობთ და ბუნებრივია, ვერ გაგვირკვევია რა და როგორ გვსურს. თანამედროვეობის ნომერი პირველი ეკონომისტი თომას პიკეტი* როგორც წერს „…კუზნეცის მრუდის (რომელიც ამტკიცებს, რომ საზოგადობის ფენებს შორის დისბალანსი, გეპი მით უფრომცირდება, რაც მეტად ვითარდება ეს საზოგადოება** ) მთავარი დანიშნულება ისაა, რომ დაეტოვებინა დაბალ განვითარებადი ქვეყნები თავისუფალი სამყაროს ორბიტაზე“ – ეს ამოცანა დღემდე ჩვენ მეტნაკლებად გადავჭერით. უფრო მეტიც, მსოფლიო ფუნქციაც შევიძინეთ (გააჩნია რის ფასად, მაგრამ ხომ შევიძინეთ) და მაინც საშინლად უკმაყოფილო ვართ.
უკან მოიხედავ და თურმე, მართლა 25 წელიც გასულა, (არადა დიდი აფეთქების შემდეგ და ფიზიკოსების საზომით თუ დავთვლით, ერთი წამიც არ გასულა) ახლა უკვე მერამდენედ, თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და სახელმწიფო მშენებლობის ფერხულში ვართ ჩაბმული. თუმცა მიუხედავად ამისა, 25 წლის შემდგომ ისევ მწვავედ გვიდგას სახელმწიფოებრიობის საკითხი. ცოცხლად გვაგლეჯენ ხან ერთ ნაწილს, ხან მეორეს, მაგრამ არ ვტყდებით! აიშვა ამირანმა და გაარღვია კლდე, თავისი დაკორტნილი, დაფლეთილი მკერდით ღრმადშეისუნთქა სანთელ- საკმევლით გაჯერებული, შვილმოტაცებული, კოლხი დედის კივილით გაბრუებული და დენთის არომატით მოკაზმული და მეზობლის არყით გაჯერებული ჰაერი და ზანტად გაუდგა გზას თავისი ნავსაყუდელის მიმართულებით – ევროპისაკენ. ფეხქვეშ მიწას ცეცხლი წაუკიდეს, აიეტის ხარები გააღვიძეს და შეუსიეს. გაბრუებულ და მოწამლულ, ჯადონაყლაპ მედეას ძმაც მოაკვლევინეს და მამის მეფური ღირსებით სავსე კისერზე ფეხი დააბიჯებინეს, ბოლოს შვილებიც მოაშთევინეს მოჯადოებული ხელებით! მერე როგორი შვილები? – სულ ნარჩევ-ნარჩევი ვაჟკაცები! ტანით კოლხური მუხის, სიმაღლე – ევკალიპტის, აფხაზური ჭადარივით მოქნილი და ქართლის წაბლივით მხარბეჭიანნი და … მაინც, მიიწევს წინ ამირანი, აგრეთვე საქართველო – წინ, თავისუფლებისაკენ.
არ ჩერდება ის და არ ჩერდება სატანაც! მერე უსაყვარლესი სატრფოც წაართვეს, სულ ქუფრებით მოუჭედეს ცა და ჩაუქრეს შუახანს მიტანებული მზე, გაუბზარეს დღე და დაუსველეს ქუთუთოები. სეტყვასავით ცვიოდა სისხლნარევი ცრემლები, შრებოდა თვალი და სიმწრით იკვნეტდა ენას! სისხლი თქრიალით უვსებდა პირის ღრუს, მაგრამ არ დაუჩივლია. კავკასიის ჭიუხი მთების კალთასავით დაეღრიცა სახე და მაინც არ გადაუხვია არჩეულ გზას!
ამ ტკივილმა, მოზომილ 25 წლიან მონაკვეთზე სრბოლამ გარკვეული გამოცდილება მისცა და თითქმის ასწავლა მტრის და მოყვრის შეფასება, მიხვდა რა მიმართულებით უნდა იაროს, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიგო როგორ. ძნელია 25 წელიწადში ისწავლო დიპლომატია, სახელმწიფოებრივი აზროვნება, ომი, მტყუან-მართლის გარჩევა და ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლა. ვერ მიხვდა რას კარგავს, რას პოულობს და რაა ბედნიერება.
