ემზარ ჯგერენაია: ჩინეთი ცდილობს, სამყაროს ახალ ფინანსურ ჰეგემონად მოევლინოს

ეკონომიკის ექსპერტი, თსუ-ის პროფესორი ემზარ ჯგერენაია ახალ მსოფლიო საფინანსო სქემებზე საუბრობს და სვამს კითხვას, სად იქნება საქართველოს ადგილი ამ ახალ სქემაში?

ჩინეთ-აშშ-ის ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის. აშშ-ს ცენტრალურმა მეკავშირემ – ინგლისმა უღალატა.

1944 წელს ბრეტონ-ვუდსის საკურორტო ქალაქში შექმნილი მსოფლიო ფინანსების მართვის პარადიგმა უნდა შეიცვალოს. ბრეტონ-ვუდსის ინსტიტუტები: საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფენ აშშ-ის ჰეგემონიას მსოფლიო ფინანსებზე მის მოკავშირებთან ერთად. გაცხადდა, რომ 1973 წლიდან ეს სისტემა გარდაიცვალა, შეიცვალა და იამაიკის კონფერენციამ ახალ სისიტემას – ვალუტის თავისუფალ მცოცავ კურსს დაუდო საფუძველი და ოფიციალურად გაცხადდა, რომ ბრეტონ-ვუდსის სისტემამ კარახი განიცადა. ეს მართალი იყო სავალუტო კურსის მიმართ, მაგრამ იმ ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც ამ სისტემამ გააჩინა – არასწორია. ისინი დარჩნენ და განაგებენ მსოფლიოს.

ჯოზეფ სტიგლიცმა მთელი 500-გვერდიანი ნაშრომა მიუძღვნა სავალუტო ფონდის შეცდომებს და მისი რეფორმირების საკითხს, მაგრამ არაფერი შეიცვალა იმის გარდა, რომ სტიგლიცი გააძევეს მსოფლიო ბანკიდან.

2008 წლის ფინანსური კრიზისი ძრითადად აშშ-ის ბანკებს დაბრალდა და კრიზისიდან რამდენიმე წლის შემდეგ უფრო მკვახედ დადგა სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის რეფორმირების საკითხი. ბრიკის ქვეყნები, განსაკუთრებით – ჩინეთი გააქტიურდა და მან მოითხოვა მმართველობის შეცვლა სავალუტო ფონდში და მსოფლიო ბანკში. თუმცა შეერთებულმა შტატებმა არ დათმო პოზიციები და აი, 2014 წლის ბოლოსკენ ჩინეთმა დააანონსა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების აზიური ბანკის შექმნის შესახებ (50-მილიარდიანი კაპიტალით), სადაც ხმების რაოდენობა გადანაწილდება ეკონომიკის მოცულობის მიხედვით. ანუ ამ ბანკის ხმების 66-67% ჩინეთს მიეკუთვნება.

აზიის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის შემდგომ, ეს ჩინური ექსპანსიის დიდი იარაღი იქნება.

შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა თავისი სტრატეგიული აზიური მოკავშირეები: კორეა, იაპონია, ავსტრალია – არ გარეულიყვნენ ამ საქმეში. მაგრამ მას ყველაზე დიდმა სტრატეგიულმა პარტნიორმა – ინგლისმა უღალატა და ხელი მოაწერა განაცხადს წევრობაზე.

მეორე მხრივ, ახლა ინგლისში არჩევნებია, ის ფორმალურად გუშინ დაიწყო და კამერონი თვით ეშმაკთან დაამყარებს კავშირს გამარჯვებისათვის, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე მხოლოდ არჩევნებში არ არის, არამედ თეზაში – ყველას უნდა ჩინეთთან მეგობრობა!

მათ შორის, საქართველოს! საქართველოც ფიქრობს ამ ბანკის წევრობაზე. რას მოუტანს მსოფლიოს ახალი საფინანსო სისტემა? თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთმა შექმნა: “სვიფტის” მსგავსი საკუთარი საანგარიშსწორებო სისტემა, რომელიც სექტემბერში ამუშავდება; სარეიტინგო სააგენტოები და იუანი გახადა ერთ-ერთი სერიოზული საერთაშორისო ანგარიშსწორების ვალუტა (მე-13-ე ადგილზეა), ჩინეთი აშკარად ემზადება გახდეს სიმძიმის მეორე ცენტრი მსოფლიოში და სამყაროს ახალ ჰეგემონად მოევლინოს.

როგორი იქნება ის? არადემოკრატიული ჰეგემონი? სად იქნება საქართველო ამ ახალ სქემაში?

წყარო: www.geotimes.ge

Comments

comments