ემზარ ჯგერენაია – საზოგადოებას კონკურენციის სააგენტოსგან ფუჭი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს

ექსპეტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, კონკურენციის სააგენტოს სხვა დანიშნულება უნდა ჰქონდეს. ორგანომ არა კომპანიების მიერ დაწესებული ფასები, არამედ მსხვილ მომწოდებლებს შორის არსებული, შესაძლო კარტელური შეთანხმებების ნიშნები უნდა დაადგინოს. თუმცა, ამისათვის მას შესაბამისი ბერკეტები უნდა ჰქონდეს, მათ შორის აუცილებელი ბერკეტია, სატლეფონო ზარების ამოღების უფლება, რაც ამ ეტაპზე არ აქვს.

„კანონშია ჩადებული ცოტა რთული მომენტი. როგორ შეიძლება ორგანომ კარტელური შეთანხმებების გამოძიებაზე ილაპარაკოს იმ დროს, როდესაც მას სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის მყისიერად ამოღების შესაძლებლობა არ აქვს. რეალურად, ამის დადგენის ერთ-ერთი მეთოდი სწორედ სატელეფონო საუბრების ამოღებაა. ამ ორგანომ უნდა შეძლოს დასაბუთება, რომ მხარეებმა აღნიშნული ფასების დაწესება მოილაპარაკეს”, – განმარტავს ჯგერენაია.

მისივე თქმით, საზოგადოებას კონკურენციის სააგენტოსგან ფუჭი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს და მას არც ის ფუნქცია დააკისროს, რომელიც არ აქვს.

„ანტიმონოპოლიურმა ორგანომ არ შეიძლება ორ-სამ თვეში ქვეყნის ეკონომიკის დალაგების ფუნქცია შეასრულოს. ერთადერთი, მან უნდა დაასაბუთოს კარტელური შეთანხმება, რომლის დასაბუთებაც საკმაოდ რთულია და ამას დიდი დრო სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესის ხელისშემშლელი და ბიუროკრატიული ორგანო იქნება”, – აცხადებს ჯგერენაია.

იგი განმარტავს, რომ კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბების შემდეგ, მას საზოგადოებისთვის საინტერესო მწვავე საკითხების მოგვარების იმედი არ ჰქონდა. აღნიშნული საკითხების მაგალითად კი მას ფარმაცევტული და ნავთობის ბიზნესი მოჰყავს.

ექსპერტი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კონკურენციის სააგენტოსადმი კრიტიკასაც ეხმაურება. იგი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის კრიტიკა არ ყოფილა პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ ორგანო ცუდად მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა კონკურენციის სააგენტოს მუშაობა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობის ეფექტიანობის შესახებ შეკითხვები ლოგიკურად ჩნდება.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ სააგენტოს პრემიერმინისტრმა ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა, რამდენიმე თვის წინ პირადად დაავალა. საწვავის ბაზართან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს, სააგენტოს კვლევის შედეგები დღემდე არ წარმოუდგენია.

კონკურენციის სააგენტოს ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმაც ისაუბრა და განმარტა, რომ არ შეიძლება, პრემიერმინისტრი კმაყოფილი იყოს იმ სააგენტოს მუშაობით, რომელმაც საწვავის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესასწავლად მიცემული 10-დღიანი ვადა 3 თვედ გადათარგმნა და საზოგადოებისთვის ინფორმაცია ჯერაც არ წარუდგენია. იგი პრეზიდენტ მარგველაშვილის საკითხით დაინტერესებას, სწორედ ამ მიზეზით ხსნის.

აბაშიშვილის განცხადებას კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ბარაბაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხზე პრემიერმინისტრს შუალედური ანგარიში 10 დღის ვადაში წარედგინა. რაც შეეხება საბოლოო დასკვნას, როგორც გიორგი ბარაბაძემ განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია ნავთობპროდუქტების საკმაოდ დიდი მოცულობის ბაზარზე, მოკვლევას დრო სჭირდება.

“ძალიან მკაფიოდ მინდა ბრალდებებს გავცე პასუხი – მთავრობის მეთაურმა კონკურენციის სააგენტოს მისცა 10-დღიანი ვადა იმისათვის, რომ მომხდარიყო ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული სიტუაციის შესასწავლად გაწეულ საქმიანობაზე შუალედური ანგარიშის და არა საბოლოო დასკვნის წარდგენა – მათ შორის ძალიან დიდი სხვაობაა. კანონმდებლობა კონკურენციის სააგენტოს საკითხის მოკვლევისთვის 3-დან 10 თვემდე ვადას უწესებს, მით უმეტეს, როცა საუბარია ნავთობპროდუქტების საკმაოდ დიდი მოცულობის ბაზარზე.

ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, შეიძლება თამამად ითქვას, რომ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობისაა – საუბარია 50 ტომზე. ალბათ, ბატონ გიორგი აბაშიშვილს 10 დღის ვადაში 15 ათასი გვერდის გადაფურცვლაც კი გაუჭირდება, არა თუ შესწავლა და გარკვეული დასკვნის დადება”, – განაცხადა გიორგი ბარაბაძემ.

ავტორ(ებ)ი : მარიამ გეგეჭკორი

წყარო: www.commersant.ge

Comments

comments