ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ქართველ მეწარმეებს პრობლემებს შეუქმნის?!

ემზარ ჯგერენაია: ,,უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ადგილობრივი წარმოება” 

რა ეკონომიკური ეფექტი მოჰყვება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს? ნიშნავს თუ არა მთავრობის მეთაურისა და დალიანის თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელმძღვანელების შეხვედრა იმას, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები დამყარდება? მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში გიგანტური ბაზრის მქონე ჩინურ ინვესტიციებს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რისკი მაინც არსებობს – თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთან ხელს ხომ არ შეუშლის ისედაც დასუსტებული ადგილობრივი წარმოების განვითარებას? 

,,ჰუალინგის” თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქუთაისში
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად რეალურია ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დაწყება, რადგან შესაბამისი ოფიციალური ხელშეკრულება ან მემორანდუმი არ არსებობს, თუმცა ფაქტია, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ტიპის ურთიერთობის დასაწყებად საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი უკვე გადადგა, საბოლოო შედეგი კი ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან მოლაპარაკებებს მოჰყვება. თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დასაწყებად, პირველი აგური მაინც ჩინურმა კომპანია ,,ჰუალინგ ჯგუფმა” დადო, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოაწყო.
ქუთაისში, 35.92 ჰექტარზე, ,,ჰუალინგის” თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა განთავსებული, რომელიც ჩინურმა კომპანიამ ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოაწყო. ოფიციალური ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში ,,ჰუალინგ ჯგუფის” მიერ განხორციელებული ინვესტიცია 31 170 000 აშშ დოლარია. ინდუსტრიულ ზონაში ,,ჰუალინგ ჯგუფმა” უკვე შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხის გადამამუშავებელი ავეჯის დამამზადებელი საწარმოები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ. ამ საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის ექსპორტი კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ხორციელდება.
48 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე, ,,ჰუალინგ ჯგუფმა” 20-წლიანი ლიცენზია მოიპოვა, რომლის საფუძველზე, კომპანიას 2 400 000 კუბური მეტრი სამშენებლო ქვის მოპოვების უფლება აქვს. ლიცენზიის შედეგად მოპოვებულ ბუნებრივ რესურსს კი კომპანია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ ქვის გადამამუშავებელ ქარხანაში ამუშავებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ქარხანაში ,,ჰუალინგ ჯგუფმა” 400 000 აშშ დოლარის ღირებულების თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა დაამონტაჟა.
ბუნებრივი რესურსებისა და ნედლეულის გადამუშავების მიზნით, ,,ჰუალინგის” თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვით, ასევე მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებითა და მსუბუქი მრეწველობის სხვადასხვა დარგის ხელშეწყობით უნდა განვითარდეს. იმისთვის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დატვირთვა გაიზარდოს, ,,პუალინგ ჯგუფის” მიზანია, მეტი უცხოელი ინვესტორი მოიზიდოს, რაც ადგილობრივთა დასაქმების მაჩვენებელსაც გაზრდის.
ჩინური ვოიაჟის ეკონომიკური ეფექტი
რას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას მთავრობის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი? რეალურად რა სახის ჩინურ ინვესტიციებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში და ბიზნესის რომელ დარგში? ,,ვერსიას” ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია ესაუბრება.
პირველი მიმართულება, რომელზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს, ე.წ. ,,ახალი მსოფლიო ბანკის ინსტიტუტია”, რომელიც პეკინში შეიქმნა. ცნობილია, რომ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველობის სტრუქტურებში ჩინელები არ მონაწილეობენ, რადგან სავალუტო ფონდში ევროპელები, მსოფლიო ბანკში კი ამერიკელები არიან წარმოდგენილნი. ჩინეთი დიდი ხანია აცხადებს, რომ ამ მხრივ ,,დაჩაგრულია” და ორივე სტრუქტურაში მმართველობის კვოტების გადანაწილება უნდოდა, მაგრამ უშედეგოდ. შესაბამისად, პეკინში ,,მსოფლიო ბანკის” მსგავსი ახალი სტრუქტურა შექმნეს. საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ბანკის, სსფ-სა და ჩინეთში შექმნილი ახალი ინსტიტუტის მსგავსი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა გვჭირდება. ორი წელია საქართველოს დიდი ტრანში არ მიუღია, რის გამოც სავალუტო ნაკადების პრობლემები გვაქვს. ლარის სიმყარის შესანარჩუნებლადაც ერთ-ერთი გზა სწორედ დიდი ტრანშები და ფინანსური ნაკადია. ინვესტიციებისა და ტრანშების მოძიება გაჭირდა და ამიტომ მთავრობამ კურსი სწორედ ჩინეთისკენ აიღო, რაც გამართლებული ნაბიჯია. არსებობს ინვესტირების ევროპულ- ამერიკული, რუსული (დსთ), არაბული და ჩინურ- აზიური წყაროები. რუსეთში ეკონომიკური რეცესიაა, ყაზახეთში _ სერიოზული ფინანსური პრობლემები, რასაც იქაური ეროვნული ვალუტის, ტენგეს დევალვაცია მოჰყვა, უკრაინაში რა ხდება, კარგად იცით… ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან ინვესტიციები ჭირს. ევროპა თვითონაც რეცესიაშია, რის გამოც საკმაოდ რთულ ეკონომიკურ ვითარებაშია. შემდგომ მოდის არაბეთი, რომელმაც გარკვეული მოძრაობა დაიწყო საქართველოში, მაგრამ არაბული ინვესტიცია რამდენიმე სასტუმროს დაფინანსებას არ გასცდენია და რეალურად, ჩინურ- აზიური ნაწილი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი დაეცა, ეს ქვეყანა ცდილობს, ექსპორტზე ორიენტირებული მონოქვეყნის იმიჯი შეიცვალოს და კაპიტალის ექსპორტზე, ასევე შიდამოხმარებისა და შიდაბაზრის ზრდაზე გადავიდეს. მისთვის კავკასია ანუ ევროპის სამხრეთ ნაწილი საკმაოდ საინტერესოა. ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთი რეალურად მზადაა, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. ამის ნათელი მაგალითია ,,ოლიმპიური სოფლის”, რკინიგზისა და ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში.
კონკრეტულად ეკონომიკის რომელ სფეროში და რა სახის ინვესტიციებს უნდა ველოდეთ ჩინეთიდან?
პირველ რიგში, ესაა სრულიად ახალი თბომავალმშენებელი ქარხნის მშენებლობა, რომელიც უმსხვილესი პროექტია და რომელზეც დიდი ხანია მიდის მუშაობა. არ იფიქროთ, თბილისში არსებული ვაგონშემეკეთებელი ქარხნის რეორგანიზაციაზეა საუბარი, რომელიც რუსებს ეკუთვნის. ვგულისხმობ სრულიად ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას, რომელსაც თბილისში ჩინეთი ააშენებს. ამ ტიპის ქარხნები ადრე თბილისშიც იყო, ნოვოჩერკასკშიც და რუსეთის სხვა ქალაქებშიც, მაგრამ დიდი ხანია დსთ-ს ქარხნები მწყობრიდან გამოვიდა. შესაბამისად, ჩინელები დაინტერესდნენ, ახალი ქარხანა ააშენონ და როგორც ვიცი, ეს 100-მილიონიანი პროექტი იქნება. მეორე დიდი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. სხვათა შორის, ტრანსპორტის ლოგისტიკის მიმართულებით, დღეს საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგან ტვირთების მოცულობა დღითიდღე მცირდება. მიუხედავად ამისა, სამომავლო ნაბიჯების გადასადგმელად, საკმაოდ მნიშვნელოვანია უზარმაზარი პორტის მშენებლობა ანაკლიაში, რომელიც პირდაპირ რომ გითხრათ, პოლიტიკური მნიშვნელობის მეგაპროექტად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, ანაკლიის პორტი წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურება, მაგრამ ეს ციფრი გადაჭარბებულია. მსოფლიოში ცნობილი ანტვერპენის (ბელგია) პორტიც კი ვერ ემსახურება წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს, მხოლოდ 60 მილიონ ტონაზეა გათვლილი. თუმცა თუ ჩინეთი, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში საკუთარ საბაზო პორტს ეძებს და ამ შემთხვევაში, ყურადღებას ანაკლიაზე შეაჩერებს, რომელიც თუნდაც 15 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურება წელიწადში, დამიჯერეთ, ესეც დიდი გამარჯვება იქნება. თუმცა აქ ერთი პრობლემაა, ანაკლიის პორტი საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ქართული პორტების კონკურენტი არ უნდა გახდეს, რადგან ამ შემთხვევაში, ფოთის, ყულევისა და ბათუმის პორტების ღირებულება დაიკლებს. ის კი არაა მნიშვნელოვანი, ჩინელებმა წყალგამყოფები, ნავმისადგომები და საწყობები ააშენონ ანაკლიაში, მთავარია, ეს პორტი საკუთარი ტვირთების ბაზად აქციონ. არაბებმაც იყიდეს ფოთის პორტში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორია, მაგრამ რეალურად არაფერი გაუკეთებიათ, მხოლოდ რამდენიმე საწყობი დადგეს.
ანაკლიის პორტის მშენებლობის შემთხვევაშიც იგივე საფრთხე ხომ არ შეიქმნება, რაც წლების წინ, არაბების მიერ ფოთის პორტის შეძენას მოჰყვა?
რა თქმა უნდა, ასეთი საშიშროება არსებობს. თავდაპირველად, ფოთის პორტში დუბაის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტი აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომელსაც ფოთში თავისუფალი სავაჭრო ზონა უნდა მოეწყო, მაგრამ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა და ნაკლებად ცნობილი ,,რაკია ჯგუფი” შემოვიდა, რომელსაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა იმის გარდა, რომ მის მშენებლობაზე საქართველო ორ სუბიექტთან _ ამერიკელებსა და ჩინელებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს, მაგრამ ფოთის პორტის გამოცდილება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მთავარი ის არის, ანაკლიაში ტვირთები მოვიზიდოთ. საერთოდ, ინვესტორმა თვითონ უნდა გათვალოს ინვესტიციის ეფექტურობა და სწორი ბიზნესგეგმა შეადგინოს. ფოთის პორტის შემთხვევაში, ეს არ გაკეთებულა, არაბებს მხოლოდ ტერიტორია გადასცეს. თუ რეალურად, ტვირთი არ შემოვიდა და ანაკლიის პორტი ჩინეთის ბაზად არ იქცევა, ხელში ,,მკვდრადშობილი შენობა” შეგვრჩება, რომელიც ზარალის გარდა, ეკონომიკურ სიკეთეს ნამდვილად არ მოგვიტანს.