როგორც კანტი*** წერს.. „კეთილგონივრულობის იმპერატივები სრულიად დაემთხვეოდა უნარიანობის იმპერატივებს და იქნებოდა ზუსტად ისეთივე ანალიტიკური, რომ ასე ადვილად შეიძლებოდეს ბედნიერების ცნების განსაზღვრა. სინამდვილეში, მოცემულ შემთხვევაში სრულიად შესაძლებელი იქნებოდა გვეთქვა აქ, ისევე როგორც იქ: ვისაც უნდა (მიაღწიოს) მიზან(ს)ი, ასევე სურს გამოიყენოს (აუცილებლად გონებასთან თანხვედრაში) ყველა საშუალება ამის მისაღწევად, რომელიც მის განკარგულებაშია. თუმცა, სამწუხაროდ, ბედნიერების ცნება იმდენად განუსაზღვრელი ცნებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ადამიანს უნდა მიაღწიოს ბედნიერებას და თავის თავთან სრულ თანხვედრაში მყოფმა თქვას, თუ რა სურს და ნებავს მას. ამის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება ბედნიერების ცნებას, ემპირიული არსის მატარებელია“. ამიტომ ვერ ვყალიბდებით ქართველებიც – როგორი საქართველო გვინდა …
უფრო მეტიც, ვერ გავისიგრძეგანეთ, ვერ მივხვდით, რომ ეკონომიკაა სრულიად ყველაფრის საფუძველი, მეტროპოლიებსაც სწორედ ეს ეკონომიკა აინტერესებდათ ადრე და აინტერესებთ დღესაც. რომ პატარა განვითარებადი და სრულიად ახალგაზრდა საქართველოსთვის ახლა წრიულად, რუსეთ-თურქეთ-ირანის გამჭოლი და მძაფრი „მზერის“ ქვეშ ყოფნის პარადიგმა განსაკუთრებულად და ორიგინალური ინდივიდუალურობით უნდა შეიქმნას !
ამიტომაც მივიღეთ ერთის მხრივ, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, როგორც მომავალი ეკონომიკის სისტემის შენების ორიენტირი და უვიზო მიმოსვლა ევროპაში, ხოლო მეორეს მხრივ – მუდმივად რთული ურთიერთობა მეზობელ, მრავალმილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანასთან.
სამოქალაქო ომი და გადამწვარი აფხაზეთი და სამეგრელო… ცხინვალი და თბილისი! ბანდიტების თარეში და სპეცაგენტების აღლუმი. კრიზის-შიმშილ-უშუქობაში დაკარგული თაობა თუ უცხოეთში საშოვარზე გადაგებული მილიონნახევარი ქართველი, ასევე საფასური, რომელიც გადახდილი გვაქვს თავისუფლებისათვის და იმედი… იმედი იმისა რომ, ოდესმე ნატოს წევრი ქვეყანა გავხდებით!
ზვიადისტების მანიფესტი დამოუკიდებლობის და 9 აპრილის ნაიარევი მკერდზე. ფიქრი იმაზე, ნეტა თუ გაგვაჩნდა სხვა, უფრო მშვიდობიანი გზა. შევარდნაძის მმართველობა, სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტების და ატრიბუტიკის გაჩენა – ლარის შემოღება, საბანკო-საფინანსო სისტემის აშენება და საკუთარი ჯარის თუ სამართალდამცავთა ინსტიტუტების დაარსება, საერთაშორისო აღიარება და ეკონომიკის კონტურების შექმნა. საერთაშორისო ფუნქციის დაბრუნება და ბაქო-ჯეიხანის მილსადენი, რუსეთის ჯარების გაყვანა ახალციხიდან, ბათუმიდან, ცხინვალიდან, აფხაზეთიდან. ყველა ჩვენთაგანს, ალბათ, მკვეთრად ახსოვს ამ შავ-თეთრი ფილმის სიუჟეტები, ისევე როგორც მერე 2008 წელს რუსეთის უკან შემობუნება. ისტორია ამის შესახებ მოგვიანებით დაიწერება, უბრალოდ, ძალიან საწყენია, თუ როგორი ქილიკით უყურებს ზოგიერთი ჩვენი თანამოძმე ამ კატაკლიზმებს და თუ როგორ დაინახა, როგორი მოთმინებით და სისათუთით შეხედა ევროპელმა ამ ეპოპეას.
2016 წლის 9 აპრილის კვირაძალს „აისეტს“ (ISET) ნორვეგიელი ახალგაზრდები სტუმრობდნენ. მათ მასპინძლობას „აისეტ“-ის დირექტორი ერიკ ლივნი ( Eric Livny) და ჟაკ ფლერი**** (Jacques Fleury) უწევდნენ.
ჟაკი მოუყვა სტუდენტებს, რომ პირველად 1996 წელს ჩამოვიდა საქართველოში და თბილისიდან ბორჯომში მიმავალ ავტო გზატკეცილზე მხოლოდ ერთი მანქანა შეხვდა საპირისპირო მიმართულებაზე. ასე ჯახირით ჩავიდა ბორჯომში და შეუდგა მუშაობას ქართველ (იგულისხმება მამუკა ხაზარაძის გუნდი) მეგობრებთან ერთად ქვეყანაში, სადაც არ იყო ბუნებრივი აირი, დენი და წყალი. დაიწყო წყლის ბიზნესის კეთება ევროპული თანამედროვე სტანდარტებით, ასევე შეუდგა ევროპული ბიზნეს ინსტიტუტის მშენებლობას. ქარხანა – სადაც ყველაფერი მინგრეულ-მონგრეული იყო, სადაც ბანდიტები და ფორმიანი უცნობი პირები განაგებდნენ ყველაფერს, სადაც ერთ სატვირთო მანქანას ძლივს ტვირთავდნენ ცნობილი წყლით – ბორჯომით.
საოცარი იყო ჟაკის და მისი ოჯახის დამოკიდებულება – „როცა ვრეკავდი სახლში, ან ტელექსით ვუკავშირდებოდი, სხვა გზა მაშინ არ იყოო – იხსენებდა იგი – ჩემმა მეუღლემ იცოდა, რადგან ვრეკავ, ესე იგი შუქი მაქვს და თუ შუქი მაქვს, ესე იგი წყალსაც ამოვქაჩავთ, დღეს აბაზანაც მექნება და დაბანილი დავიძინებ!“ (წარმოიდგინეთ ევროპელების შეფასება ასეთი ქვეყნის თაობაზე) „-ღამე წყვდიადში იძირებოდა ყველაფერი და კანტიკუნტად „კალაშნიკოვის“ ჯერი არღვევდა ცის კაბადონს, ხმა ხეობას აედევნებოდა მაღლა ბაკურიანისკენ. ქვეყანა პირველყოფილი ქაოსისგან ცდილობდა თავის დაღწევას“ – ამბობდა ჟაკი. „-რა თქმა უნდა, ქვეყანა, სადაც მინისტრს 100 დოლარი ჰქონდა ხელფასი და პენსიონერის პენსია 10 დოლარს შეადგენდა, მოიცვა სრულმა კორუფციამ, როგორც ელიტარულმა ისე რიგითმა“ – განცხადა მან, თვალები ჭერისკენ აღაპყრო და შორეულ მოგონებებში ჩაიძირა – „-არა! კორუფცია არა! ეს იყო გადარჩენა – sur- vive! ყველა ცდილობდა გადაერჩინა თავისი თავი და ოჯახი როგორც შეეძლო!„ „ასეთ პირობებში დავიწყეთ ჩემ მეგობრებთან, მამუკა ხაზარაძესთან, ბადრი ჯაფარიძესთან და სხვებთან ერთად ახალი საქართველოს მშენებლობა და ახლა… ხვალ წამოხვალთ!“ – მიმართა მან სტუმრებს – „ჩვენთან ერთად და ნახავთ ჯერ პირველ საოცრებას, ქართულ ისტორიას და ევროპულ თანამედროვე ბიზნესს – შატო მუხრანს და ბორჯომის ახალ ქარხანას, რომელიც სწორი თანამედროვე მენეჯმენტისა და ინვესტირების, ნაციონალური რესურსების ყაირათიანად გამოყენების, ისტორიის გაცოცხლების და ეროვნულ ფესვებზე ზრუნვის ეტალონია.. ეს სინთეზია თანამედროვე გლობალური ბიზნესისა ღრმა ქართულ იდენტურობასთან მისი ტრადიციების შენარჩუნებით!“
