რა დაემართა ეკონომისტის პროფესიას და საით მიდის იგი?

სავალუტო ბაზარი და პირდაპირი ინვესტიციები. შეცდომა რომელსაც ეკონომისტ-მეცნიერები და ანალიტიკოსები უშვებენ

2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მსოფლიოში ისმის ბევრი კითხვა, ვინ არიან ეკონომისტები? რამდენად სასარგებლოა მათი პროგნოზები? რას ემყარება ეს პროგნოზები – არსებულ თეორიულ წანამძღვრებს თუ რეალობის ახლებურ აღქმას? საქართველოშიც ბოლო პერიოდში ხშირად ისმის კითხვები ეკონომისტების მიმართ, რა მოუვა ლარს, რა ფაქტორები ახდენს კურსზე გავლენას, როგორი შეიძლება იყოს ეკონომიკური ზრდა და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ქართველი ეკონომისტების მიერ ამ კითხვებზე გაცემული პასუხები ეყრდნობა თეორიებს, რომელიც შემუშავებულია ისეთი ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე, როგორიცაა აშშ და სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნები. მაგრამ ფაქტია, რომ მათ განსხვავებული ეკონომიკა აქვთ საქართველოსთან შედარებით.

30 აპრილს „მოქალაქისა“ და „საზოგადოება 20-30“-ის მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკა: მიღწევები და გამოწვევები“, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან პრობლემებსა და განვითარებად და მაღალგანვითარებულ ეკონომიკებს შორის დიდ განსხვავებას გაუსვა ხაზი, რომლის გამოც ის თეორიები, რომელიც განვითარებული ეკონომიკების პრაქტიკული გამოცდილების შედეგად იქმნება, სქართველოს მსგავსი ეკონომიკებისთვის სახელმძღვანელოდ ვერ გამოდგება.

რატომ მოქმედებს სხვადასხვანაირად სავაჭრო ბალანსის დეფიციტი საქართველოსა და აშშ-ს ვალუტების კურსზე? როგორ შეიძლება მოახდინოს/ან არ მოახდინოს ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა საპროცენტო განაკვეთმა? არის თუ არა აქტუალური დღეს ქეინზის თეორია ფულზე სპეკულატიური მოთხოვნის შესახებ? რატომ უწყობს ევროს გაუფასურება დოლარის მიმართ ევროპის ეკონომიკის ზრდას ხელს და იგივე პოზიცია ლარის მიმარით არის სერიოზული პრობლემა საქართველოში? იქნება თუ არა აშშ-ის სავაჭრო ბალანსის მუდმივი დეფიციტი მსოფლიო ინფლაციის პროვოცირების საბაბი და რა ზეგავლენა აქვს გარეგან ფაქტორებს ლარის კურსზე?

ემზარ ჯგერენაია: „რა შეცდომებს უშვებენ მეცნიერ-ეკონომისტები და პრაქტიკოს-ეკონომისტები და რა ადგილი უჭირავთ მათ 21-ე საუკუნეში? ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა პოლ კრუგმანმა სწორედ ეს საკითხი დასვა, თუ რა იყო ეკონომისტებისა და ფინანსისტების მიზანი და საკმაოდ საფუძვლიანი განხილვაც ჩაატარა – პირველ რიგში, მათ მოვლენების დინამიკაში განჭვრეტა უნდა მოახდინონ, ე.წ. სწორი „ფორქასტი“, ზემომქმედი გარეგანი და შინაგანი ფაქტორები უნდა დაასახელონ და მათი შედეგები ქვეყანაზე, უნდა მოახდინონ ახალი ტენდენციების კვლევა, თუ რა მოდის ბაზარზე ახალი და უნდა გამოიკვლიონ ახალ გარემოებათა გავლენა ძველ შინაარსსა და ფორმაზე. მთავარია, ფორმისა და შინაარსის ცვალებადობა მიესადაგოს არსებულ რეალობას და იქიდან გამომდინარე დასკვნებს. ამ კუთხით ეკონომისტები უზარმაზარი ფუნქციის მატარებლები არიან, მაგრამ იმავდროულად, თუ გადავხედავთ, რომ 2007-08 წლის ფინანსური კრიზისის შოკი მოულოდნელი იყო და ვოლატიურობა დღემდე გრძელდება სავალუტო ბაზარზე, გამოდის, რომ ეკონომისტებს არ შეუძლიათ, არ შესწევთ უნარი რამე წინასწარ განსაზღვრონ.

