February 5, 2011
ახალი რეგულაციები
„სავაჭროდ განკუთვნილი საქონლის შემოტანა დასაშვები იქნება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტის საშუალებით“.
პირველი თებერვლიდან ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეგულაცია აამოქმედა, რომლის მიზანი კონტრაბანდული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის სრული აღკვეთაა.
ვაჭრობის მიზნით კონტრაბანდული საქონლის გადმოტანის პრობლემა დაახლოებით ერთი კვირის წინ გამართულ ტელეხიდში „პრეზიდენტი პასუხობს შეკითვებს“ დაისვა. ბათუმელმა ინდმეწარმემ, რომელიც ყველა საბაჟო გადასახადს იხდიდა, აღნიშნა, რომ მას არაკეთილსინდისიერი გადამხდელები ბაზარზე კონკურენციას უწევდნენ.
მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციის თანახმად კი, სახმელეთო საბაჟოებიდან აიკრძალება ვაჭრობისათვის საქონლის ხელით და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანა. სავაჭროდ განკუთვნილი საქონლის შემოტანა დასაშვები იქნება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტის საშუალებით. ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული აკრძალვის დაწესება პირადი მოხმარებისა და სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის გარჩევისას პრობლემებს შექმნის:
„მე ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ ფინანსთა სამინისტროს და მებაჟეებს გაუჭირდებათ ერთმანეთისგან გამიჯნონ, თუ რომელი ტიპის საქონელი არის პირადი მოხმარებისათვის ნაყიდი და რომელი კომერციული მიზნით გამოყენებადი. ასე რომ, თვითონ კანონმდებლობა არის ბუნდოვანი“.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს თითქმის ყოვედღიურად ჰქონდათ კონტრაბანდული საქონლის აღმოჩენის შემთხვევები. შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია აცხადებს, რომ იმის გარჩევა, გასაყიდად შემოაქვს მოქალაქეს საქონელი თუ პირადი მოხმარებისათვის, ძალიან მარტივია.
„ჩვენ გვაქვს სპეციალური ბაზა, საიდანაც შეგვიძლია მოვახდინოთ იდენტიფიცირება, იმისა, თუ ვინ არის გადამხდელი და ვინ ვაჭრობს. გარდა ამისა, როცა ადამიანი ხშირად გადადის საზღვარზე და გადმოდის და მოაქვს რამდენიმე ცალი ერთი და იგივე ტიპის საქონელი, ადვილი გასარჩევია, რომ ის ვაჭრობს“.
ადამიანები, რომლებიც საბაჟო გადასახადებს არაკეთილსინდისიერად იხდიან, შედარებით ღარიბი ფენის წარმომადგენლები არიან. ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის ხელით შემოტანის აკრძალვა ამ ტიპის საქონლის გაძვირებას გამოიწვევს, – ასეთია ეკონომიკის ექსპერტის ემზარ ჯგერენაიას მოსაზრება.
„ამგვარი შეზღუდვები და წესების გამკაცრება ამ ტიპის პროდუქციაზე ფასების ზრდას გამოიწვევს. რადგანაც ადამიანები, რომლებიც ამგვარად ვაჭრობენ, თანხის დაზოგვის მიზნით, ავტობუსებით მგზავრობენ. დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, ისინი თავიანთ საქონელს გააძვირებენ“ – აღნიშნა, ემზარ ჯგერენაიამ.
რეგულაციის ახალი წესები ფინანსთა სამინისტრომ ახალი კურსის მიხედვით შეიმუშავა. რომლის თანახმადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბიზნესის სამართლიანი ადმინისტრირება იქნება. საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადმოტანის შემთხვევაში, კანონის დამრღვევებს ჯარიმების გადახდა მოუწევთ, ხოლო დიდი რაოდენობით საქონლის გადატანის შემთხვევაში შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.
წყარო: www.polity.ge