 

 ბრძანეთ, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შემცირდა და ქვეყანა რეცესიის წინაშეა. ფაქტია, ეს კრიზისი ჩინეთის ეკონომიკას არ ჩამოშლის, მაგრამ ეკონომიკური პრობლემების გარდა, ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიაშიც განხეთქილებაა… პოლიტ- ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყანა მზადაა, ინვესტიციები და ტრანშები საქართველოში განახორციელოს?

უკვე გითხარით, ჩინეთს არ სურს, მხოლოდ იაფი საქონლის ექსპორტიორი ქვეყანა იყოს. რაც ბრძანეთ, აბსოლუტურად სწორია და ჩვენი ქვეყნის შესაბამისმა ინსტიტუტებმა მუდმივი, პერმანენტული მონიტორინგი უნდა განახორციელონ. მსოფლიო ეკონომიკის პულსაცია ჩინეთიდან მოდის, მაგრამ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ ადგილობრივი წარმოება და ჩვენი მეწარმეები. ორივე შემთხვევაში, ყოველწუთიერი მონიტორინგი და იმ მოვლენების ანალიზია აუცილებელი, თუ რა ხდება ან რა შეიძლება მოხდეს ჩინეთში. ეკონომიკასა და პოლიტიკაში დარწმუნება არ შეიძლება, მაგრამ ერთჯერადი ვიზიტი ნამდვილად არ არის საკმარისი, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამას მუდმივი მუშაობა სჭირდება და ამის მაგალითია ,,აბრუშუმის გზის” ფორუმი, რომელიც საქართველოში გაიმართება. მთავრობის დელეგაციის ერთჯერად ვიზიტს ჩინეთში, მეორე დღესვე საქართველოში ტრანშების ნაკადების გადმოსროლა არ მოჰყვება, ამას სკრუპულოზური და ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება.
ირაკლი ღარიბაშვილი დალიანის თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელმძღვანელობას შეხვდა. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა დაიწყება?
დაანონსებული იყო, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტი ჯერ არ მინახავს. ეს რთული საკითხია, რადგან ერთი მხრივ, მსოფლიოში ყველას ოცნებაა, რომ ჩინეთის გიგანტურ ბაზარზე შეაღწიოს, რომელიც მილიარდ 600 მილიონიანია. ეს ისეთი მოცულობაა, რომ ნებისმიერი მეწარმე ოცნებობს, ასანთის ღერის მეათედი ნაწილი მაინც შეიტანოს ამ ქვეყანაში. მეორე მხრივ, ქართული ბიზნესისთვის ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რადგან კომუნისტური პარტიის პოლიტიკის გავლენის ქვეშ მყოფი თავისუფალი ბაზრის ელემენტებით, დაბალი ფასებითა და ფიქსირებული ხარჯებით, ჩინური პროდუქცია უკონკურენტოა. ამიტომ დასაფიქრებელია, რამდენად შეექმნებათ ჩვენს მეწარმეებს პრობლემები კონკურენციის მხრივ. ამას გარდა, ჩინური საქონელი საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოში. რაც გვაქვს, ყველაფერს MADE IN CHINA აწერია, საქართველოს ბაზარი მათთვის თითქმის ღიაა. აქედან გამომდინარე, დიდ საშიშროებასაც არ უნდა ველოდეთ…