ჩემი კვლევისთვის საგანგებოდ ავირჩიე ეს პერიოდი, ლარის შემოღებიდან 20 წლისთავი, და დავამთხვიე მეორე თარიღსაც – ეს არის 50 წელი კარიბის ზღვის კონფლიქტიდან, ვინაიდან ამ პერიოდიდან მოხდა მათემატიკური მოდელირების, ასე ვთქვათ, მოდაში შემოტანა. მაშინ ერთ-ერთმა მრჩეველმა მაშინდელ პრეზიდენტ ნიქსონს ურჩია, რომ მათემატიკური მოდელებით გამოეთვალათ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი, მაგრამ მაშინ ამ მეთოდმა გაამართლა, შემდეგ კი ამ მათემატიკური მოდელირებით დაავადდა მსოფლიო და ზოგიერთს აფიქრებინა კიდეც, რომ ეკონომისტები საჭირო აღარ იყვნენ და მათემატიკურად ყველაფრის გამოთვლა შესაძლებელი გახდებოდა, მაგრამ ცხოვრებამ გვანახა, რომ ეს წარმოუდგენელია. ამ კუთხით მინდა გამოვიკვლიო ორი რამ, ეკონომისტები როგორც ახალი ტენდენციების მკვლევარები – არის თუ არა და მოქმედებს თუ არა საქართველოსა და მისნაირ პატარა ქვეყნებში ეკონომიკური კანონები სრულად, ვთქვათ, ირვინ ფიშერის მიერ მე-20-ე საუკუნეში აღმოჩენილი კანონი, ქეინზის კანონი, ტობინის ბეტა კოეფიციენტი, ფრიდმანის მონეტარიზმი, ფრანკო მოდილიანის მოდელი და სხვა.

ჩემი კვლევის საგანი არის სავალუტო კურსზე მოქმედი ფაქტორები, ამ შემთხვევაში, ჩვენ საქართველოში გვაქვს სიტუაცია, როდესაც ყველა ჩვენგანი დაინტერესებულია და ყველამ იცის რა ფაქტორები მოქმედებენ სავალუტო კურსზე და ყველა ეს მსჯელობა, მათ შორის სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, ეყრდნობა ამერიკის შეერთებული შტატების თეორიებს და კანონებს. შეიძლება ჩემმა ოპონენტმა აღშფოთებით თქვას, რომ კანონი არ იწერება არც ამერიკისთვის და არც საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კანონი მოქმედებს გარკვეულ გარემოში, თუ ის გარემო არ არის, კანონი არ მოქმედებს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ კანონებზე ქიმიასა და ფიზიკაში, ეკონომიკასაც სჭირდება შემდგომი ნაბიჯი – რა გარემოებაში მოქმედებს კანონი. კვლევის დროს ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ რაღაც დაშვებებს და რაღაცისგან აბსტრაგირებას და ვამბობთ, რომ ეს რაოდენობრივი გადადის ამ თვისობრიობაში, თუ ეს რაოდენობრივი არ არის, არ არის თვისობრიობაც.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ სავალუტო კურსი, არის ორ ვალუტას შორის შეფასება, იმისა თუ რომელს რა რაოდენობის საქონლის ყიდვა შეუძლია (ერთი ვალუტის ფასი გამოხატული მეორე ვალუტით). ეს არის ძალიან უხეში განსაზღვრება. იგვე, სახელმძღვანელოების მიხედვით, რომელიც დაწერილია აშშ-სთვის თუ ევროპისთვის, სავალუტო კურსი არის შედარებითი ფასების დონე გრძელვადიან პერიოდში, ქვოტები და საბაჟო გადასახადები, ადგილობრივი საქონლის უპირატესობა იმპორტთან შედარებით და შიდა საბანკო დეპოზიტების ფასები უცხოური ვალუტის ერთეულში გამოხატული.