ჟაკის სიტყვებით „ეს მათ შეძლეს! ეს გარკვეული ბიზნეს-ანთოლოგია შექმნილია ხაზარაძის და მისი გუნდის და ევროპულ-ქართული თანამშრომლობის მიერ. კორუფცია უნდა დაამარცხო ეკონომიკის განვითარებით, გამჭვირვალობით, ინვესტიციების მოზიდვით და ადგილობრივ მეწარმეთა კლასის ზრდით.“ მამულიშვილობა არ ნიშნავს არაგლობალურობას და ევროპელობა – ქართველობის დაკარგვას. მთელი ძალა სინთეზშია, რაც ჟაკის თქმით, მან და მისმა მეგობრებმა მამუკა ხაზარაძის მეთაურობით გააკეთეს. სახელმწიფოებრიობა მოძრაობასა და მოქმედებაშია, აღმშენებლობასა და მასშტაბურობაში, ახლის, დროის რელევანტურობის დანერგვაში. საოცარია, რა ლამაზად ხედავს ამას უცხოელი და ხშირად ვერ ვხედავთ ჩვენ – გვახრჩობს ბოღმა და ვერ ვაფასებთ საკუთარს, ან ისე გადაჭარბებულად ვაფასებთ, რომ გვგონია თითქოს საქართველოს ისტორია 2003 წელს დაწყებულიყოს!
მიუხედავად ამისა, საქართველო მტკიცედ ადგას გზას, ეს ის გზაა, სადაც ახლა ამირანი თავის ჭრილობებით, დაფლეთილი მკერდით და სისხლიანი მიაბიჯებს. ეშმაკი აგრძელებს თავისას, ხოლო ამირანი – თავის გზას!
სააკაშვილის პერიოდში ათვლა 2003 წლიდან დაიწყეს სამიათასწლოვან ქვეყანაში, რაც – რაღა თქმა უნდა, არ იყო სწორი. ჟაკმა ბევრად უკეთ დაინახა ჩვენი ქვეყნის ისტორია, ვიდრე სააკაშვილმა და მისმა მემატიანეებმა, 2008 წელს მისი შეცდომებით გაყვანილი რუსის ჯარი ისევ შემოვიდა, ისევ დაგლიჯეს ამირანის ტანი და დაასახიჩრეს, ჩამოაჭრეს სხეულის სხვადასხვა ნაწილი! შემდეგ იყო კრიზისი და ცვლილება. ქართული ოცნება და ბევრი იმედი. მაგრამ გზა რა მიმართულებითაც მიაბიჯებდა ამირანი – მყარი და უცვლელია. ბევრი ცდილობს სპეკულირებას და ევროპული აზიმუტების თავის სახელთან დაკავშირებას (მაგალითად, მე თუ არ ვიქნები, ქვეყანა გადაუხვევს ევროპული გზიდან), მაგრამ არა! ეს ქართველი ხალხის არჩევანია. პოლიტიკოსებს გამუდმებით ესაჭიროებათ მტრის ხატი, თეთრი და შავი, ფარაონებიდან დღემდე თავის განსაკუთრებულობას და მისიონერობას უსვამენ ხაზს, რათა ეპატიოთ არსაკადრებელი საქციელი და ტყუილი, რითაც მოსასხამივით იმოსებიან. რეალობა ერთია – რაც ხალხის სულში და მენტალიტეტში არ ზის, ის ვერ დაისადგურებს და რაც ზის, ის ვერ ჩამოცილდება. ჩვენ სულით ხორცამდე ევროპელები ვართ და ამირანიც იმ მიმართულებით მიდის, სადაც ათასწლეულები ვერ გატეხეს და ვერ შეაცვლევინეს გზა, ვერც ახლა შეაცვლევინებენ.