ამის მიუხედავად, ჩინური იაფფასიანი პროდუქცია საქართველოს შიდა ბაზარს წალეკავს და ადგილობრივ წარმოებას შეაფერხებს, არა?
აუცილებლად, რადგან ნებისმიერ თანაბარ სიტუაციაში, ჩინურ საწარმოს, რომელსაც წარმოების უზარმაზარი მოცულობა აქვს და რომლისთვისაც ფიქსირებული ხარჯებიც საკმაოდ დაბალია, ყოველთვის აჯობებს ფასით ქართველ მეწარმეს. რაც უნდა კარგი და ულტრათანამედროვე საწარმო გააკეთოთ, როგორი სრულყოფილი ტექნოლოგიაც უნდა დანერგოთ, ჩინურ წარმოებას კონკურენციას ვერ გაუწევთ! ბევრ შემთხვევაში, ჩინური წარმოება სახელმწიფოს მიერ დოტაციურია და ამ დეტალების გათვალისწინება ქართველი მეწარმეებისთვის აუცილებელია. მართალია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მაგრამ მთავრობამ უნდა იფიქროს, როგორ დაიცვას ქართული წარმოება და პროდუქცია. საჭირბოროტო მაგალითსაც გეტყვით: 100 ქართველი მცირე მეწარმე ჩადიოდა ჩინეთში, რაღაცას ყიდულობდნენ და საქართველოში ყიდდნენ, რასაც მცირე ბიზნესის ფორმა ჰქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ერთი ჩინელი მილიონერი ჩამოვიდა, ვაზისუბანში საწყობი გახსნა, დიდი ოდენობით პროდუქცია შემოიტანა და 100 მცირე მეწარმე ,,მოკლა”, თუმცა ეს ყველაფერი აბსოლუტურად კანონიერად განახორციელა. აქედან გამომდინარე, მუშა- ხელის ექსპორტი იქნება თუ ტექნოლოგიების, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ადგილობრივი წარმოება დღესაც, როდესაც ეს ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის და მერეც, როცა ამ ტიპის ურთიერთობა ოფიციალურად დაკანონდება. ერთი წელი გავატარეთ DCFTA-ს გარემოში და აღმოჩნდა, რომ ქართულ ყველს ევროპაში ვერ შევიტანთ. ადრე მხოლოდ ნიორზე იყო შეზღუდვა. ანუ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება კი არა, პრობლემას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკა და უშუალოდ მეწარმეები აგვარებენ.
ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არსებობს?
არა და ეს აბსოლუტური ბლეფი იყო, რადგან ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს! ამ თემაზე მხოლოდ მოლაპარაკებები იმართებოდა. როგორც ვიცი, ამერიკელებმა დაიანგარიშეს და დაადგინეს, რომ საქართველოს ექსპორტი ამერიკაში არ არის და ასეთი ურთიერთობით ისინი მოგებას ვერ მიიღებდნენ. ჩინური საქონლის ექსპორტი საქართველოში საკმაოდ დიდია. ჩინეთი, როგორც სავაჭრო პარტნიორი, მესამე ადგილზე გადავიდა და თუ რამდენიმე ბოთლ ქართულ ღვინოს არ ჩავთვლით, ჩვენი ექსპორტი ჩინეთში თითქმის ნულია!
მაია მიშელაძე

გაზეთი: ვერსია

Comments

comments