1
წყარო: Money, Banking, and Financial Markets; Frederic S. Mishkin

ყველა ეკონომისტი, მათ შორის საკმაოდ საინტერესოდ აკეთებს ამას ირვინ ფიშერი და ჯოზეფ სტიგლიციც, ზოგადად ქვეყნებს ყოფენ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებად, არავის დაუწყია ამის გაღრმავებული განხილვა, თუმცა იყო გარკვეული მცდელობა ცალკე ყოფილიყო ბრიკის ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და ა.შ. თუმცა ის ეკონომიკურად არ გაყოფილა, არადა, აუცილებლად გასაყოფია იმისთვის, რომ გავიგოთ, სად რა კანონი მოქმედებს და რა არ მოქმედებს. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ერთი რამ, რომელიც ყველა კვლევაში აშკარად ჩანს: მსოფლიოში ერთი უნიკალური ეკონომიკაა შეერთებული შტატების სახით, უნიკალურია იმის გამო და განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ მისი ვალუტა არის მსოფლიოს ნომერ პირველი რეზერვი, ამ ვალუტაში კოტირდება სასაქონლე ბაზრებზე ნებისმიერი საქონლის ფასი, როცა მაღლა იწევს დოლარის ფასი, პოზიციებს თმობს ნავთობისა და ოქროს ფასი და ა.შ. ეს სერიოზული მინიშნებაა იმისა, რომ ამ ტიპის ქვეყნები არიან ე.წ. ღუზა ქვეყნები, რომლებიც აღმძრავის როლს ასრულებენ: შეერთებული შტატები, რომელსაც რაოდენობის გამოც განსხვავებული თვისობრივი მხარე აქვს, ასევე გერმანია და საფრანგეთი, ინგლისი, იაპონია და ჩინეთი. ის რაც მოქმედებს და მიღებულია შეერთებულ შტატებში, ზუსტად იმნაირად ვერ იმოქმედებს საქართველოში, თუნდაც ვალუტის კურსზე მოქმედი ფაქტორები, ვალუტის კურსის ვარდნა და ა.შ. მთელს მსოფლიოში კანადიდან ავსტრალიამდე მიმდინარეობს სავალუტო ომი, ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი ვალუტის დევალვაციას და ეს არის მისი უპირატესობა მის სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, საქართველოში კი პირიქით ხდება, ქართული ვალუტის გაუფასურება კი გლოვისა და ტრაგედიის საგანი გახდა. ისმის კითხვა, რატომ? რა პასუხი უნდა გასცენ ამაზე ეკონომისტებმა? გარდა ამისა, ჩვენ ვაკეთებთ მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკას, ე.წ. ინფლაციის „თერგეთირებას“და ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ ვაკეთებთ სავალუტო თარგეითირებას, რომელიც ასევე მიღებულია პრაქტიკაა.

საერთოდ ცნობილია, რომ თქვენ რომ დღეს მონეტარულ პოლიტიკას განსაზღვრავთ, შედეგი წელიწადნახევრის ან ორი წლის შემდეგ დადგება. ამას ამბობს ალან გრინსპენი თავის წიგნში – ორი წლის შემდეგ რომ გვინდა რაიმე შედეგის დადგომა, ამაზე დღეს უნდა ვიზრუნოთ. სხვადასხვა ქვეყნებში ეფექტის მიღებას სხვადასხვა დრო სჭირდება, მაგალითად, თუ აშშ-ში განსაზღვრული მონეტარული პოლიტიკა შედეგს ორ წელიწადში იძლევა, ევროპაში მას წელიწადნახევარი სჭირდება და ა.შ. რამდენი ხანი სჭირდება საქართველოში ახალი მონატარული პოლიტიკის შემუშავებასა და დაწყებას, რომ ის ინფლაციის წინააღმდეგ ქმედუნარიანი იყოს. გამჭვირვალე უნდა იყოს მიზანი თუ რატომ არის ინფლაციის თარგეითი საქართველოში 5%, რა მიზანს ემსახურება ის და რა შედეგი მოჰყვება მას. როგორც თავის წიგნში ბენ ბერნანკე ამბობს, ფინანსური სირთულეების დროს ეროვნული ბანკი ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე აგებს პასუხს. რა ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობით არის გამოწვეული ინფლაციური თარგეითი 5%? აქ არგუმანტად არ გამოდგება ის, რომ ამის მხარდამჭერი საერთაშორისო სავალუტო ფონდია. ფონდს არაერთი შეცდომა დაუშვია საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში და ამიტომ ეს არგუმენტი არ არის. ამიტომ ჯობს კანონით განვიხილოთ და ამ საკითხს მეცნიერულად მივუდგეთ. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა გავასაჯაროოთ, რა გზებით, რა გრაფიკით წავა საქართველოში ინფლაცია 1%-დან 5%-მდე და რა მოუვა სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. თუ ჩვენ არ გვაინტერესებს გაცვლითი კურსი, არ გვაინტერესებს ამის შედეგად შემცირებული იმპორტი, მოთხოვნა დოლარზე, მშპ-ს ზრდის შემცირება, მაშინ რატომ ვზრდით ინფლაციას 5%-მდე, რომელიც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და რა გეგმა გვაქვს გაწერილი? მე მეჩვენება, რომ უბრალოდ ვასახელებთ 5%-ს თარგეითად და იმის იქით არ არსებობს გაანგარიშება ან ჩვენ არ ვიცით.