ახალ გამოცემაში სწორედ ამ გზაზეა საუბარი. ხან სინგაპურის გზა მოსწონდათ პოლიტიკოსებს და ხან ჰონკონგის, მაგრამ საქართველოს თავისი არჩევანი და თავისი გზა გააჩნია. ის არც სინგაპურია და არც ლიხტენშტეინი, ის საქართველოა(!!!), ევროპული საქართველო და სახეც თავისი აქვს, ტანიც და სულიც. ის განწირულია, დიახ განწირული… გამარჯვებისთვის! მაგრამ როდის? ეს ერთად უნდა გადავწყვიტოთ.
არჩევნები მოდის, ტყუილის ფესტივალი იწყება და ერთი ანეკდოტი გამახსენდა: „ოფისში ორი მეგობარი ბეშე და შაქრო ლაპარაკობენ: – ეს ჩვენი მეგობარი ნაჭყებია მაგარი მატყუარააო! მაგრამ ის სამართლიანი კაციაო. ბეშემ უთხრა: – როგორ შეიძლება მატყუარა იყოს სამართლიანიო? -ძალიან მარტივად, უთხრა შაქრომ – ის ატყუებს ყველას განურჩევლად! ამიტომ აქ ვამხელთ ყველას და ყველაფერს სატირის ენაზე რაც ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკის ფუნდამენტის მშენებლობას და ევროპულ ბაზარზე ინტეგრირებას, რათა არ მოვატყუებინოთ თავი არავის და ვაშენოთ ქვეყანა!
ეს არჩევნებისთვის შეგიმსუბუქებთ ჩვეულ ყოფას! სტილს არ ვღალატობთ და სატირანარევი კილოთი, მკითხველებს ვაწვდით მწარე ეკონომიკური დეფექტებით გაზავებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. ძნელია, მოსაწყენი ეკონომიკური თეზების და პრობლემების ურიცხვ რიგს ადევნო თვალ-ყური, ამიტომ ვცდილობ მას იუმორის ფერუმარილი შევურიო, რაც ვფიქრობ უფრო მისაღებია, მეტად მკაფიოდ ჩანს და გვაიძულებს ვიაროთ წინ.
PhD, თსუ პროფესორი
ემზარი ჯგერენაია
2016 წლის აღდგომა
* Piketty T. Capital In The Twenty-First Century, The Belknap Press Of Harvard University Press
** Kuznets S. Economic Growth And Income Inequality, P. 12-18
*** იმანუელ კანტი, სულიერების მეტაფიზიკის საფუძვლები, გვ.192, მოსკოვი, 1999
**** ჟაკ ფლერმა (Jacques Fleury) კარიერა, როგორც კონსალტინგის მენეჯერმა ისე დაიწყო. მას ეკავა სხვადასხვა მმართველობითი პოზიცია საკვების ინდუსტრიაში ირანში, მაროკოში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, უკრაინაში, რუსეთსა და საქართველოში. 1997-2009 წლებში ფლერი იყო IDS-Borjom-ის ხელმძღვანელი. 1997 წელს „ბორჯომის“ აქციონერებმა მას 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია გადასცეს, კომპანიის რეორგანიზაციის და იმ პერიოდში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავების შემდეგ, 2012 წლისათვის კომპანიის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარიდან 500 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 2002 წელს ქართველ პარტნიორებთან ერთად ჟაკ ფლერმა დააარსა „შატო მუხრანი“, კომპანიამ აღადგინა მუხრანის პროდუქცია, რომელიც ამჟამად თანამედროვე და ტრადიციულ ტექნოლოგიებს აერთიანებს. ამჟამად ჟაკ ფლერი არის „შატო მუხრან“-ის დირექტორი. ის ასევე არის ასოციაცია „ქართული ღვინის“ გამგეობის წევრი, ხოლო 2014 წლიდან – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გამგეობის წევრი. ჟაკ ფლერს დამთავრებული აქვს პარიზის უნივერსიტეტი და ლონდონის ეკონომიკის სკოლა (London School of Economics).