ეკონომისტები შევთანხმდით, რომ ყველაფერს ვიხილავთ გრძევლადიან, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში. სავალუტო კურსის ფაქტორულ ცვლილებაზე გავლენას ახდენს უცხოური დეპოზიტების მოსალოდნელი შემოსავლიანობა RF. განვიხილოთ დოლარ/ევროს წყვილი. ამ ორ ვალუტასთან მიმართებაში გვავქვს ასეთი სურათი, რომ ეს ორი ვალუტა უახლოვდება ისტორიული ეკვილიბრიუმის B წერტილს, როცა ერთი დოლარი უდრის ერთ ევროს. რა გამოიწვია ამან? – ევროპული საქონლის გაიაფება ექსპორტში, უპირატესობა მიიღო ევროპამ, გაიზარდა წარმოება და დასაქმება და იმედოვნებენ, რომ არსებული დეფლაცია ინფლაციაში გადაიზრდება. ამას გარკვეულწილად ხელს უწყობს ბატონი დრაგის ე.წ. შერბილების პოლიტიკა, რომელიც გარკვეული მოცულობით ყიდულობს ობლიგაციებს და ფულს მიმოქცევაში უშვებს, რათა გააუფასუროს ევრო დოლართან მიმართებაში და მხარი დაუჭიროს ევროპის ეკონომიკის ზრდას და ევროზონის დეფლაციიდან გამოყვანას. ევროში დეპოზიტი გახდა 3,8%, გვაქვს სპოტ ფასი, რომელიც ეყრდნობა სასაქონლო პარიტეტს და ერთიანი ფასის კანონს, ამის შემდეგ გვაქვს ფორვარდ ფასი, რომელიც ეყრდნობა სპოტ ფასს (მიმდინარე ფასი) პლუს ფულის ღირებულებას დროში და ეყრდნობა დეპოზიტის ღირებულებას ამ ქვეყნებში, ამერიკასა და ევროპაში. ეს არის საფინანსო ანი-ბანი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ კაპიტალის დენადობა არის სწრაფი და მობილური თუ იქნება დოლარზე დიდი პროცენტი, დეპოზიტზე, გადადინდება კაპიტალი, თუ იქნება დიდი პროცენტი ევროპაში, გადმოდინდება ევროპაში. მაგრამ მთავარი ის არის, რომ საქართველოში ეს არ ხდება, რადგან ქართული ლარი არის კვაზი-კონვერტირებადი ვალუტა, ამიტომ ეს ჩვენ არ გვაწუხებს და არ დგინდება დეპოზიტზე პროცენტის მიხედვით სავალუტო კურსი. დავუშვათ, რომ ეს ასეა. მაშინ გამოდის, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის მიერ ბანკთაშორის პირველი რეფინანსირების განაკვეთი იყო4%, რაც ჩვენთან ბანკებს აძლევს საშუალებას, რომ ლარში საბანკო დეპოზიტებს დაარიცხონ 7%-მდე, საკმაოდ დიდი პროცენტია, ინფლაცია 1%-ია და თუ კანონი მოქმედებს, ახლა საქართველოში ბუმი უნდა იყოს კაპიტალის შემოდინების და ლარის კურსი უნდა იყოს ბევრად დაბლა. თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ერთიანი ფასის კანონი აქ მოქმედებს და იგივე მრუდი შეგვიძლია განვიხილოთ, რაც rf =rd დოლარსა და ევროს შორის ურთიერთობაში, მაშინ ლარის კურსი უნდა იყოს აბსოლუტურად სხვა და უნდა ექვემდებარებოდეს ამ მრუდის გაყოფას.

მეორე, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სავალუტო კურსის თარგეითირება. მას აქვს თავისი დადებითი მომენტები, რომელიც საშუალებას გვაძლევს ინფლაციის კონტროლის გზით მივაბათ გარკვეული ექსპორტული საქონელი ანალოგიურ მაჩვენებლებს და ღუზა ქვეყნის მაჩვენებელს მივაბათ. ის გვაძლევს საშუალებას ავტომატურად ვაწარმოოთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და სტაბილური გაცვლითი კურსი გვქონდეს, ის არის ძალიან ნათელი და უბრალო, მაგრამ თარგეითირებას აქვს თავისი მინუსი, ის ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვას მონეტარული პოლიტიკის წარმოებაში და თუ ღუზა ქვეყანაში მოხდება რამე შეფერხება, თქვენს ქვეყანას ის ავტომატურად გადმოედება, ანუ ის რაც ჰქონდა შვეიცარულ ფრანკსა და ევროპას და ჩაეხსნა შვეიცარული ფრანკი. გარდა ამისა, ის სავალუტო სპეკულანტებს შეტევისკენ გზას უხსნის და პოლიტიკოსების ანგარიშგებას ასუსტებს სავალუტო კურსის დაცემასთან მიმართებაში. სავალუტო მიბმა ასევე დაკავშირებულია ფიქსირებილ კურსთან და დოლარიზაციასთან, რაც შეიძლება ასევე უარყოფით მაჩვენებლებში ჩაითვალოს.

გავარკვიოთ, ირვინ ფიშერის ფულის მსყიდველობითი უნარიანობის კანონთან (Irving Fisher, the Purchasing Power of Money) დაკავშირებით რომელი მიმართულება გვაკლია. ფიშერმა აღმოაჩინა კავშირი ფულის რაოდენობა M და ერთიან ხარჯებს შორის, ასევე საბოლოო საქონლის შეძენას შორის, სადაც E არის გამოშვება, D შემოსავალი, ერთიანი ხარჯებია P*E. აქ კავშირი M, P, E შორის არის ფულის მასა, ფულის ბრუნვის სიჩქარე (V=P*Y/M, სადაც V არის ფულის ბრუნვის სიჩქარე,Y- რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი,P – მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი, M – ფულის მოცულობა(M2/M3).

მთავარი აქ ის არის, რომ მაგალითად, თუ ჩვენ ნომინალური მშპ გვაქვს 32 მილიონი, სიჩქარე გვაქვს 5, მაშინ 6 ტრილიონი უნდა გვქონდეს ფულის მასა მიმოქცევაში. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში, ირვინ ფიშერი გულისხმობდა ისეთი კომპონენტების არსებობას, ობლიგაციას მოსახლეობის ხელში, რაც ჩვენ არ გვაქვს. ანალოგიურად ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ფულის რაოდენობრივი თეორია, სადაც ასევე გამოყენებულია ფიშერის M კოეფიციენტი, რომელიც ფასთან არის დაკავშირებული და რაოდენობრივი თეორია მივაბათ ფულზე მოთხოვნას, რაც თავისუფალი კურსის ვარდნის ნაწილია. ანალოგიურად ამ თეორიაში ჩვენ გვაქვს ფიშერის მიერ წამოყენებული, რომ ფულზე მოთხოვნა დამოკიდებულია შემოსავლებზე, პროცენტულ განაკვეთზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ფიშერი მივიდა დასკვნამდე, რომ ფულზე მოთხოვნას განაგებს როგორც პროცენტი საბანკო დეპოზიტზე, ასევე ობლიგაციებზე დარიცხული. რატომ არ მოქმედებს რაოდენობრივი თეორია საქართველოში? სწორედ იმიტომ, საქართველოში მოსახლეობის ხელში ობლიგაციები არ არის, არამედ მხოლოდ ბანკების. ქეინზის აზრით, ფულის მასის რაოდენობაზე მოქმედებს დეპოზიტზე და ობლიგაციაზე პროცენტი.

ქეინზის თეორიის გაგრძელებაა ტრანზაქციული მოთხოვნა ფულზე, სადაც იგივე სიტუაციაა. ტობინის მოდელის მიხედვითაც ობლიგაცია უნდა ეჭიროს მოსახლეობას, რომ იყოს საპირწონე საბანკო დეპოზიტის პროცენტისა. ტობინის მოდელის მთავარი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობას დივერსიფიკაციით შეუძლია ფინანსური პორტფელის ლიკვიდურობის გაზრდა და პროცენტის განეიტრალება. აქედან ფული ინახება დეპოზიტზე და ობლიგაციებში. ასევე ტობინის მოდელში კეინსისგან განსხვავებით ჩეკებია წინ წამოწეული, რაც დღეს არათანამედროვე და არამნიშვნელოვანია.

ფრიდმანმა კეინსის საწინააღმდეგოდ გააკეთა ფორმულა Md/P=f(YP,rB-rm,re-rm π-rn) (სადაც, rB – ობლიგაციების მოსალოდნელი შემოსავლიანობა; re – აქციების მოსალოდნელი შემოსავლიანობა; π – ინფლაციის მოსალოდნელი ტემპი). ფრიდმანმა დაამატა მოსალოდნელი შემოსავლიანობა ჩვეულებრივ აქციებზე. ეს აქციები ჩვენთან არ მიმოიქცევა, ასე რომ, ჩვენთან არც ეს კანონი მუშაობს. ეს იქნება მოსალოდნელი ინფლაციის ტემპი, თუ ჩვენ ეს არ გვაქვს, მოსალოდნელ ინფლაციის ტემპსაც როგორ ვანგარიშობთ ძალიან საინტერესოა. კიდევ ერთი მომენტი ფრიდმანის მოდელის მიხედვით, ფულს ვინახავთ ობლიგაციებში, აქციებში და აქტივებში, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასევე არ არის ჩვენთან.
მინდა განვიხილო მოდილიანის მონეტარული პოლიტიკა, სადაც ასევე ღირებულებით ნაწილში მოსალოდნელი ინფლაცია შემოდის, ერთ-ერთი თანამდევი თეორია ტობინთან ერთად არის სიმდიდრის ეფექტი, რაც დაგროვებაზეა ორიენტირებული და ბუნებრივია, იხილავს ობლიგაციებს.
საბოლოო დასკვნა მინდა გავაკეთო ასეთი, რომ ერთი პატარა მოდელის ბაზაზე ჩვენ გავიარეთ, რომ ეკონომიკური კანონები საქართველოში არ მოქმედებს სავალუტო კურსთან დაკავშირებით. მაქვს კითხვა, თუ ჩვენ მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით გაანგარიშებული გვაქვს ინფლაციის 5%-იანი თარგეითი თუ ჩვენ მონეტარულ პოლიტიკას ვავითარებთ და ჩარევას ვაკეთებთ იმის მიხედვით, რასაც მსოფლიოში იყენებენ ის ეკონომისტები, რომლებიც ძირითადად ამერიკის და ევროპის ეკონომიკებს იკვლევენ და იმ რაოდენობას არ იხილავენ რაც საქართველოშია, მაშინ რა კანონები მოქმედებს საქართველოში. სწორედ ამიტომ მე დავყოფდი მსოფლიოს ეკონომიკების მიხედვით: ამერიკის ეკონომიკას ცალკე, რომელსაც სუპერ-ღუზა ეკონომიკას დავარქმევდი, ცალკე იქნებოდა, ევროპის, ე.წ. დიდი შვიდეულის ეკონომიკა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ბაზარს განსაზღვრავს 50 მილიონზე მეტია, ხოლო მშპ ტრილიონზე მეტი, ერთ სულ მოსახლეზე კი 28 ათასზე მეტია და ჰაიტექნოლოგიებში მოწინავენი არიან. ცალკე ტიპი იქნებოდა განვითარებული, მაგრამ პატარა ქვეყნები (მოსახლეობა 50 მილიონს ქვემოთ): ჰოლანდია, ბელგია, პორტუგალია და ა.შ. სადაც თავისუფალი ბაზარი სრულად არის წარმოდგენილი და საბირჟო მექანიზმები ჩართული. ცალკე იქნებოდა დიდი, რესურსებით მდიდარი და განვითარებადი ქვეყნები, ე.წ. ბრიკის ქვეყნები, ჩინეთის გარდა. ცალკე ჩავრთავდი ჩინეთს, ცალკე იქნებოდა მოსახლეობით მდიდარი, მაგრამ განვითარებადი და პრობლემატური, როგორიცაა უკრაინა, სადაც საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბების სტადიაშია, ცალკე იქნებოდა საქართველოს მსგავსი ქვეყნები, სადაც საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბების სტადიაშია, 10 ათასზე ნაკლებია მშპ ერთ სულ მოსახლეზე და ბუნებრივია, მოსახლეობა 50 მილიონზე ბევრად ნაკლებია.

ეკონომისტებს არაერთხელ ჰქონდათ მცდელობა დაახლოებით ასე დაეყოთ ქვეყნები, აი, მაგალითად ვალფუდ ფრიში, რომელიც ინფლაციის სერიოზული მკვლევარია, თავის ნაშრომში ამბობს ამასთან დაკავშირებით. ყველა იმ კანონში, რომელიც ჩამოვთვალე, ერთიანი მოთხოვნა არის უმთავრესი, რომელსაც ქმნის მოსახლეობის რიცხოვნობა, გარდა ამისა, მშპ-ს მოცულობა, რომელიც სურათია და გაჩვენებს როგორია დაგროვება და მნიშვნელოვანი კომპონენტია ტექნიკურ საშუალებებში ინვესტირება, და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თემა – საბაზრო ინსტიტუტების ან სრული არარსებობა ან უმნიშვნელო როლი ეკონომიკაში. მაგალითად, თქვენ თუ ღია ბაზარზე ოპერაციები სრულად არ გაქვთ, სავალუტო კურსის განსაზღვრაში ამერიკულ მეთოდს ვერ გამოიყენებთ.

მეცნიერ-ეკონომისტებმა უნდა გამოიკვლიონ თავისებურებები ქცევებისა ამ ქვეყნებში, ფულის აგრეგატების მიმართება მშპ-სთან, საგადასახადო ტვირთი, ინფლაცია, თარგეითირება, მონეტარული თარგეითირება – ეს ყველაფერი როგორ მუშაობს ამ რაოდენობაში. ის თეორიები რაც გრძელვადიან ან მოკლევადიან პერიოდში ხსნის ვალუტის კურსის ცვლილებას, საქართველოში გავრცელებულია წამყვანი ქვეყნების მაგალითზე და შედეგად, ჩვენ ზუსტი პასუხი არ გვაქვს, რა ხდება ლარის ირგვლივ. საგარეო ფაქტორების ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე არის სერიოზული და არ შეიძლება ის არ განვხილოთ, მაგრამ, ამასთანავე, ქვეყნის შიგნით ორ რამეს სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა – ეს არის მთლიანი მოთხოვნის ზრდის პროვოცირება, თუნდაც კეინსიანური მეთოდებით და მეორე, კვლევა იმისა თუ რა კანონებს ექვემდებარება საქართველოში ლარის კურსი, და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მის გასამყარელად. მსგავსი კვლევები არ ხორციელდებოდა იმიტომ, რომ მსოფლიოს არ აინტერესებს პატარა და ღარიბი ქვეყნები, მაგრამ საქართველოში შეიძლება დადგეს ჟამი იმისა, რომ შეიქმნას პრეცენდენტი მსგავსი მეოთხე ტიპის, მეოთხე იარუსის ქვეყნების თავისებურებების შემსწავლელი ინსტიტუტის შექმნის და დაფინანსების“.

Comments

comments